“ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო” – ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა

დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა კოკა მიქიაშვილია. იგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. Ambebi.ge გარდაცვლილის დეიდაშვილს აკაკი ფარცვანიას ესაუბრა:
– დღეს დილით შევიტყვეთ ეს უბედური ამბავი. წესიერი და მშრომელი დეიდაშვილი დამეღუპა. მისი ცხოვრების მანძილზე შრომის და სწავლის მეტი არაფერი გაუკეთებია. კოკა 27 წლის იყო, პროფესიით ენერგეტიკოსი გახლდათ, კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ოჯახს ეს შემოსავალი არ ყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ბავშვობაში დაობლდა, მამა გარდაეცვალა, მას და მის ძმას დედა ზრდიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, ამიტომ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა.
– რომელი სართულიდან გადმოვარდა?
– ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცით. გვითხრეს რომ დილით კოკა გადმოვარდა მშენებლობიდან და გარდაიცვალაო. წარმოუდგენელი რამ შეგვემთხვა. რა უნდა ვქნათ არ ვიცით, დაუჯერებელია მისი გარდაცვალება.
თბილისში მარტო ცხოვრობდა?
– თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
– ვინმემ ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა?
– დახმარების სურვილი არავის არ გამოუთქვამს. მხოლოდ მისი მეგობრებისა და ახლობლების იმედზე ვართ. დღეს საღამოს მათი დახმარებით გადმოვასვენებთ ტყიბულში. ტრაგედია მოხდა და ხვალიდან როგორ იქნება ცხოვრება კოკას გარეშე ვერ გეტყვით. წესიერ შრომას შეეწირა მისი სიცოცხლე და როგორ მოხდა იმასაც არავინ არ გვეუბნება.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები