“ხალხი, ალბათ, ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის”

შობის ღამეს, სამების საკათედრო ტაძარში თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შვილთან მარიამ როინიშვილსა და შვილიშვილ ელენესთან ერთად შესრულებულმა “ალილომ” საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგეხსენებათ, მომღერალმა გასულ წელს მეუღლესთან, გია როინიშვილთან წლების წინ გაწყევტილი ურთიერთობა აღადგინა. როგორ გაატარა მომღერალმა შობა-ახალი წელი, ამაზე ყველასთვის საყვარელი მომღერალი გვესაუბრება.

– საზოგადოება ძალიან გაახარა თქვენს პირად ცხოვრებაში დაბრუნებულმა ჰარმონიამ… ამდენი წლების შემდეგ შობას და ახალ წელს ერთად შეხვდით თქვენ და თქვენი მეუღლე?

– ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის… ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ მე და გია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ძალიან ნორმალური და დახვეწილია. რაც შეეხება შობას, ძალიან უცნაურად შევხვდით: სამების ტაძარში ვიგალობეთ მე, მარიამმა და ელენემ… ყოველთვის წესად მაქვს, რომ ოჯახში უნდა შევხვდე შობასაც და ახალ

წელსაც! ამიტომ ტაძარში როგორც კი ვიგალობეთ და ეპისტოლეს კითხვა დაიწყეს, ჩვენ სასწრაფოდ გამოვიქეცით, ეპისტოლეს მანქანაში რადიოში ვისმენდით და ვჩქარობდით შობის დადგომამდე სახლამდე მიგვესწრო.
12 საათს ზუსტად 3 წუთი აკლდა სახლში რომ მოვედით, დედას 7 სანთელი და საშობაო სუფრა გამზადებული ჰქონდა და ძალიან გახარებულებმა ჩვენს ოჯახში ვიზეიმეთ შობის შემობრძანება. ღვთისმშობლის ვედრება, ლოცვა ეს ყველაფერი სახლში სულ სხვა ეშხით მიდის და სულ სხვა მადლი აქვს…

– ანუ მთელი ოჯახი ერთად შეხვდით ბატონი გიას თამადობით?

– არა… ჩემთან სახლში იყო მარიამი და გიასთან ჩვენი ვაჟი – კოკო თავის ოჯახით. გიასაც არ უყვარს თავის სახლის კარის გამოკეტვა. ეს იყო მიზეზი, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი გაიყო. შემდეგ ყველამ ერთად ვიზეიმეთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მაგრამ შობის დადგომა ჩვენს სახლებში აღვნიშნეთ. ზუსტად ასევე ანალოგიურად ვიზეიმეთ ახალი წელი. საახლწლო კონცერტში ვიღებდით მონაწილეობას მე და მარიამი და ვინაიდან სახლში მეკვლე ყოველთვის მე ვარ, წელსაც, რასაკვირველია, ეს ტრადიცია არ დარღვეულა. ჯერ მეკვლეობის რიტუალი ჩავატარე და შემდეგ წავედი საახალწლო კონცერტზე სამღერად… გია ჩვენს სახლში მოდის ხოლმე და მე მის სახლში, უკვე დიდი ხანია ეს პრობლემა აღარ დგას ჩვენს შორის.
კიდევ ერთხელ ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მე და ჩემს ოჯახს გვგულშემატკივრობდა. განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცავ მათ შობა-ახალ წელს!
 

– როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ თქვენ და ბატონ გიას?

– არანაირ სამომავლო გეგმებზე არ ვსაუბრობთ… მე უკვე მივხვდი, რომ წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ ღირს! რასაც ცხოვრება მოიტანს, ისე მოვიქცევი…
საუბრის დასასრულს ჩემს ქვეყანას მშვიდობას ვუსურვებ! პირველ რიგში ხალხში ერთმანეთის სიყვარულის აღიარებას. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ არ გამოვხატავთ და ამიტომ ვისჯებით. შედეგად ამდენი დაპირისპირება გვაქვს! სიყვარულის აღიარება როგორც პატარა ოჯახებში უნდა მოხდეს, ისე დიდ ოჯახში – მთელ ქვეყანაში. მინდა, ჩვენი ოჯახის მსგავსად მოხდეს ქვეყანაში შერიგება და სიყვარულის დაბრუნება! დაე, სიყვარულმა გაგვაერთიანოს და გადაგვარჩინოს!
წყარო: www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები