ერთ-ერთ არაბულ ზღაპარში წერია „ჭეშმარიტება სად არის არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით სად არის, მაგრამ ვერასდროს დავინახავთ“. დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა შემდეგი კითხვა გონებაში- არსებობს კი მუდმივი სიდიადე, მზის თითოეული სხივით აკაშკაშებული, სადაც მხოლოდ ნათელი სუფევს? ძალიან, ძალიან დიდხანს დაფუსფუსებდა ეს შეკითხვა თავში და როგორც იქნა, მართალია, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ საბოლოოდ მივბობღდი ჭეშმარიტებამდე- დიაღ, არსებობს მუდმივი სიდიადე და ეს აბსტრაქტული ცნება თავისუფლად შეიძლება აქციო შენს საკუთრებად, რომელსაც თუ მყარად ჩაეჭიდები, ვერანაირი ძალა ვეღარ წაგართმევს, ვერანაირი ძალა შეგეცილება, ის შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული, ფასეული და ყველაზე მაგარი მონაპოვარი იქნება. ვფიქრობ, უნდა დავიჯეროთ, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი ოქროს ზარდახშა,სადაც მუდმივი სიდიადე ინახება. უბრალოდ, მის მოსაპოვებლად არაერთი ბრძოლისა თუ მარცხის გადატანა და უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, გამძლეობა, დასახულისკენ სწრაფვა, დაუნებებლობა, შრომა და მოთმინებაა ამ ამოცანის ამოხსნის ყველაზე ძლიერი საშუალება. მოკლედ შევთანხმდეთ, რომ განათლება ერთი დიდი, დიადი განძია, რომლის მოპოვება დაუღალავ შრომასა და უდიდეს გარჯას მოითხოვს.
და როგორც იქნა მივედით იმ კითხვამდე, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჭირო განათლება ადამიანისთვის. ამ თემაზე საუბრისას, შეუძლებელია არ გაგახსენდეს გერმანელი ფილოსოფოსის- იმანუელ კანტის ნამდვილი შედევრი, სადაც სიღრმისეულად გვიხსნის ტერმინ განათლებასა და განმანათლებლობის შესახებ. ნათლად და აშკარად დაგვანახა, ერთ წინადადებაში მოაქცია მრავალფურცლიანი პასუხი – ადამიანის გამოსვლა არასრულწლოვნებიდან! წარმოიდგინეთ დედამიწა, სადაც თითოეული მოსიარულე მოთხრობა წარმოადგენს საინტერესო წიგნის სუფთა ფურცლებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იწერება და ივსება, ნელ-ნელა ფერადდება წარმატებებით, შეცდომებით, მარცხითა თუ გამარჯვებით.. საუბედუროდ, წიგნების მხოლოდ ის ნაწილი გადის ეკლიან გზას, ვისი გმირიც ნელ-ნელა აღწევს თავს არასრულწლოვანებას და ამაყად მიაბიჯებს სიბნელიდან სინათლისკენ. სწორია კანტი, როცა ამბობს „ადამიანი თავის უმწიფრობაში თავადვეა დამნაშავე“-ო, რადგან წინსვლის გზის საწყის ეტაპებზე სიძნელეები ისე დიდია, რომ იშვიათად არსებობს არჩევანი მათი დაძლევის საშუალებებში და სწორედ აქ იჩენს თავს განმანათლებლობის იდეის მთავარი არსი- ბრძოლა თუ დანებება? სამარადისო წყვდიადში დარჩენა თუ „ზარდახშის“ სამუდამო სიდიადესთან ზიარება? არჩევანი მარტივია, გასავლელი გზა-რთული. იდეის არსის ნეგატიურ ქვაკუთხედს სწორედ სიზარმაცე და უსუსურობა ქმნის, რომელიც ანგრევს ინდივიდის ცხოვრებას, აუფერულებს და აუფასურებს მას. განათლებული კაცი ერთი დიდი მოსაფრთხილებელი განძია. განსაკუთრებით კი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენს გადასხვაფერებულ ქვეყანაში, სადაც წიგნიერების დონის მიხედვით ამაყად ვიკავებთ საშუალოზე დაბალ ადგილს. ხოლო 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მხოლოდ კითხვის დონის მაჩვენებლით ვუტოლდებით საუდის არაბეთს, ირანსა და აფრიკის ქვეყნების დონეს. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლის სოსწორე საუბედურდ აშკარად აისახება მაგალითად, ქუჩაში ჩატარებულ გამოკითხვებში, კატასტროფულ დაღმასვლას განვიცდით, რისი მიზეზიც უკვე რამდენჯერმე ვახსენე. ღმერთმა კაცს აჩუქა გონება, რომლის რეალიზების საკითხი თავიდან ბოლომდე მას გადაულოცა, ადამიანთა უმეტესობა კი ასე უსირცხვილოდ „აობებს“, გამოუსადეგარი ნივთივით დაუდიათ თავში და ახარებენ „პატივსაცემ და პატივცემულ ღიპებს“, ლუარსაბობა გვიბრუნდება, ვატყობ, დევიზით „რა კაცის საქმეა სკოლა“, საზოგადოება მტკიცე უარზე დგას გონების საჯარო გამოყენების საკითხის თვალსაზრისით, ეომებიან და ებრძვიან განმანათლებლობის გავრცელებას, კაცობრიობის ნაწილს ნელ-ნელა უქრება ლტოლვა და სწრაფვა უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად, წარმატებული მომავლის ასაწყობად, ისინი ადვილად ჯერდებიან იმას, რაც უკვე გააჩნიათ, შესაბამისად ცხოვრებაც მარტივდება.. ვფიქრობ, თუ უმრავლესობამ არ გადაწონა უმცირესობის მსგავსი არეალური დამოკიდებულებები, ადამიანთა გონება უმალვე გახდება ყველაზე პრიმიტიული, სტანდარტული, ისინი რობოტებივით გაიმეორებენ მოდაში შემოსულ ათასგვარ სისულელეს, ჯანსაღი და კრიტიკული აზროვნების აზრი და არსი გაუცხოვდება მათთვის.. ეს ყველაფერი წინაპირობაა განათლებისა და განმანათლებლობის დასამარების.
თავს უფლებას მივცემ და სათქმელს ყველასთვის ცნობილი, ძალიან მაგარი ფრანგი ფილოსოფოსის ფრაზით დავასრულებ „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ !!! დაე, ვიაზროვნოთ ყველამ, გავაფერადოთ გონება და ვაჩვენოთ მას სინათლე, ბევრი ვიშრომოთ, დაუღალავად ვიბრძოლოთ, შევაბიჯოთ მუდმივ სიდიადეში, უშიშრად გადავლახოთ ბარიერები, გავუნაწილოთ ჩვენი ცოდნა სხვას, გავამყაროთ და გავაძლიეროთ არამდგრადი ნიადაგი და რაც მთავარია-დამსახურებულად მივიღოთ ის უზარმაზარი განძი, რომელსაც განათლება ჰქვია !
ნინო კობალაძე, 19წლის. კავკასიის მედიის სკოლა.
წყარო: http://1tv.ge/ge