თანამედროვე, არა უკვე მხოლოდ გლობალიზაციის, არამედ სუპერგლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ბევრ ტრადიციულ ღირებულებას თვალსა და ხელს შუა ეკარგება ფასი და სადაც თითქმის ყველაფერი დასაშვები ხდება, აუცილებლად კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა საფრთხეები შეიძლება გველოდოს წინ.
სახელმწიფოს უპირველესი ბურჯი ოჯახია და ამ ინსტიტუტისთვის საძირკვლის მორყევა თავდაყირა დააყენებს ქვეყნის მომავალს. არადა ამ ე.წ. გეიაღლუმების დაკანონებიდან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე საკმაოდ მცირე მანძილიღა რჩება.
დასაფიქრებლად მათთვის, ვისაც მეტისმეტად “ლიბერალური” დასავლური ღირებულებების ქართულ სინამდვილეში პირდაპირი გზით შემოტანა და დამკვიდრება უნდა.
სტატისტიკური მონაცემებით, რაც ერთ-ერთ თავის წერილში ნეოკონსერვატიზმის მამად წოდებულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ირვინ ქრისთოლმა გამოიყენა, ისეთ ამერიკულ ოჯახებში, სადაც დედაცაა წარმოდგენილი და მამაც, თინეიჯერულ ასაკში გოგოების დაფეხმძიმების მაჩვენებელი 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ისეთებში, სადაც მამა არ ფიგურირებს. თუმცა ბოლომდე არაა გამოკვლეული, თუ რატომაა ეს ასე, მაინც მიიჩნევა, რომ მამის ფაქტორი, მისი მდედრობითი სქესის შვილთან თუ შვილებთან პირისპირ საუბარი და აღმზრდელობითი მიდგომა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გადამწყვეტი უნდა იყოს.
ამავე დროს, იმავე სტატისტიკით, ისეთ ოჯახებში, სადაც დედაცაა წარმოდგენილი და მამაც, ბავშვები უკეთესად სწავლობენ, სკოლიდან ნაკლებად ირიცხებიან, შეურაცხყოფის მსხვერპლნიც ნაკლებად ხდებიან და დანაშაულსაც ნაკლებად სჩადიან.
შეიძლება ეს დიდი აღმოჩენა არც იყოს მკითხველისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ ჩემგან ნახსენები ირვინ ქრისთოლი თავის 1994 წელს დაწერილ წერილში – “ცხოვრება მამის გარეშე” – არამედ ამერიკის საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ყოველთვის ხაზს უსვამდა მამის განსაკუთრებულ როლს ოჯახში (დედის შეუნაცვლებელ როლზე აღარაფერს ვამბობთ) და ამის ნიშნად გავლენიანმა გამოცემამ “ნიუსვიქმა” 1994 წელი ამერიკაში მამის წლადაც კი გამოაცხადა, ყურადსაღებია ისეთი მცირე და დიდი ფასეულობებისა და კულტურის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.
ჩვენ თუკი ერთხელ აგვიცდა ფეხი ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე და თუკი დავუშვით ოჯახის უწმინდესი მცნების შერყვნა არაღვთისმიერი მოდელის, ერთსქესიანთა ქორწინების შედეგად შექმნილი ოჯახისა და შვილად აყვანის დაკანონების სახით, მაშინ საბოლოოდ დაესმება წერტილი ჯანსაღი ქართული სახელმწიფოს (რომლის ნიშნებიც ასე ბჟუტავს) მომავალს. აქ კეკლუცობა და დასავლეთისთვის ე.წ. ენის მოჩლექვა კისრის მოტეხვას ნიშნავს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ, ქართველები, თავად, სხვების მოთხოვნისა და კარნახის გარეშე ვიჩენთ მონურ დამოკიდებულებასა და ხბოს აღტაცებას ყველაფერ იმისადმი, რაც დასავლეთის საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში არა თუ რაიმე აღფრთოვანებას, პირიქით, გაკიცხვასაც კი იმსახურებს. ხშირად ჩვენთან დასავლეთი და ამერიკა ყბადაღებულად მოიხსენიება და არანაირი ანალიზი არ კეთდება ევროპისა, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი ეროვნული ერთეულია, და ამერიკის ისტორიისა და მათი ნამდვილი ღირებულებების თაობაზე. მათ ვისაც ამერიკის დღევანდელი ყოფის პირდაპირ საქართველოში გადმოტანა სურს, დაფიქრებულა კი, რა გზა განვლო ამ ახალგაზრდა ერმა, როგორ წარმოიქმნა ის, რამდენი დრო მოანდომა და რის ფასად შეძლო, მართლაცდა, ჭეშმარიტი დემოკრატიისა და თავისუფალი იდეების ხორცშესხმას არა მხოლოდ ამერიკულ კონტინენტზე, არამედ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში? (ამ კარგის და დადებითის მისგან გადმოღების წინააღმდეგი ნამდვილად არ უნდა ვიყოთ). თუმცა კი ამერიკული თავისუფლებისა და დემოკრატიის განვრცობისას ყოველთვის ამერიკის ეროვნული ინტერესი ყოფილა განმსაზღვრელი ფაქტორი.
მართალია, ირვინ ქრისთოლის ზემოთ ნახსენები წერილის გამოქვეყნებიდან 19 წლის თავზე მთელი მსოფლიოც და მათ შორის ამერიკაც საკმაოდ შეიცვალა და შეიცვალა ის პირვანდელი ნეოკონსერვატიული მიმდინარეობაც, რომლის სათავეშიც ქრისთოლი და მისი თანამოაზრეები 1960-70-იან წლებში სწორედ რომ ლიბერალიზმისაგან იმედგაცრუების გამო აღმოჩნდნენ. მართალია, თავად ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მგზნებარე მიმდევარმა ბილ კლინტონმა, რომელიც პრეზიდენტობისას მტკიცე, ტრადიციული ამერიკული ოჯახების მხარდამჭერად გამოდიოდა, აგერ ცოტა ხნის წინათ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 1996 წელს ქორწინების დაცვით აქტს მოაწერა ხელი და ამჯერად ამბობს, რომ კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების ფედერალური მთავრობის დონეზე აღიარებას კრძალავს, უმაღლესი სასამართლოს მიერ უნდა გაუქმდეს, რაც ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას ნიშნავს.
“ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ და სამოქალაქო უფლებების შესახებ ბევრი ჩვენი გადაწყვეტილება შესაძლოა, გამოუცდელობის ბრალიც იყოს. ჯერ კიდევ წინ გველოდება საუკუნოვანი თარიღის ზეიმი კონსტიტუციაში შეტანილი იმ მე-19 შესწორებისა, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა. საკონსტიტუციო აკრძალვა, რომელიც ქალებს ხმის მიცემის უფლებას ართმევდა დღევანდელი გადასახედიდან არათუ ძველმოდურად და უჩვეულოდ, არამედ მეტად უცხოდაც კი მოჩანს. მჯერა, რომ ჩვენს საუკუნეში ქორწინების თანასწორუფლებიანობისადმი ოპონირება მხოლოდ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის ნიშანია”, – კლინტონის ეს განცხადება „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა.
მართალია, მსოფლიოში ცვლილებები დღეს ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და ეს ძალზე თვალშისაცემია და ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირის თავზე მინესოტა შეერთებული შტატების უკვე მე-12 შტატი გახდა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა და, როგორც ჩანს, ამ პროცესს, “ძველმოდური და უჩვეულო” აღქმების ტყვეობიდან თავდაღწევის პროცესს, როგორც კლინტონის აზრი გვკარნახობს, ამერიკის დანარჩენ შტატებშიც ვერაფერი შეაჩერებს (გუშინ საფრანგეთიც ამერიკანიზაციის გზას დაადგა), მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ რაც შეიძლება შედარებით ადვილად გადაიტანოს და ნაკლებად შეიმჩნიოს ამერიკამ (ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერსპექტივაში, რადგან გრძელვადიანში ღმერთმა უწყის, რა მოელის მას და თავად ცნობილი ამერიკელი მეცნიერების ერთი ნაწილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამერიკის იმპერია, ზოგადად, დაღმავალ გზას ადგას და მისი შესუსტება და შემდგომ დაცემაც გარდაუვალი იქნება, ისევე როგორც თავის დროზე რომის იმპერიისა, თუმცა ეს სხვა თემაა და ჩვენი საუბრის საგანთან პირდაპირ კავშირში არ იმყოფება), მას ვერაფრით ვერ გადაიტანენ ადვილად ისეთი მცირერიცხოვანი ერები, როგორიც საქართველოა, მით უფრო, როცა, გაეროს შეფასებით, 2050 წლისათვის ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული სურათი შეიძლება გვქონდეს.
და მეორეც, რატომ უნდა იყოს ამერიკა ამ კუთხით ბრმად მისაბაძი მაგალითი, მაგალითად იაპონიისთვის, თურქეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ მასთან, და არც არის, და, საბედნიეროდ, არც ქართული საზოგადოების საკმაოდ ჯანსაღი და მრავალრიცხოვანი ნაწილისთვისაც არ არის ამ მხრივ მისაბაძი იგი. მუხრან მაჭავარიანის თქმისა არ იყოს, სხვისი მისაბაძი რა გვჭირს (განსაკუთრებით კი უმსგავსობაში), თვარა კი. მით უფრო იმ ფონზე, როცა ქალთა საარჩევნო უფლების სანაქებო მონაპოვარი მე-20 საუკუნის ამერიკისა, მთელი 8 საუკუნითაა დაცილებული მე-12 საუკუნის საქართველოს იმ მონაპოვრისაგან, რასაც ქალის არათუ უმცირესი, არამედ უმაღლესი უფლება, მის მიერ ქვეყნის საჭეთმპყრობელობითი უფლება ერქვა (“თუცა ქალია ხელმწიფე, მართ ღმრთისა დანაბადია” – რა თქმა უნდა, თამარ მეფის მმართველობაზეა საუბარი).
მაგრამ მაინც, როცა ამერიკაზე ვსაუბრობთ, ისე ჰაიჰარალოდ და მარტივად არ დგას საკითხი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ის დღესაც ღმერთისადმი რწმენის გამოხატულებით მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოს ქვეყნებს შორის (ჰანთინგტონის წიგნიდან: „ვინ ვართ ჩვენ“?, 2004 წ.)
და ამ ფონზე არც ისე მარტივად ასახსნელია, თუ რატომ მკვიდრდება ასეთი მაღალი რწმენის ქვეყანაში ღვთის საწინააღმდეგო კანონი მთელი დაჟინებით. თუმცა კი, როგორც ჩანს, რწმენის ამგვარი მაჩვენებელი დღეს სტატისტიკის ლამაზ როლს უფრო ასრულებს, ვიდრე იმას, რაც ნამდვილ რწმენასა და ღვთისმოშიშობაზე იქნებოდა დამყარებული.
ფაქტია, რომ ამერიკაში დღეს ღმერთისადმი რწმენა და სიყვარული, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდაა დაცილებული იმ ეპოქის სინამდვილისაგან, რომელზეც მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალი და მეცნიერი ალექს თოქიველი წერდა. 1835 წელს, ამერიკაში ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ დაწერილ წიგნში – “დემოკრატია ამერიკაში” – ფრანგი მწერალი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამერიკელების ღმერთისადმი სიყვარულსა და შიშს და ამბობს, რომ ველურ ბუნებაში, ღია ცის ქვეშ წირვაზე დასასწრებად და საათობით ლოცვების შესასრულებლად ადამიანები ხშირად, წვიმასა თუ ქარში, თოვლსა თუ ქარბუქში, 50 კილომეტრსაც კი გადიოდნენ ფეხით. და საერთოდ, ამერიკა, როგორც ახალი სახელმწიფო, სწორედ რომ რელიგიური და პიროვნული თავისუფლების უმაღლეს სიმბოლოს განასახიერებდა და მისი შორსმჭვრეტელი დამფუძნებელი მამები ალბათ ვერაფრით ვერ განჭვრეტდნენ, რომ ამ ღვთისგან ბოძებული თავისუფლების საზღვრები იმდენად “გაფართოვდებოდა,” რომ ღვთისგმობის სახეს მიიღებდა.
და დღეს აჩრდილიღაა შემორჩენილი მე-18, მე-19 საუკუნეების მორწმუნე ამერიკისაგან, ისევე, როგორც ნამდვილი რწმენის თვალსაზრისით საქართველოშიც (სხვებისკენ არ ვიშვერ თითს) ცოტაღა გვეგულება ისეთი, ვინც საჭიროების შემთხვევაში 100 000 წმინდა მოწამის გზას შეუდგებოდა. თუმცაღა შესაძლოა ერთი შეხედვით ასეთ მძიმე ჯვარს არ გვაკისრებს ამჯერად უფალი და ახლა გაცილებით მსუბუქი ტვირთი უნდა ვატაროთ?
პირიქით, ვფიქრობ, ახლა გაცილებით მძიმე ჯვრის ტარება გვიწევს, რადგან ამჯერად წუთისოფლის შვილებს ბარიერებმორღვეულ, აღვირახსნილ გლობალურ სოფელში გვიწევს ცხოვრება. ახლა შემაკავებელი ზღუდეები აღარ არსებობს (საბედნიეროდ დედა-ეკლესია ჯერ კიდევ მტკიცე ბურჯად დგას), და ადამიანი, მისი სინდისისა და რწმენის ამარაღაა დარჩენილი, სინდისისა და რწმენისა, რომლის დაკნინებისა და მასხრად აგდების პროცესი გავეშებით მიმდინარეობს. ყოველგვარი სიბნელე და უვიცობა კი სათავეს ჭეშმარიტი განათლების ნაკლებობიდან და ეროვნული ფესვების მოწყვეტიდან იღებს.
ავტორი: მალხაზ ონიანი