ცნობილი ექიმი, დავით თელიას კლინიკის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი დავით თელია 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ვაჟი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ავრცელებს:
“გარდაიცვალა მამა – დავით თელია…
პანაშვიდი – კვირა, ორშაბათი”.
თელია ალექსანდრე (დავითი) ზაქარიას ძე დაიბადა 1954 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. 1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა კლინიკიური ინტერნატურის და ორდინატურის კურსები ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე. ასპირანტური დამთავრების შემდეგ, 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები.1994 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე. 2001-2003 წლებში მოწვეული პროფესრორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და გამოტვლიტი მათემატიკის კათადრაზე. 2003-2005 წლებში იყო თსსუ ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. იყო თსსუ შინაგან სნეულებათა N2 დეპარტამენტის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.კლინიკურ (ლიცენზირებულ) საქმიანობას ეწეოდა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით. იყო კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობდა მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. გახლდათ საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქ. ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, საქ. მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.
Next Post
სხვა სიახლეები