ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ არაერთი ცნობილი ქართველი დააკავა და რამდენიმე მათგანი დღემდე პატიმრობაში რჩება.
საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა რამდენიმე დღის წინ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილის დაკავებამ. მისი ავტომობილის ჩხრეკისას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 ე მუხლის პირველი და მესამე “ა” ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.
მსახიობმა და ბიზნესმენმა 10-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
კახა მამულაშვილი (მამულიჩა) – პროდიუსერი
პროდიუსერი კახა მამულაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებოდა ბრალად. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. “ექსტაზი” 0,2048 გრ.
მამულაშვილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. “მამულიჩას” წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
2015 წლის 9 სექტემბერს კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას, დაცვის მხარის შუამდგომლობით, პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა. ცნობილ პროდიუსერს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე 10 დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება.
ლევან როსტოშვილი (როსტო) – ტელეწამყვანი; ლაშა კურტანიძე – მსახიობი
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული ლაშა კურტანიძეც.
2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა, მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს – 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. ამ დრომდე სასჯელს იხდის ლევან როსტოშვილი, რომელმაც როგორც ცნობილია შეწყალება ითხოვა, თუმცა, პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.
თემურ თათარაშვილი – მომღერალი
მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წელის 26 სექტემბერს თბილისში, სანაპიროზე დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერება სუბუტექსის შენახვა-რეალიზაცია ედებოდა ბრალად. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თათარაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომღერალი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2008 წლის 27 იანვრის პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე.
პატიმრობას თათარაშვილი პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მან გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რის გამო მოხდა მისი დაკავება: “2006 წლის 25 სექტემბერს დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, “პესკებზე” მიხეილ სააკაშვილმა ყურძენი უნდა დაწუროს და თქვენ მის გვერდით უნდა იდგეთ, დილით 11 საათზე მობრძანდითო. მე უარი ვუთხარი ადმინისტრაციას, სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 3 საათზე და ოთხის წუთებზე უკვე დამაკავეს. მანამდე რომ ყოფილიყო დაგეგმილი ჩემი დაპატიმრება, პრეზიდენტის პროგრამაში მე არავინ ჩამსვამდა. შვილიშვილებს ვფიცავარ, იმ მომენტში ჯიბეში არაფერი მდებია”, – ამბობდა თათარაშვილი ინტერვიუში.
ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) – მომღერალი
მომღერალი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო 2012 წელს ციხეში მოხვდა. ამის მიზეზი მარიხუანას მოხმარება გახდა. მომღერალმა სასჯელი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოიხადა. წელიწადნახევარი ჰქონდა მისჯილი, თუმცა მხოლოდ წელიწადი მოიხადა და ამნისტიით გათავისუფლდა.
კახა აბუაშვილი (კაბუ) – მომღერალი
მსახიობი კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი 2007 წელს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. ნარკოტიკული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლომ აბუაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და მეორე დღესვე გაათავისუფლა. მომავალში მსახიობს არაერთ ინტერვიუში უღიარებია, რომ სხვადასხვა დროს ნარკოტიკთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ამჟამად კაბუ საფრანგეთში ცხოვრობს.
გიორგი გიორგანაშვილი – მსახიობი
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე “ბახალას” ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ედება. პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გიორგი გიორგანაშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე გააჩერეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების “ბუპრენორფინის” შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი ამოიღეს. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია – “ბირჟა მაფია”
რეპერები 2017 წლის 8 ივნისს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრებს Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების MDMA-ს უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
თუმცა, თავად პროექტ “ბირჟა მაფიას” წევრები და მათი ახლობლები დაკავებას რეპრების სკანდალურ კლიპს უკავშირებდნენ. კლიპში “TSL შავი ზედა” პოლიციელია გაშარჟებული.