ხელის კოცნა თანხმობის გარეშე — ესპანეთში სექსუალურ ძალადობად აღიარეს

ესპანეთში სასამართლო პრაქტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა — ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალის ხელზე კოცნა მისი თანხმობის გარეშე შეიძლება სექსუალურ ძალადობად შეფასდეს.

საქმე 2023 წელს, მადრიდში მომხდარ ინციდენტს ეხება. სასამართლოს მასალების მიხედვით, მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე ქალს მიუახლოვდა, ხელი აკოცა და ჟესტებით მასთან ერთად წასვლა შესთავაზა, სანაცვლოდ კი ფულიც შესთავაზა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 1620 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოგვიანებით მადრიდის პროვინციის სასამართლომაც ძალაში დატოვა, თუმცა დაცვის მხარე საქმის გადახედვას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ქმედებაში ძალადობის ან იძულების ნიშნები არ იკვეთებოდა.

ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ შემთხვევა დღისით, საჯარო სივრცეში მოხდა და პოლიციის განყოფილების სიახლოვეს განვითარდა, რაც, მათი აზრით, ზეწოლის ან დაშინების ფაქტორს გამორიცხავდა. მათი პოზიციით, აღნიშნული ქმედება შესაძლოა დისკომფორტს იწვევდა, თუმცა ვერ აღწევდა სექსუალური თავისუფლების დარღვევის დონეს.

მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ განსხვავებული შეფასება გააკეთა — გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქმედებას ჰქონდა სექსუალური ქვეტექსტი და ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც ხდება თანხმობის გარეშე, უკვე საკმარის საფუძველს წარმოადგენს სექსუალურ ძალადობად კლასიფიკაციისთვის.

სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ არც ადგილი და არც გარემოება ვერ ამართლებს ასეთ ქმედებას — პირადი ხელშეუხებლობა ნებისმიერ ვითარებაში დაცულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები