”ძილის წინ მოწერილი მესიჯი: ”მიყვარხარ” მაღიზიანებს

პასუხისმგებლობით სავსე დილა

ძილისგუდა ვარ, ამიტომ მინიმუმ რვა საათს მძინავს, თუმცა გვიან არ ვიძინებ და შესაბამისად, ადრე ვდგები. საკუთარ თავზე ავიღე ჩემი უმცროსი დის სკოლაში წაყვანის პასუხისმგებლობა. საუბედუროდ, ყველა სხვა ბავშვისგან განსხვავებით, ბუბუს სწავლა ცხრის ნახევარზე ეწყება. სკოლის მძღოლის ფუნქციას ვითავსებ, მის მეგობრებსაც ვაკითხავ და ყველა ერთად მიმყავს გაკვეთილებზე დასასწრებად. სწორედ ამიტომ დავუმეგობრდი მაღვიძარას. საჭესთან მჯდარს ისეთი საშინელი ვარცხნილობა მაქვს, ვინმემ რომ დამინახოს, შეეშინდება! სახლში დაბრუნებული მშვიდად ვახერხებ მოწესრიგებას, შხაპს ვიღებ, ვიცვამ, ფინჯან ყავას ვსვამ და კომპიუტერში საყვარელ სერიალს ვუყურებ.

დროის მონაკვეთი საქმისთვის, რომელიც მიყვარს

შუადღეს სულ ვმუშაობ. გადაღებები, ინტერვიუები და ფოტოსესიები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამჟამად გატაცებული ვარ შოუთი, რომელიც ”კომედი არხზე”გადის. იგი ქალების პატარ-პატარა ისტორიებზეა აგებული. სიუჟეტები გამუდმებით იცვლება, ამიტომაც როლების შესრულება სახალისო და საინტერესოა.

საღამო და დამსახურებული დასვენება

სამსახურის შემდეგ, თუ ძალიან დაღლილი ვარ, სახლში ვბრუნდები და ჩემი სერიალის ყურებას ვაგრძელებ. რა მოსაწყენი ადამიანი ვარ, არა? სხვა შემთხვევაში მეგობრებთან ერთად ვსეირნობ ან გასართობად მივდივარ. მიყვარს ადგილები, სადაც ადამიანი თვალს წყალს დაალევინებს (ამ ფრაზას ხშირად ვიყენებ საუბრისას). ლამაზი და მშვიდი გარემო კარგ განწყობას მიქმნის, თუმცა იმდენად წყნარი სიტუაცია არ უნდა იყოს, რომ გვერდით მაგიდაზე ჩვენი საუბარი გაიგონონ.

გარდამავალი წუთი ძილსა და სიფხიზლეს შორის

ჩაძინებამდე ვფიქრობ მომავალ დღეზე, ვაწყობ გეგმებს, ვირჩევ, რა ჩავიცვა და თმა როგორ გავიკეთო. თავში სისულელეებიც მომდის ხოლმე.

თავის მოვლა

არ ვდიეტობ. ჩვეულებრივი ფიგურა მაქვს, უბრალოდ, ისე ვიცვამ, რომ ნაკლოვანებები დავფარო. ხალხის რეაქციიდან გამომდინარე ვხვდები, რომ გამომდის. ვარჯიში ახლახან დავიწყე, ექვს თვეში საოცარ ფიგურას ველოდები! მაკიაჟს თითქმის ყოველთვის ჩემით ვიკეთებ.

მოდა ჩემს ცნობიერებაში

სამოსი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მას ბევრის თქმა შეუძლია პიროვნების შესახებ, თუმცა სნობი არა ვარ. ტანსაცმლის არჩევისას ყურადღებას ვაქცევ ფერს, დიზაინს და არა ფასს. მინახავს ბევრი მდიდარი ქალი, რომელიც ბრენდულ მაღაზიებში დადის საყიდლებზე, მაგრამ უგემოვნოდ აცვია, ისევე, როგორც ქალბატონები, რომლებსაც ფინანსები არ უწყობთ ხელს, მაგრამ კოხტად გამოიყურებიან. მათ ვაფასებ.
ზოგადად, გემოვნებაზე ხშირად დავობენ. ეს ბუნებრივია, ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს სამყაროს. საკუთარი თავი გემოვნებიანად მიმაჩნია, თუმცა არ ვიცი, რამდენად მეთანხმება საზოგადოება.

ჩემი თვალით დანახული საკუთარი თავი

განსაკუთრებული სულაც არ ვარ, მაშინაც კი, თუ ასე ჩანს. მაქვს ჩემი უარყოფითი და დადებითი მხარეები. არ ვარ ბუტია და კონფლიქტური, გამოვირჩევი კომუნიკაბელურობით, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ჩემი დიდი მინუსია გაფანტულობა, რასაც ფანტაზიის განვითარებული უნარი უწყობს ხელს. ხანდახან საჭესთან ვზივარ, ფიქრებში მივფრინავ და საზღვარს ვკარგავ რეალობასა და ოცნებებს შორის. ასევე, ძალიან სულსწრაფი ვარ, თუ რაიმე მსურს, მინდა იმწამსვე და არ შემიძლია ლოდინი. მთებს გადავდგამ და სურვილს დავიკმაყოფილებ.

ტრანსფორმაცია

თუ ”ძველ” და ”ახალ” ნუკის შევადარებთ, შეიცვალა მხოლოდ თმის ფერი. იგივე თვისებები მაქვს. ის მომწონს ან მაღიზიანებს, რაც უწინ.

დედაჩემი

დედა ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანია. კარგია, როცა დაქალები და ძმაკაცები გვყავს, მაგრამ დედას ვერავინ შეედრება! აი, წარმოვიდგინოთ, რომ მილიონი მოვიგეთ, თუ ჩვენ მეგობართან მივალთ და ვეტყვით: ”მე მილიონი მოვიგე, მაგრამ შენ ვერ მოგცემ~, ის დაიბოღმება და შეშურდება ჩვენი. მაგრამ თუ ამ სიახლეს დედას ვახარებთ, ის გულწრფელად ბედნიერი იქნება.
ასე თუ ისე, მეგობრები უცხო პიროვნებები არიან, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე კვეთენ ჩვენს გზას, მშობელი კი თავიდანვე ჩვენთან ერთად იყო და ბოლომდე იქნება!

სიყვარული, რომანტიკა, ბედნიერება და …

იდეალური არაფერი არსებობს, მით უმეტეს სიყვარული რომ არსებობდეს, საშინელება იქნებოდა! უნაკლო კაცი საინტერესო არ არის. როდესაც შეყვარებული ხარ, მისი მინუსებიც გიყვარს.

რომანტიკული ხან ვარ, ხან – არა. ამ მხრივ, არასტაბილურობა მახასიათებს. რომანტიკულ პერიოდებს ზოგჯერ პრაგმატულობა ცვლის. ამ დროს ძილის წინ მოწერილი მესიჯი: ”მიყვარხარ” მაღიზიანებს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რომანტიკული მოვლენა მომხდარა. არასდროს მეგონა, თუ ამ სიტყვებს ვიტყოდი.

ბედნიერი ვარ, როდესაც დღე ”დახუნძლულია” საქმით. ასევე, მაბედნიერებს სასიამოვნო სიახლეების გაგება.
ვოცნებობ აბსტრაქტულ რაღაცებზე… მაგალითად, ფრენაზე. ოცნებად მიმაჩნია სურვილი, რომელსაც ახდენა არ უწერია, ამიტომ გეგმების დალაგება მირჩევნია.

მეგობრობა

მეგობარი არის მეორე ნახევარი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა არ გაქვს. მეგობრობას არ ახასიათებს ღალატი, ჩხუბი და იმედგაცრუება ისე ხშირად, როგორც რომანს. მეგობრისთვის ძალიან ბევრი რაიმე დამითმია და კიდევ უფრო მეტს დავთმობ.

სასაცილო ამბავი

ცოტა ხნის წინ ვარდისფრად შევიღებე თმა, რაც ქართველი საზოგადოებისთვის ნამდვილად უჩვეულო და სასაცილოა.

კომენტარები

სხვა სიახლეები