სანკტ-პეტერბურგელი ცნობილი სცენარისტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას სოციალური ქსელით ეხმიანება.
ემოციურ მიმართვაში სავა მინაევი აღნიშნავს, რომ ომს ბავშვები ეწირებიან, რაც გაუმართლებელი დანაშაულია და ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს:
„არიან ისინი, ვინც წუხილს ხმამაღლა გამოხატავენ, არიან ისინიც, ვინც ჩუმად განიცდიან…არაფერს დავწერდი ომის შესახებ, რომ არა შემთხვევა, რომელიც ამ ორ დღეში გადამხდა: ჩემი სახლის ქვეშ ხანძარი გაჩნდა და შუაღამისას მოვკიდე ჩემს შვილ ვასიას, საჭირო დოკუმენტები ავიღე და ღამის გასათევად მეგობრებთან წავედით. მეორე დღეს გაზის კომპანიის მენეჯერმა შეგვატყობინა, რომ ხანძრის მიზეზი გაჟონვა იყო, ჩვენს სახლში სრულიად უცხო ადამიანები მოვიდნენ და აბაზანის კედლის მტვრევა დაიწყეს…
ახლა ყველაფერი დასრულდა. ჩემს შვილს კვლავ თავის საწოლში სძინავს, დადის რობოტიკაზე, მღერის სიმღერას „სამი მუშკეტერიდან“, მეხუტება, იცინის, ძველებურად, ხან სწყინს და ხან – უხეშობს…და ასე უნდა ყველა ბავშვი მთელ მსოფლიოში.
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცუდები, ვიყოთ კარგები, შეიძლება მოვიტყუოთ ან ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, მაგრამ ყველგან და ყველა დროში, ყოველთვის არსებობდა ერთი მთავარი ღირებულება, რომელსაც ყველა რწმენის ადამიანი იზიარებდა – ეს ბავშვები არიან!
და, როცა ბავშვები იღუპებიან, საერთოდ, საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი და ვინ ტყუის. ეს ყველაფერი, უბრალოდ, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!“, – წერს მინაევი.
სხვა სიახლეები