ცოცხალი ლეგენდა – დემნა: დემნა გვასალია 43 წლისაა: დევნილობა, მუქარა ოჯახის წევრებისგან, თბილისის საპატიო მოქალაქეობა და მსოფლიო აღიარება – ქართველი დიზაინერის ცხოვრების საინტერესო დეტალები
25 მარტს ქართველი დიზაინერის, „ბალენსიაგას” მოდის სახლის ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას დაბადების დღეა. მას 43 წელი შეუსრულდა. დემნას ცხოვრება ბავშვობიდან დაკავშირებული იყო ამ პროფესიასთან, თუმცა მსოფლიო აღიარებამდე მან რთული გზა გაიარა. თვალი გადავავლოთ მისი გავლილი გზის საინტერესო მომენტებს.
დემნა გვასალიას ბიოგრაფია
დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.
გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში “მარჯიელაში” დაიწყო.
დემნა გვასალიას დედა: “სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს… დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს” – ელა გვასალიას პირველი ინტერვიუ ოჯახზე, შვილსა და მის ცხოვრებაზე დემნა გვასალიამ პარიზში, “მარჯიელას” ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას “ლუი ვიტონში” მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).
2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.
“ბალენსიაგას” სკანდალი
გასულ წელს ლონდონში ვიღაცამ Balenciaga-ს ბუტიკის წინა ფანჯარა “პედოფილიის” ეტიკეტით ააჭრელა. იგივე განმეორდა ბევერლი ჰილზში. თაყვანისმცემლები, რომლებიც კვირით ადრე დემნას გენიალურობაზე ლაპარაკს ვერ წყვეტდნენ, აღარსად ჩანდნენ.
წლების განმავლობაში Balenciaga-მ თავისი რეპუტაცია პროვოკაციაზე ააშენა. დემნამ გასული წლის დასაწყისში აღნიშნა: ”ზუსტად ამიტომ გავაკეთე ეს! იმიტომ, რომ მძულს აკრძალვები. ბევრმა ჩათვალა, რომ რეკლამები იყო განზრახ აღმაშფოთებელი.”
სკანდალის შესახებ, რომელიც “ბალენსიაგას” მიერ ბავშვებისა და საბავშვო აქესეუარების უხამსად გამოყენებას ეხებოდა, NEW YORKER-მა ვრცელი სტატია მოამზადა.
“დემნამ და “ბალენსიაგამ” არაერთხელ მოიხადეს ბოდიში სარეკლამო კამპანიისთვის. ბრენდმა გამოაცხადა სამწლიანი პარტნიორობა ბავშვთა ეროვნულ ალიანსთან. Balenciaga-მ პირდაპირი ახსნა წარმოადგინა Garde-Robe-ის კამპანიის ირგვლივ მოფენილი უცნაური ნივთებისთვის: “ეს იყო შეცდომა და ნებისმიერი კავშირი ბავშვთა პორნოგრაფიასთან ან ბავშვზე ძალადობასთან იყო უნებლიე და სრულიად შემთხვევითი.”
„ბალენსიაგას” მოდის სახლის „ბნელი მბრძანებელი“, 41 წლის ვეგეტარიანელი, რომელიც ქმარსა და ორ ჩიხუახუასთან ერთაც ცხოვრობს“ – New Yorker-ი დემნა გვასალიას შესახებ წერს.
Vogue-თან ინტერვიუში დემნამ განმარტა, რომ ტედი-დათვის ჩანთები Gift Shop-ის რეკლამებში გამიზნული იყო „პანკისა და წვრილმანი კულტურისთვის და არა BDSM-ის“ მითითებით. მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ კამპანია არასწორად იყო ჩაფიქრებული. ”მე არ მესმოდა, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების გამოჩენა ბავშვებთან ერთად” – თქვა მან. “სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი იდეა და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან.”
შიდა ანგარიშის მიხედვით, ათეულობითკაციანმა კომიტეტმა დაამტკიცა კამპანია მის გამოსვლამდე.
“ბალენსიაგას” მოდის სახლის „ბნელი მბრძანებელი“ კი ორმოცდაერთი წლის ვეგეტარიანელი არის, რომელიც ქმართან და ორ ჩიხუახუასთან, ქუქისა და ჩიკიტასთან ერთად ცხოვრობს. საუბრობს შვიდ ენაზე (ქართულ, გერმანულ, ფლამანდრიულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ ენებზე) და დილას მედიტაციით იწყებს. ტანსაცმლის კეთების გარდა, ყველაზე მეტად საჭმლის კეთება უყვარს. მისი ნიშა მცენარეული საქონლის ხორცით დამზადებული ხინკალია” – წერდა NEW YORKER-ი.
დემნა გვასალიას ოჯახი
1992 წელს აფხაზი სეპარატისტები თავს დაესხნენ სოხუმს, ათი წლის დემნა კი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან ერთად, მეზობლის სარდაფში ატარებდა. საბოლოოდ, ბომბი მათი ოჯახის სახლს მოხვდა და დაანგრია. 1993 წლის შემოდგომაზე ოჯახი გაიქცა. თითქმის სამასი მილი გაიარეს კავკასიონის მთების გასწვრივ – შემდეგ კი ერთი კვირა ელოდნენ ვერტმფრენს. ბოლოს თბილისში ჩავიდნენ, სადაც დასახლდნენ.
სოხუმი და მშობლიური სახლი რომ დემნას გონებაში წარუშლილია, ამას ისიც მოწმობს, რომ დემნამ 2022 წლის ზამთრის შოუს ჩანაწერებში დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტმა „გამოიწვია წარსული ტრავმის ტკივილი, რომელიც ჩემში 1993 წლიდან მოყოლებული მაქვს“. ”ჩვენ ვცხოვრობთ საშინელ სამყაროში, მოდა კი ამის ანარეკლია“, – თქვა ერთხელ დემნამ. ”თუ ეს იწვევს ამ შიშს ან ტერორს, მაშინ მე წარმატებას მივაღწიე.”
გარდა ამისა, Vetements-ის 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია შეეხო მის რთულ ემოციებს „ოჯახისა და ომის“ შესახებ. უბრალო თეთრი პერანგები ხელმოწერებითა და წარწერებით იყო დაფარული, რაც საქართველოში საშუალო სკოლის დამთავრების ტრადიციას ასახავდა.
შოუ დემნას დედამ გახსნა, მეუღლემ კი – დახურა – Balenciaga-ს ხმაურიანი შოუ, გურამ გვასალიას სკანდალური განცხადება ძმაზე და სტუმრად ლელა წურწუმია.
დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალიას მამა, გურამ გვასალია ის მანქანის მექანიკოსი იყო. დედამისი ელვირა რუსი გახლავთ. დედა დემნას საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და ჩვენებებშიც მონაწილეობს:
„ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც ხალხი ემოციური და ხმაურიანია. ჩვენს სახლში და მაგიდასთან, სადაც ვიკრიბებოდით, ყოველთვის ხმაური იყო. ამის ფონზე, დემნა გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა თამაშსა და აქტივობაში დემნა ყოველთვის ლიდერი იყო. დემნას შინაგანი ძალა აქვს. შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ის გულწრფელია. როდესაც დემნას სამოსს ხალხზე ვხედავ, ეს ჩემში, რა თქმა უნდა, სასიამოვნო განცდებს ბადებს – სიამაყისა და სიხარულის” – ამბობს დემნა გვასალიას დედა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში.
დემნა გვასალია და გურამ გვასალია – რა ხდება ძმებს შორის?
გურამ გვასალია თამამად აცხადებს, რომ მოდის სამყაროში დიდი ადგილი აქვს.
როგორც ჩანს, VETEMENTS-ის კრეატიული დირექტორი ფიქრობს, რომ უფროსი ძმის, დემნას ჩრდილში ცხოვრობს. The New York Times-თან ინტერვიუში გურამ გვასალია თავისუფლად საუბრობს ძმასა და მომავალ გეგმებზე.
„ჩემი ძმა ექვსი წლით უფროსია. როცა მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. შესაბამისად, ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები ჩემზე ადრე მიიღო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, მგონია, რომ ბევრად უფრო მოწინავე ვარ“, – განუცხადა The New York Times-ს გვასალიამ.
„ვფიქრობ, ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე სულ სხვანაირი მიდგომა მაქვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. 10 წელი მოდის სამყაროში წამყვანი ფიგურა იყო, მაგრამ მისი ეპოქა ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის. ახლა ჩემი დროა“, – ამბობს გურამ გვასალია.
დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება
დემნა გვასალია მომღერალ ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ისინი ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილი ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი გვასალიაზე 12 წლით უმცროსია. ქორწინების შესახებ ინფორმაცია წლების წინ დემნამ თავად გაავრცელა, როდესაც “ინსტაგრამზე” დადო ფოტო წარწერით: „და მე ვთქვი კი“.
ლოიკ გომესის შესახებ დემნა გვასალიამ ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა:
‘Facebook-ზე გავიცანი, ინტერნეტს ვსქროლავდი, როდესაც უცხო ბენდის მუსიკამ ჩემი ყურადღება მიიქცია. დავსერჩე და Facebook-ზე მისი ფოტო ვნახე, ამ ბენდში უკრავდა. გადავწყვიტე, რომ მიმეწერა. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, ის ლონდონში იყო. რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ჩემს ინტუიციას ცხოვრებაში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ უნდა მენახა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარიზიდან ლონდონში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა – აღნიშნა დემნა გვასალიამ.
დემნა გვასალია – მუქარა ბიძისგან
დემნა გვასალია საკუთარ ორიენტაციას არასდროს მალავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ქართველი აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი, მას შეურაცხყოფისა და ბულინგის დიდმა ტალღამ გადაუარა.
დემნას 25 წლის ასაკიდან ჰყავდა მეგობარი ბიჭი, თუმცა ამის შესახებ მშობლებთან გულწრფელად 32 წლისამ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ეს დიდი პრობლემაა მისი ოჯახის ზოგიერთი წევრისთვისაც, მაგალითად, ბიძისთვის. ამის შესახებ დემნამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
„მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი მოკვლით მემუქრება, თუ იქ ჩავალ… ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“, – ამბობდა ის.
წყარო: https://marao.ge