“ჭიებს შეუძლიათ შეაღწიონ ადამიანის ფილტვშიც, ტვინშიც, გულშიც და ღვიძლშიც” – პარაზიტოლოგი ჭიების სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე

ჭიებით დასნებოვნებასთან და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით, არაერთი მითი და არასწორი შეხედულებაა გავრცელებული. ამ თემაზე მედიცინის დოქტორმა, პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა.
სიმპტომები
ჭიპის ირგვლივ მუცლის ტკივილი 3-12 წლის ასაკში უხშირესად გამოწვეულია ნაწლავური ჰელმინთებით. ჭიებით ან პარაზიტებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს აქვს ერთი ძალიან სპეციფიური ნიშანი – მას არ უნდა ერთვოდეს სხვა სიმპტომი, როგორიცაა დიარეა, ღებინება, ტემპერატურა. თუ მუცლის ტკივილი ასოცირებულია პარაზიტებთან, მითუმეტეს ჭიებთან, ახასიათებს მოვლითი ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ჭიპის ირგვლივ ან სხვა მიდამოში. ბავშვთა ასაკში ეს ტკივილი შეიძლება საკმაოდ ძლიერი
იყოს. მწვავე მუცლის იმიტაციით საავადნყოფოშიც კი ხვდებიან. მაგალითად, ქირურგიული პათოლოგიით გამოწვეულ მუცლის ტკივილს სხვა სიმპტომებიც ემატება, მათ შორის ცვლილებები ლაბორატორიულ მონაცემებშიც. ჭიებით გამოწვეული მუცლის ტკივილი კი ძირითადად იზოლირებულია, ანუ სხვა სიმპტომები არ ახლავს.
იმის მიხედვით თუ რომელი ჰელმინთთან გვაქვს საქმე, შეიძლება დაემატოს სხვა სიმპტომიც. მაგალითად ენტერობიოზის დროს, რომელიც ყველაზე ხშირად დიაგნისტირებადი მახვილა თეთრი ჭიაა, შეიძლება გამოხატული იყოს ანუსის მიდამოში ქავილი, ქავილის გამო ნაკაწრები და მეორადად ბაქტერიოლოგიური ინფექციები.
შეუძლიათ თუ არა ჭიებს თავის ტვინში შეღწევა
ადამიანის სხეულში დაახლოებით 200-მდე პარაზიტს შეუძლია დაავადების გამოწვევა. მათი მოხვედრა ჩვენი სხეულის ნებისმიერ ქსოვილსა და ორგანოში შესაძლებელია, მათ შორის თავის ტვინში, ფილტვში, გულში, თირკმელში, ღვიძლში და ნაწლავებში. თუმცა
ყველა პარაზიტს არ შეუძლია ყველა ორგანოში მოხვედრა. თავის ტვინში შეიძლება იყოს ექინოკოკი, ღორის სოლიტერის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც თავის ტვინში მოხვედრის შედეგად გულყრებსა და კრუნჩხვებს იწვევს და კიდევ რამდენიმე პარაზიტი, რომლებსაც ძალიან მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის.
ჭიების მკურნალობა პროფილაქტიკურად და წამლების გამეორება
რაც შეეხება სამკურნალო საშუალებებს. გვახსოვდეს, რომ ჭიები ბევრნაირი არსებობს და თვითნებურად სამკურნალო საშუალების არჩევა, სააფთიაქო იქნება ეს თუ ხალხური, სწორი არ არის. მეც ხშირად მეკითხებიან, როდის გავიმეორო მკურნალობა? ამის რეკომენდაციას არასოდეს ვაძლევ. ეს ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება ორი წელი არ დასჭირდეს ან სამ თვეში გაჩნდეს პრობლემა. ყველა ანტიჰელმინთური საშუალება, რომელსაც ექიმები ვიყენებთ, მტ-ნაკლებად ტოქსიკურია. ანუ მათი მიცემა გამოკვლევების და ექიმის დანიშნულების გარეშე უსაფრთხო არ არის.
ხალხური საშიუალებებიდან ძირითადად იყენებენ ნიორსა და გოგრის თესლს. უცნობია, რომელი პარაზიტის წინააღმდეგ მოქმედებენ ისინი, ან რა დოზით და რა ინტენსივობით უნდა მივიღოთ. არც ის ვიცით, ეფექტურია თუ არა, საამისო კვლევები არ არსებობს.
კბილების კრაჭუნი
საბოლოოდ დამტკიცებულია, რომ კბილების კრაჭუნი არ არის ჭიებთან ასოცირებული სიმპტომი. ეს საღეჭი კუნთების სპაზმური შეკუმშვაა, რომელიც ძირითადად ღამის საათებში ვითარდება. ამ დროს კბილი კბილს ედება და გამოცემა ხმა. ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა დადასტურებულია, რომ არ არის კავშირში ჭიებთან. ძირითადად უკავშირდება ძილის რეჟიმების დარღვევას. არ ითვლება პათოლოგიად და დაახლოებით, 10-12 წლის ასკისთვის გაივლის. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისებია, რომელიც ასაკშიც რჩება. კბილების კრაჭუნის გამო ნუ მიმართავთ ექიმს ჰელმინთოზის გამოსავლენად.
თმის ცვენა და ფრჩხილების ტყდომა-დათხელება
პარაზიტი თავისთავად გულისხმობს, რომ ის ჩვენი სხეულის საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით იკვებება. იმის მიხედვით, თუ პარაზიტმა რომელი ნივთიერების დეფიციტი გამოიწვია, შესაძლოა გამოვლინდეს თმის ცვენაც და ფრჩხილების დაზიანებაც.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები