ჭაბუკა ჭიღლაძე – 24 წლის ათლეტი და ჯარისკაცი (ფოტოკოლაჟი)

უამრავი ტურნირის გამარჯვებული, ” Strongman “- სა და ძალისმიერ სამჭიდში. მისი მიღწევებისა და სპორტის აღნიშნული სახეობის შესახებ ჭაბუკა ჭიღლაძე “კვირა +” -ს ესაუბრა.

“საშეჯიბრო წონა 130-დან 140 კილოგრამამდე. დავიბადე თბილისში, დავამთავრე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ძალისმიერი სპორტით დავინტერესდი 15 წლიდან და დღემდე ჩართული ვარ აქტიურ სპორტში. ბევრი ძალისმიერი სპორტი არსებობს, მაგრამ მე ყოველთვის სირთულეები და ცხოვრებისეული გამოწვევები მიზიდავდა, ამიტომაც ყველაზე მეტად ” Strongman ” -მა გამიტაცა, ყველაზე ექსტრემალური, ბრუტალური და რთული სპორტის სახეობაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ” Strongman “- ი ძალისმიერი სპორტის მეფეა.

მიუხედავად იმისა, რომ გაბარიტები ხელს არ მიწყობდა, ამ სპორტულ სირთულეს მაინც შევეჭიდე და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე. მიხარია, რომ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვინც საქართველოში სპორტის ამ სახეობის საფუძველი და ფუნდამენტი გახდა. იმედი მაქვს, მომავალ თაობებს საკმარის მაგალითს მივცემ იმისთვის, რომ ამ სპორტს საქართველოში უკეთესი მომავალი ჰქონდეს.

STRONGMAN CHALLENGE -ის ყველა ეტაპზე ვარ ნამყოფი, ბევრ არაოფიციალურ, კომერციულ შეჯიბრზეც. შემიძლია ვთქვა, რომ საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა, ვიცი, რასაც ნიშნავს სპორტის ეს სახეობა. 

ხელისშემშლელი პირობები ძალიან ბევრია. ყოფილა მომენტები, როდესაც ნაკრების დარბაზი მზად არ იყო და სხვა დარბაზში აბონემენტის შეძენა მოუთხოვიათ. როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ხშირად არჩევანის გაკეთება მიწევდა, ან საჭმელის შეძენა უნდა ამერჩია ან ტრანსპორტის საფასურის გადახდა, რომ სპორტულ დარბაზამდე მივსულიყავი. დახეული ეკიპირებით ან საერთოდ, ეკიპირების გარეშე წავსულვარ შეჯიბრზე, კარგი პირობებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, ხელს ბევრი რამ მიშლიდა და დღესაც ბევრია ხელშემშლელი ფაქტორი, მაგრამ სპორტზე უარი არასდროს მითქვამს და არაც არასდროს ვიტყვი.

ყველაფრის მიუხედავად, არიან კომპანიები და ადამიანები, რომელთაც მოსწონთ და აფასებენ ძალისმიერ სპორტს, მაგალითად, ამ ეტაპზე, საკვები დანამატებით მეხმარება vitamin.ge. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერიდები ხოლმე ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ჯარისკაცი. ბევრი ტიტული მაქვს მოპოვებული და ბევრჯერ ვმდგარვარ კვარცხლბეკზე, მაგრამ ყველაზე დიდი ტიტული ჩემთვის მაინც ის არის, რომ ქართველი ჯარისკაცი მქვია. რთულია ემსახურო სამშობლოს, როგორც ჯარისკაცი და ამავე დროს, როგორც სპორტსმენი, მაგრამ ვცდილობ, რომ ორივე ერთმანეთს შევუთავსო. ის ვალი, რაც მაქვს ქვეყნის წინაშე, მინდა ღირსეულად მოვიხადო და მხედრული ფიცი ღირსეულად შევასრულო”, – აღნიშნავს ჭაბუკა ჭიღლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები