„ცოტა სასაცილოა, როცა 63 წლის მამაკაცი ფუნდამენტურ ოჯახს 38 წლის გოგოს გამო ანგრევს“ – მარინა ბერიძე

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მარინა ბერიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
– სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ, თუ შეიძლება… არ მგონია, თქვენი ასეთი მხიარული ხასიათი შეუმჩნეველი დარჩენილიყო ვინმესთვის…
– ამ თემას იშვიათად ვეხები, იმიტომ რომ მტკივნეულად დამთავრდა ჩემი სასიყვარულო ამბავი… ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. სულ ვიყავი ყურადღების ცენტრში, არასდროს ვყოფილვარ ჩრდილში. ვცეკვავდი კიდეც, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია და მათი სილამაზეც კი ვერ მჩრდილავდა ხოლმე ჩემი ხასიათის დამსახურებით.
– ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის 7 წელია ყველაზე კრიზისული ეტაპი…
– მეც მეგონა, რომ ყველა კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ყველა ეტაპს გავუძელით, მაგრამ… ყველაფერი ხდება თურმე ცხოვრებაში. მთავარია, თავად იყო ჩამოყალიბებული პიროვნება, უნდა გქონდეს შენი სპეციალობა, შენი საქმე. არ შეუშინდე სირთულეებს. არავინ იცის, წინ რა გელის. ამიტომ ყოველთვის უნდა იდგეს თვითონ ფეხზე, არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა.
– შველის წარმატებული კარიერა პირადში პრობლემებს?
– როგორ გითხრათ. ქმარმა ან უნდა მიგიშვას, რომ ბოლომდე აიწყო კარიერა ან… არსებობენ კაცები, რომლებსაც არ მოსწონთ კარიერისტი ცოლები. ამ კატეგორიისთვის ქალი არის მხოლოდ დიასახლისი და შვილების დედა. მერე ზუსტად ამ კატეგორიის კაცებს უჩნდებათ სურვილი, გაიქცნენ ვიღაც საქმიან ქალებთან. ასე რომ, ვერაფერი გავიგე. რეცეპტი ამ კუთხით, მგონია, რომ არ არსებობს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა ჩემი საქმის გარეშე. ეტყობა, მაინც ზედმეტად შრომისმოყვარე ვარ.
– საყვარელი საქმის გამო პრობლემები გქონიათ პირადში?
– მქონია. იმიტომ რომ მერე ცოტა იმპერატიული ტონი გიხდება, თამამი ხდები ოჯახშიც, მატერიალურად მყარად ხარ და ცოტათი ზემოდანაც იყურები. მოდიხარ სამსახურიდან დაღლილი, გინდა მოგიარონ. მაგრამ არავინ გივლის. ისევ თავად გიწევს საქმის გაკეთება სახლშიც… მე საერთოდ კაცების ვერაფერი გავიგე (იცინის)…
– ეს მინდოდა მეკითხა. ამ გამოცდილებით რა დასკვნამდე მიხვედით, რა სურთ კაცებს?
– ვერ გავიგე, ვერც ამ ასაკში და ვერც სხვა ასაკში გავიგებ, ასე მგონია (იცინის). გამოუცნობი ფენომენია ჩემთვის. ამიტომ მირჩევნია, მყავდეს ახლო მეგობარი კაცები, რომლებსაც ყველაფერს ვეტყვი, გავუზიარებ, ვიდრე საყვარელი მამაკაცი. კარგად ვიცი მეგობრობა და მეგობრობის ფასიც. იმის იქით ვეღარ ვიგებ. მე მაინც მგონია, რომ 90-იანმა წლებმა დაღი დაასვა ჩემი თაობის მამაკაცებს. ვიღაც შედგა, ვიღაც – ვერა. ქალებმა მეტი სადავე აიღეს ხელში ამ წლებში და ამან დააკომპლექსა კაცები.
– შეიძლება, გკითხოთ, თქვენს შემთხვევაში რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი. საკუთარ ბრალეულობას თუ ხედავთ ამ ყველაფერში?
– რასაკვირველია, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახის დანგრევა ერთი მხარის ბრალია. ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ ცოტა სასაცილოა, როცა 63 წლის მამაკაცი ფუნდამენტურ ოჯახს 38 წლის გოგოს გამო ანგრევს.
– იყო პერიოდი, როცა ფიქრობდით, რომ ეს გატაცება იყო, გაივლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა?
– კი, იყო. ქუჩაში მოხუც წყვილს რომ ვხედავდი, საყვარლად რომ მიდიოდნენ, მეგონა, ასე დავამთავრებდით ჩვენც. მატერიალურად კარგად ვიყავით, წარმოდგენილი მქონდა, როგორ ვიმოგზაურებდით უცხოეთში, შვილი უკვე ფეხზე დაყენებული გვყავდა… მაგრამ… სულ ვამბობ, მთავარია, ცუდი ქალი არ შეგხვდეს. მე შემხვდა (იცინის).
– დღეს ურთიერთობა საერთოდ არ გაქვთ?
– არანაირი. მე მას არ ვიცნობ. მე მაქვს ეს თვისება, თუ ძალიან მატკინე გული, აღარ გიცნობ. ძალიან ძნელია ამდენწლიანი თანაცხოვრების დავიწყება, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტკივილი…
– რამდენი წელი გავიდა?
– 2012 წელს დავშორდით ერთმანეთს ოფიციალურად… ძველ მთავრობას გავატანე (იცინის).
– მას მერე რა ხდება მარინა ბერიძის პირად ცხოვრებაში?
– არც არაფერი. რაღა დროსია. აგერ გადასარევი გოგონები დადიხართ.
– რომ ამბობენ, სიყვარულის დრო სულ არისო?
– ეტყობა, მე ვერ გამოვდექი. თავიდან ძალიან გამიჭირდა მარტო ცხოვრება. მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ხიბლია ამაში. შენი თავის პატრონი ხარ, შემდგარი ხარ, ეტაპობრივად რამდენიმე კარიერის მწვერვალზე ასული. არ ვმეტიჩრობ. ასეთია ჩემი ცხოვრება. ერთი კარიერა არ მქონია, რამდენიმე მქონდა. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, სიძე და ფანტასტიკური 4 შვილიშვილი.
– ამხელა სახლში მარტო ცხოვრობთ თუ შვილის ოჯახთან ერთად?
– ისინი სხვა სადარბაზოში ცხოვრობენ ახლოს. ისე კი სახლი ხუთჯერ ამაზე დიდი მქონდა, სანამ ქმარს გავეყრებოდი. ასე რომ, მშვენივრად ვგრძნობ თავს, არავინ მაკონტროლებს, რასაც მინდა ვუსმენ, რაზეც მინდა ვფიქრობ, რასაც მინდა ვკითხულობ, რასაც მინდა ვაკეთებ.
– აბა, წყლის მომწოდებელიო?
– ჯერჯერობით არ მჭირდება და მერე, ალბათ, გამოჩნდება (იცინის). მაგრამ მე მაინც ისე მინდა წავიდე, რომ არ დამჭირდეს წყლის მომწოდებელი.
– ახალი წელი როგორ გაატარეთ?
– შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. დიდი ჟრიამული გვქონდა. მერე მეგობრებთან წავედი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები