“ხედავენ” თუ არა ძაღლები და კატები ტელევიზორს

რას აღიქვამენ შინაური ცხოველები ეკრანზე

ბევრ პატრონს ერთხელ მაინც შეუნიშნავს, თუ როგორ აკვირდება ძაღლი ან კატა ტელევიზორის ეკრანს, როგორ უცქერს, ყეფს, კნავის ან ეკრანზე მოძრავ ობიექტებს „დასდევს“. კითხვა ბუნებრივად ჩნდება — რეალურად “ხედავენ” თუ არა შინაური ცხოველები ტელევიზორს და ესმით თუ არა, რას უყურებენ.

სპეციალისტების განმარტებით, ძაღლებიც და კატებიც ეკრანს ნამდვილად აღიქვამენ, თუმცა სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ადამიანი. მათთვის ტელევიზორი არ ასახავს სიუჟეტს, ფილმს ან ამბავს — ეს პირველ რიგში მოძრაობის, სინათლისა და ხმების წყაროა.

ძაღლები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მოძრაობისა და ხმების მიმართ, თუკი ისინი თანამედროვე ტელევიზორს “უყურებენ”, სადაც გამოსახულება მაღალი სიხშირით იცვლება – აქ მათ უკვე შეუძლიათ მოძრავი ობიექტების გარჩევა. სწორედ ამიტომ ბევრი ძაღლი რეაგირებს ეკრანზე ნაჩვენებ სხვა ცხოველებზე, მანქანებსა და ხმაურზე. თუმცა ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს გამოსახულება რეალური სივრცის ნაწილი არ არის.

კატებისთვის ეკრანი კიდევ უფრო „მიმზიდველი“ შეიძლება იყოს. სწრაფად მოძრავი პატარა ობიექტები — ფრინველები, თაგვები, ნათელი წერტილები — მათ სანადირო ინსტინქტს აღვიძებს. ეკრანზე ხელის წარტყმა ან „დაჭერის“ მცდელობა სწორედ ამ რეაქციის შედეგია და არა იმის ნიშანი, რომ კატა ტელევიზორს ცნობიერად უყურებს.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ცხოველები ვერ აღიქვამენ ეკრანს როგორც რეალობის ანარეკლს. მათთვის ტელევიზორი არის ვიზუალური და ხმოვანი ნივთი, რომელიც შეიძლება იწვევდეს ინტერესს, აღგზნებას, შიშს ან თამაშის სურვილს.

რატომ უყურებს ზოგი ძაღლი ან კატა ტელევიზორს დიდი ინტერესით, ზოგი კი საერთოდ არ რეაგირებს? ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ ხასიათზე, სენსორულ მგრძნობელობაზე და გამოცდილებაზე.

შედეგად, პასუხი ასეთია: ძაღლიც და კატაც ტელევიზორის ეკრანს ხედავენ და მასზე რეაგირებენ, თუმცა ეს „ყურება“ ადამიანის გაგებით არ არის — მათთვის ეს უბრალოდ მოძრავი სამყაროს იმიტაციაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები