ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი ხდება ლიდერი, მეტ წარმატებულ, რეალიზებულ ქალს ვხედავთ, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ. ამის პარალელურად კი, ჯერ კიდევ მილიონობით ქალი ცხოვრობს უმძიმეს პირობებში, განიცდიან ჩაგვრას, სექსუალურ შევიწროებას, ბევრი მათგანი ვერ იღებს განათლებას, არიან ნაადრევ ქორწინებაში და ცხოვრობენ გარემოში, სადაც არანაირი უფლებები არ აქვთ.
ჩვენს ეპოქაში სულ უფრო მეტი პოპულარული ადამიანი არ ერიდება ხმამაღლა საუბარს ქალების უფლებების შესახებ და რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა, მათ შორის, ბევრი მამაკაცია. ვნახოთ, ვინ არიან ცნობილი ფემინისტი კაცები:
1. ჯოზეფ გორდონ ლუიტი
მსაიხობი და რეჟისორი ცნობილია თავსი ფემინისტური შეხედულებებით და ქალების უფლებების მხარდამჭერი აქტივობებით. „სქესით არ განისაზღვრება ის, თუ ვინ ხარ, შენ თავად უნდა განსაზღვრო შენი თავი“, – ამბობს მსახიობი Daily Beast-თან ინტერვიუში.
2. უილ სმიტი
უილ სმიტი ხშირად საუბრობს ქალების უფლებებზე საჯაროდ და ამბობს, რომ გოგონები თავიანთი სხეულის გამო ხშირად ხდებიან ბიჭების მხრიდან ბულინგისა და ჩაგვრის მსხვერპლნი. ის ყოველივეს აპროტესტებს და ამბობს, რომ ადამიანი სქესის გამო (და არც არაფრის გამო) ჩაგვრის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.
3. ჰარი სთაილსი
საყურადღებოა, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა თაობის მამაკაცი იცავს ქალების უფლებებს და მხარდაჭერას უცხადებს ფემინისტებს. მათ შორის, ერთ-ერთია ჩვენი დროის გამორჩეული ვარსკვლავი, მუსიკოსი ჰარი სთაილსი. ის აპროტესტებს სექსისტურ დამოკიდებულებებს. „თანასწორობა ყველაფრის ფუნდამენტი უნდა იყოს“, – ამბობს ჰარი.
4. კრის ჰემსუორთი
მსახიობი კრის ჰემსუორთი მხარს უჭერს ქალების უფლებადამცველებს და მათ აქტივობებს ხშირად უერთდება. „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სექსუალური შევიწროების, ძალადობის წინააღმდეგ. საკმარისია, იმ ნაგვით ცხოვრება, რომლითაც ცივილიზაციის დასაწყისიდან მოვდივართ.“
5. ჯეისონ მომოა
ჯეისონ მომოა ამბობს, რომ ის მარტოხელა დედამ გაზარდა, რამაც ქალის უფლებებთან დაკავშირებულ მის შეხედულებებზე გავლენა მოახდინა. „მე კაცს არ გავუზრდივარ, მარტოხელა ქალმა გამზარდა. ქალები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან“, – ამბობს ჯეისონ მომოა.
6. რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი ფიქრობს, რომ ქალი სხვადასხვა თვალსაზრისით ბევრად აღემატება მამაკაცს. „ვფიქრობ, ქალები მამაკაცებზე უკეთესები არიან, უფრო ძლიერები და უფრო განვითარებულები. ამას განსაკუთრებით ისინი მიხვდებიან, ვისაც ქალიშვილები ჰყავს და ხედავს მათ განვითარებას.“
7. ბენედიქტ კამბერბაჩი
პოპულარული ბრიტანელი მსახიობი მსოფლიოში უყვართ არამხოლოდ თავისი სამსახიობო ნიჭის გამო, არამედ დამოკიდებულებებისა და აქტივობების გამო. ბენედიქტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფემინისტი მამაკაცია. ის ამბობს, რომ მამაკაც და ქალ მსახიობებს ერთნაირი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ და არ თანხმდება როლს, თუკი პარტნინორ ქალს მისი თანაბარი ანაზღაურება არ ექნება. ცნობილია, რომ მსახიობმა ერთ-ერთ როლზე სწორედ ამის გამო თქვა უარი. ბენედიქტი დროდადრო შეახსენებს ხოლმე ადამიანებს, რომ ფემინისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად მისი სქესისა.