ძაღლი, რომელმაც ოჯახი გააფრთხილა, ტორნადოსგან იხსნა, შემდეგ კი დაიკარგა, 54 დღის შემდეგ იპოვეს

ტენესიში ტორნადომ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა, დაუნგრია სახლები და სრულად გაანადგურა ინფრასტრუქტურა. ეს ისტორია ერთ ძაღლზეა, რომელმაც ოჯახი გადაარჩინა ტორნადოს მოახლოების გაფრთხილებით, თავად კი დაიკარგა. ოთხფეხა მეგობარი ორი თვის შემდეგ პატრონებმა იპოვეს.

3 მარტს ერიკ ჯონსონს ეძინა, როდესაც იგი ბელამ გააღვიძა, ოჯახის 6 წლის მინიატურულმა ავსტრალიურმა ნაგაზმა. ჯონსონის თქმით, მან ბელას ქმედებებში უცნაურობა შენიშნა, რამაც დაუტოვა განცდა, რომ „რაღაც რიგზე არ იყო“. შედეგად, ტელევიზორი ჩართო და გაიგო, რომ ტორნადო მათ ქალაქს, კუკვილს უახლოვდებოდა. 45 წუთის შემდეგ, როდესაც ქარიშხალი მათ საცხოვრებელ სახლს მიუახლოვდა, ოჯახის უფროსმა ცოლ–შვილს ხელი მოკიდა და აბაზანაში დამალა. სამი შვილის მამა ბელას ეძებდა, როდესაც ტორნადომ მისი სახლი დაანგრია, ნაწილებად დაშალა და ჯონსონი უკანა ეზოში გადააგდო.

„ბელა ჩვენი საწოლის ქვეშ იმალებოდა, როდესაც ტორნადომ სახლი დაგვინგრია, ის ეზოში გადააგდო ქარიშხალმა, თუმცა გადარჩა და ამის შემდეგ დაიკარგა. არ გვჯეროდა, რომ ცოცხალი იყო და ამას ისიც გვიმძაფრებდა, რომ ვერ ვპოულობდით. ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო, რომელიც უკვალოდ დაიკარგა“, – განუცხადა CNN–ს ჯონსონმა.

მას შემდეგ, რაც ძაღლის პოვნის იმედი ეწურებოდა, ოჯახმა კიდევ ერთი სასწაული იხილა. მეგობრის დახმარებით, რომელსაც ძაღლთა თავშესაფარი აქვს, ბელა სახლიდან 4 მილის მოშორებით ორთვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჯონსონების ოჯახი თავიანთ სამოსს სახლთან ახლო–მახლოს ტოვებდა იმ იმედით, რომ ბელა ნაცნობი სუნით სახლს მიაგნებდა. ოჯახის მეგობარმა, ასევე, დააყენა კამერები იმ ადგილებში, სადაც არსებობდა ადამიანებისგან ცნობა, რომ დაინახეს მსგავსი ძაღლი. შედეგად, კადრების საშუალებით იპოვეს ადგილი, სადაც ბელა იმალებოდა.

54–დღიანი განშორების შემდეგ, ბელა ოჯახს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონმა თავის ტრავმა მიიღო, მის მეუღლეს კი ნეკნი გაუტყდა, ასევე, დაკარგეს საცხოვრებელი სახლი, ისინი მაინც დიდ მადლიერებას გამოხატავენ, რომ ყველა, ბელას ჩათვლით, კვლავ ერთად არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები