წმინდანის უხრწნელი ნეშტის ექსკლუზიური კადრები – საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი ჟურნალისტის ფილმს უჩვენებენ
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-დარბაზში საერთაშორისო კინოფესტივალის – “წმინდა ანდრიას ჯვარი” საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება.
სამშობლოსათვის მათ მიერ გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ფესტივალის საპატიო “წმინდა ანდრიას ჯვრის” მედლით, საღამოზე პაატა ბურჭულაძე და ელდარ შენგელაია დაჯილდოვდებან. საზეიმო გახსნაზე ნაჩვენები იქნება ჟურნალისტისა და რეჟისორის – მარიამ ადამაშვილის ფილმი მღვდელმონაზონ იოსებ მოხევის შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში ოსებმა სარწმუნოების გამო აწამეს. ფილმში ნაჩვენებია ბერის საფლავის გახსნის ექსკლუზიური ვიდეო და ფოტო მასალა. მისი სხეული ერთი საუკუნის შემდეგაც კი, უხრწნელი აღმოჩნდა. ფილმი მომზადებულია მარიამ ადამაშვილის საავტორო სატელევიზიო პროექტის – “ექპოქა და ადამიანი” ფარგლებში.
რაც შეეხება ფესტივალს, “წმინდა ანდრიას ჯვარი” წელს უკვე მეათედ ტარდება. საიუბილეო წელს ფესტივალი 18-22 ოქტომბერს თეატრალურ უნივერსიტეტში გაიმართება. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იქნება 15 ფილმი. მათ შორის – აზერბაიჯანელი, თურქი, უკრაინელი დაა პოლონელი რეჟისორების ნამუშევრები.