აზიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არტბაზრობაზე — Art Basel Hong Kong-ზე — დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო უჩვეულო მონაწილემ: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ავტონომიურმა არტაგენტმა, სახელად Botto-მ.
კამერებით აღჭურვილი სისტემა რეალურ დროში აკვირდებოდა ვიზიტორებს, აანალიზებდა მათ ემოციებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ახალ ციფრულ ნამუშევრებს ქმნიდა. ამავე დროს, მისი მუშაობის პრინციპი სრულად გამჭვირვალე არ არის და რიგ შემთხვევებში თავად შემქმნელებისთვისაც ბოლომდე არ არის განმარტებული, როგორ იღებს სისტემა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
ალგორითმი ყოველ რამდენიმე წუთში შემთხვევითად ირჩევდა ერთ ადამიანს, აღიქვამდა მის სახის გამომეტყველებას — სიხარულს, მოწყენილობას ან დაბნეულობას — და ამ ემოციურ სიგნალებზე დაყრდნობით ქმნიდა ვირტუალურ პერსონაჟს. შემდეგ სისტემა ამ სახესთან შიდა „დიალოგს“ წარმართავდა, რის შედეგადაც სიურეალისტური ციფრული ნამუშევარი იქმნებოდა.
ორსაათიანი გენერაციული ციკლის დასრულების შემდეგ შეირჩა 20 საბოლოო ვიდეონამუშევარი, რომლებიც კოლექციონერებს 12 ათასი დოლარიდან შესთავაზეს.
პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, გერმანელი მხატვარი მარიო კლინგემანი, ირონიით აღნიშნავს, რომ მისი როლი მხოლოდ ის არის, „სისტემას ვირტუალურად ხელი ჩაჰკიდოს“ და დააკვირდეს, რომ იგი დასაშვებ ჩარჩოებს არ გასცდეს.
2021 წლიდან Botto ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროექტად ყალიბდება. მისი ალგორითმი ყოველ კვირას ასობით გამოსახულებას ქმნის, შემდეგ კი ეს ნამუშევრები BottoDAO-ს — დეცენტრალიზებული მომხმარებლების ქსელს — განსახილველად გადაეცემა.
საზოგადოების წევრები ნამუშევრების მხატვრულ ხარისხს აფასებენ და საუკეთესოებს ხმის მიცემით არჩევენ, რითაც ერთგვარად კოლექტიურ გემოვნებას აყალიბებენ.
კვირის გამარჯვებული ნამუშევარი შემდეგ NFT-აუქციონზე, პლატფორმა SuperRare-ზე გადის, მიღებული შემოსავალი კი ნაწილდება როგორც მონაწილეებს შორის, ისე პროექტის შიდა ფონდში, რომელიც Botto-ს შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის კომერციული წარმატება უკვე გასცდა მხოლოდ ციფრულ სივრცეს. 2024 წელს Sotheby’s-მა ალგორითმის მიერ შექმნილი ექვსი ნამუშევარი 350 ათას დოლარზე მეტად გაყიდა.
პროექტის დაწყებიდან დღემდე Botto-მ უკვე 6 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მაგალითად მიიჩნევა იმ დისკუსიაში, რომელიც ხელოვნების მომავალს ეხება.