წარადაგენს თუ არა ნათია თოდუა ევროვიზიაზე გერმანიას და რა პრიზები მიიღო x ფაქტორში დაწუნებულმა კონკურსანტმა

21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “ახალი ხმის” გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.
ნათია თოდუამ გერმანულ “ახალ ხმაში” გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა, ჯერ იყო ქართული “იქს ფაქტორი”, შემდეგ კი უკრაინული მუსიკალური შოუ, თუმცა მან ვერც ერთში ვერ მოახერხა ფინალამდე მიეღწია. სამაგიეროდ, გაუმართლა გერმანიაში. AMBEBI.GE ნათია თოდუას გერმანიაში დაუკავშირდა და გამარჯვების შემდეგ მისი პირველი ემოციები მოისმინა:

– ნათია, გილოცავთ გამარჯვებას, ელოდით ასეთ წარმატებას?
– ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დიდი წარმატებით. ახლა უკვე სტუდიაში ვარ და სხვა ფინალისტებთან რეპეტიციები მაქვს, გერმანიაში ვიწყებთ ტურნეს. როგორც პროექტის გამარჯვებულს, კონტრაქტი მაქვს იმ კომპანიებთან, რომლებიც “ვოისის” სპონსორები არიან.
– თქვენს გამარჯვებას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წაიკითხეთ რას წერენ თქვენზე ქართველები?
– სამწუხაროდ, დრო არ მქონდა შეფასებები წამეკითხა. მადლობაც კი ვერ გადავიხადე. როგორც კი მექნება თავისუფალი დრო, ყველას სათითაოდ გადავუხდი მადლობას ამ მხარდაჭერისთვის!
– რა პრიზები გადმოგეცათ როგორც პროექტის გამარჯვებულს?
– ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში – ეს არის ის პრიზები, რომელიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ.
– ფულადი პრიზი არ გადმოგეცათ?
– თანხას ტურნეებიდან გადამიხდიან.
– ნათია, სოციალურ ქსელში აქტიურად აკრიტიკებენ სოფო ტოროშელიძეს იმისთვის, რომ წლების წინ, მას თქვენი ნამღერი ხელოვნურად მოეჩვენა და “იქს ფაქტორში” გითხრათ არა. იყო თუ არა ეს შეფასება თქვენთვის ასეთი წარმატების მიღწევის სტიმული?
– დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვინც ცუდი გამოცდილება მიიღო თავის ქვეყანაში არსებულ კონკურსებზე. ვიღაცა ხელს ჩაიქნევს ამის გამო, ვიღაც პირიქით უფრო რისკავს. მიხარია მაშინ ხელი რომ არ ჩავიქნიე, მუშაობა გავაგრძელე და დღეს აქ ვარ.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროვიზიაზე გერმანიას წარადგენთ…
– ეს გადაწყვეტილი არ არის, ახლა ტარდება თათბირი და ვნახოთ, რა გადაწყდება.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები