ხვეული თმა მუდამ მოვლილი და მოწესრიგებული რომ გქონდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ მარტივი წესები, რაც დაგეხმარებათ საკუთარი ვიზუალი კიდევ უფრო გამოკვეთოთ და გაალამაზოთ.
პირველ რიგში, თმა აუცილებლად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნით დაიბანეთ. სასურველია, ის შეიცავდეს ჟოჟობას ზეთს, გამამელისს, ქოქოსის ზეთს, ღიღილოს ყვავილის ექსტრაქტს. ასევე, გამოიყენეთ მხოლოდ ხვეული თმისთვის რეკომენდებული ბალზამები და კონდენციონერები, რადგან ის შესანიშნავად არბილებს თმას, აიოლებს მის დავარცხნას და გაშრობის შემდეგ, უხეში და „გაპუწული“ კულულების ნაცვლად, იღებთ ბუნებრივად დახვეულ, რბილ და დამყოლ თმას.
ხვეული თმა ნელ-თბილი წყლით უნდა დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს თავის კანს, არღვევს თმის სტრუქტურას და შესაძლოა, ქერტლი, თმის გახუნება და მტვრევადობა გამოიწვიოს. დაბანის შემდეგ კი თმა პირსახოცით დიდხანს არ შეიფუთოთ და არც თმის საშრობი გამოიყენოთ. კარგია კულულა თმის ბუნებრივად გაშრობა. ხვეული თმა, მხოლოდ დაბანის წინ დაივარცხნეთ. ამისთვის კი ფართოკბილებიანი და ანტისტატიკური სავარცხელი გამოიყენეთ.
კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ თავის კანის მასაჟი მცენარეული ზეთით. ამისთვის კარგია ქოქოსის, ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთები. ეს აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევასა და თმის ბოლქვების კვებას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას, სირბილესა და ელასტიკურობას.
კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ხვეული თმისთვის ეფექტური ნიღბები, რომელსაც თავად მოამზადებთ სახლის პირობებში.
თმის დამარბილებელი ნიღაბი
შეათბეთ კეფირი და თმაზე სქელ ფენად შეიზილეთ. მოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან – პირსახოცი და გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ მოიხსენით პარკი და თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამომშრალი თმის ნიღაბი
5 ჩაის კოვზ ქაცვის ზეთში აურიეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმის ძირებსა და თავის კანზე, თავი პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით შეიფუთეთ, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში. შემდეგ თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.
ბანანისა და მაიონეზის ნიღაბი
1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი მაიონეზი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე შეიზილეთ. შემდეგ თავი პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ. 30 წუთის შემდეგ კი ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.
გლიცერინის, აბუსალათინის ზეთის, ძმრისა და კვერცხის ნიღაბი
1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 კვერცხი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ და 40 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ, ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.
თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 100 გრამი ნატურალური თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათი გაიჩერეთ და შემდეგ თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სხვა სიახლეები