“წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო” – გიორგი კეკელიძის ემოციური ამბავი მამაზე

“მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოდიოდა. ოთხმოცდაათიანების ,,შუა საუკუნეები” იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს… ჰოდა, მამაჩემი ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და “თხილს ხეკდა”. საღამოს ავტობსი ჩამოვიდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის. და უცებ.. და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. ” დაიბადა ხარი, ჰოდა…” 1998 წელი… ლექსების პატარა კრებული. კარგმა ხალხმა რაღაც ნიჭი შემამჩნია და გამოსცა. მამაჩემი იმ დროის და განცდის კაცი იყო, ბეჭდურად გამოხატული სიტყვა სულ სხვა წონას რომ გულისხმობდა. წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლიო. წვერს რომ იპარსავდა, სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით და ის არაყი გადმოვიღე და დავლიეო. უზარმაზარი ზეიმი ჰქონდა, უზარმაზარი. და ამას ისე მიყვებოდა, იქ მეგონა თავი. და ახლაც იქ მგონია, ახლა როცა 35 წლის გავხდი და მამაჩემი აღარ არის.
მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს. რადგან ხვალინდელი დღე უკვე განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. ჩემი სურვილი და ვნება ეს არის, ამიტომაც მოვედები ამდენ და ამდენნაირ საქმეს, რომ ბუხარი ხვალაც ენთოს. ჩემი ცხოვრება სავსეა მარცხებით და გამარჯვებებით და ერთადერთი რაც შედეგად შემიძლია დავიკვეხნო, ბარემ ათი ადამიანის ცხოვრება გამოვიარე. დრამა მეტი იყო, ზეიმი ნაკლები. აქ,თქვენთან, ზეიმებს უფრო ვაჩენ, უფრო საჯარო და საყოველთაოა და იმიტომ.
მე ადამიანის ფერიცვალების მჯერა, ამიტომაც ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი გუშინდელი დღე დავამარცხო.
ჩემთვის, მამაჩემისთვის, შენთვის და მისთვის. შემდეგი წლებიც ამისა იქნება.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
#სხვაგურულიდღიურები” – წერს გიორგი გეგელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები