“ცოდვებისთვის დასჯილი” თბილისი და ერთ მუჭად შეკრული საქართველო – 15 პუნქტად

მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ამ პოსტით, ჩემთვის გაურკვეველი აზროვნების ადამიანების უდიდეს აგრესიას გამოვიწვევ, მაინც უმჯობესად ვთვლი ჯერ გაბრაზდნენ, მერე დაფიქრდნენ, მერე ლოგიკაც მოიშველიონ და ოდესმე მიხვდნენ, რომ სიმართლე ვთქვი.

და რომ არავის გაქილიკების მცდელობა არ მქონია, უბრალოდ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ხალხი გაცილებით საღად აზროვნებდეს და თუ დააკვირდებით, არცერთი ნეგატიური ფრაზა არ შეგხვდებათ პოსტში, არც ეკლესიის, არც პატრიარქის მისამართით, ნახავთ უბრალო შეკითხვებს და არგუმენტებს. იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს და ბრმად ატაცება მიზანშეწონილი არასდროს არის! კერპთაყვამისმცემლობა 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი სირცხვილია.

blog

საუბარი მაქვს პატრიარქის ეპისტოლეზე, სადაც მან ზოოპარკის განადგურების მიზეზებზე ისაუბრა. პოსტის ბოლოს სტატიას აღნიშნულის შესახებ უცვლელად გთავაზობთ. მაქვს კითხვები საპატრიარქოსთან და მისი ამ მოსაზრების გამზიარებლებთან:

  1. რამდენად ნორმალურია, როცა პატრიარქი, ნაცვლად მწუხარების გამოხატვისა – “ღირსები იყავით, რაც დასთესეთ, ის მოიმკეთ“ სიტყვით გამოდის -მოდით ნუ ვიკამათებთ არასწორ ინტერპრეტაციებზე, არსებობს ძალიან კარგი ცნება – ლოგიკა, რომლის მოშველიების შემთხვევაშიც – „გაპრავების“ ყველა მცდელობა უძლურია.
  2. თუ ასეთი ცოდვილი ადგილი იყო და აუცილებლად “დაიქცეოდა”, აქამდე სად იყვნენ, სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ადრეც უთქვამთ, გთხოვთ დასტურად მოიტანოთ შესაბამისი მასალა
  3. უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა გვესაუბრა იმაზე, რით აპირებს ეკლესია დახმარებას, როცა კერძო კომპანიები რამდენიმე ასეულ ათასებს და მილიონებსაც კი გამოყოფს დაზარალებულების დასახმარებლად და არ დაგვეწყო საუბარი ვინმეს გაკიცხვით? დღევანდელი კომენტარიც მოვისმინეთ, რომ თითო ეკლესია თითო ოჯახს ეხმარება, იქნებ დაგვიკონკრეტოთ რით? იქნებ დახმარებაში გაძლიერებულ ლოცვას გულისხმობთ?
  4. რატომ არის ადამიანების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ფანატიზმში გადაზრდილი და რატომ ცდილობს ამ ყველაფრის “გაპრავებას”, როცა საკამათო არაფერია? ვინმე არ ეთანხმება ფაქტს, რომ პატრიარქი არის ადამიანი, ისიც უშვებს შეცდომას და ამაზე უნდა მივუთითოთ, რომ ხვალ უარესი არ თქვას?
  5. თუ ეს ყველაფერი რეალურია, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ სტიქიური უბედურების დროს დაიტბორა ეკლესიაც? ეს ეკლესია რის გადადნობის ხარჯზე იყო აშენებული?
  6. გულწრფელად მაინტერესებს, შეუძლია პატრიარქს თვალებში ჩახედოს დაღუპულების ოჯახებს და იგივე გაუმეოროს?
  7. როცა სტატუსი დავდე ამ თემაზე, გაჟღერდა, რომ რა უფლება გვაქვს უწმინდესის კრიტიკის, ის ხომ არასდროს ცდება, მაინტერესებს, პატრიარქს ღმერთთან აიგივებთ? წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოსაზრება, რომ მოკვდავი ადამიანი უშეცდომოა – უბრალოდ უდიდეს გაუნათლებლობაზე მიუთითებს.
  8. მოდით განვიხილოთ შეცდომების სხვა მაგალითებიც: თქვენ თვლით, რომ მისი განცხადებასუროგაციით დაბადებული ბავშვების ცოდვის შვილობაზე, ემიგრანტებზე, ღამის ბარების მიერ ახალგაზრდების სულის მკვლელობაზე (როცა ღამის ბარებში მუშაობა უამრავი ადამიანისთვის შემოსავლის წყაროა) და ა.შ. მისაღებია?
  9. კომენტარებში დაფიქსირდა ტექსტი, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და ჩვენ ვერ ვიგებთ უბრალოდ, მაშინ რით ახსნით იმას, რომ ყოველი ეპისტოლეს შემდეგ, საპატრიარქოს ხელახლა უწევს პატრიარქის სიტყვების ახსნა და აცხადებს, რომ სულ სხვა რამ იგულისხმა? აბა დაფიქრდით და კიდევ ერთხელ დაგისვამთ შეკითხვას: თქვენი აზრით, გამგონეშია პრობლემა, თუ მთქმელში?
  10. „პატრიარქის ლანძღვა რა მოდაშია“ – მსგავს კომენტარებზე საერთოდ მრცხვენია, რომ მის ავტორს ოდესღაც ვიცნობდი, ადამიანები, რომლებსაც „ლანძღვა“ ჯანსაღი კრიტიკისგან ვერ გაგირჩევიათ, საერთოდ უუფლებოები ხართ სადმე კომენტარის დატოვების.
  11. და ბოლოს, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, პატივს ვცემ პატრიარქს და ჯერ კიდევ როდის გამოვდიოდი სიტყვით, რომ სამარცხვინოა ეკლესიის და პატრიარქის უკანასკნელი სიტყვებით მოხსენიება და ეს უფრო სიბნელეზე მიუთითებს, ვიდრე პროგრესულობაზე, არაერთხელ თავგამოდებითაც დამიცავს, მაგრამ როცა ცდება და ამ შეცდომას მომენტალურად, ბრმად იტაცებს ასობით კერპთაყვანისმცემელი, მგონი მეტი დაფიქრება მართებს ეკლესიას.
  12. შეგნებულად არ ვსაუბრობ “ჯიპების გადადნობაზე” და ამით ახალი ზოოპარკის მშენებლობაზე, თუმცა ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ საპატრიარქოსაც საკმარისზე მეტი თანხა აქვს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
  13. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ახალგაზრდების მსგავსად ერთ მუშტად შეკრულ სამღვდელოებას თუ ვნახავდი, რომელიც ხალხსაც მოუწოდებს შრომისკენ, აი ზუსტად ისე შეკრულს, როგორებიც 17 მაისს იყვნენ, ან კაზანტიპის გაპროტესტებისას. და ეს არც ახლაა გვიან, ქალაქს ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება.
  14. ამ ყველაფრის გავლენას უკვე ვხედავთ, როცა ნაკლებად შეგნებული ადამიანები უკვე აზიარებენ პოსტებს, რომ ღმერთმა კაზანტიპისთვის დაგვსაჯა, რომ ღირსები ვიყავით, შემდეგ საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს, ცალკე თემაა დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ ყველაფერს ისმენენ. როგორ ფიქრობთ, ეკლესიის ვალი აგრესიის თესვაა, თუ პირიქით? ჰოდა, მაშინ რატომ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს რას ამბობს, მათ შორის საპატრიარქოც?
  15. რას იტყვით იმ მამაოებზე, რომლებიც ამ ყველაფერს არ ეთანხმებიან და ჩემი მსგავსი მოსაზრება აქვთ? ისინიც, როგორც მე მიწოდებთ, “ურჯულოები” არიან და ვინმესთვის ცუდი უნდათ?

მეტი დადებითი მაგალითია საჭირო, ნაცვლად მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციის თავს მოხვევისა.

და ბოლოს, ორი დღეა ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართელოში ვცხოვრობ, სადაც დიდი და პატარა, ტალახში ამოგანგლულები ცდილობენ დაეხმარონ დაზარალებულებს, გვეხმარებიან ქალაქის დასუფთავებაში და ასე ერთ მუჭად შეკრული – ვგრძნობთ ერთმანეთის თანადგომას.

ფოტოებს რომ ვხედავ, ლამის მეტირება და ორმაგი ენთუზიაზმით ვასრულებ ჩემ წილ საქმეს და ისტერიულად ვაგროვებ თანხებს დასახმარებლად და ამდენი ნეგატიური ინფორმაციის ფონზე, ეს ერთსულოვნება პოზიტივით მავსებს
და ამ დროს ეკლესია და პატრიარქი ყველაზე მეტად უნდა იდგნენ ჩვენს გვერდით!

 

წყარო: guramsherozia.com

კომენტარები

სხვა სიახლეები