ცვლილებები ნუ შეგაშინებთ

ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები… უცნობ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობს საერთო ენას, მოსაწყენ ამბებსაც კი ისე ჰყვება, რომ ყველა ინტერესით უსმენს. მასთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. ასეთი მეგობრით ალბათ უნდა იამაყო, მაგრამ… წარმოიდგინეთ, რა ძნელია “ვარსკვლავის” მუდმივი თანამგზავრობა! როგორ გამოვიდე მისი ჩრდილიდან ისე, რომ ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს?

გამოსავალი, რა თქმა უნდა ,არსებობს და ის თქვენშია.

1. წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები
გამოკითხეთ მეგობრები, თქვენი ხასიათის რომელი თვისებები, ქცევის რომელი თავისებურებები ეჩვენებათ მიმზიდველად და სწორედ მათ წარმოჩენას ეცადეთ. თუ მომხიბვლელი ღიმილი გაქვთ, ნუ გაუშვებთ ხელიდან შემთხვევას, მოახდინოთ მისი დემონსტრირება. თუ კარგი დიასახლისი ხართ, მოაწყვეთ საღამოები და გაუმასპინძლდით მეგობრებსა და კოლეგებს გემრიელი კერძებით.

2. განავითარეთ და დახვეწეთ საჭირო თვისებები

დააკვირდით თქვენს მეგობარს, შეეცადეთ გაიგოთ, მის რომელ თვისებებს აფასებენ ყვ­ელაზე მეტად გარშემო მყოფნი. “მოსინჯეთ” ისინი თქვენს თავზე და დაფიქრდით, ამ თვისებებიდან რომლის განვითარებას შეძლებთ საკუთარ თავში და რომლები არ შეგეფერებათ.

3. იპოვეთ თქვენი სტილი
ცნობილია, რომ ჩაცმულობა ბევრ რამეზე მეტყველებს, ბევრი აქცევს ყურადღებას, როგორ გამოიყურებით. როგორ ტანსაცმელში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? შესაძლოა, საოფისე დრესკოდს ემორჩილებით, მაგრამ მოკლე ქვედაკაბასა და დეკოლტეზე ოცნებობთ. ვინ გიშლით ასე ჩაცმას სამსახურის გარეთ, არასამუშაო დროს? ასე უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს – სტილში ხომ თქვენი პიროვნება აისახება.

4. გაერთეთ
თუ გაქვთ ჰობი, ამაზე საუბრის ნუ მოგერიდებათ. უმ­რ­ა­ვლესობას მო­ს­წონს პირ­ოვნებები, რომლებიც რამით არიან გატაცებულნი. ასეთ ადამიანებს თვალები ენთებათ, როცა საყვარელ საქმესა თუ ჰობიზე ლაპარაკობენ. გარდა ამისა, ეს დაგეხმარებათ თანამოაზრეთა პოვნაში, ახალი მეგობრების შეძენაში.

5. გამოდით “დღის სინათლეზე”
შინ ჯდომის მოყვარულებს უჭირთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპანიის სულად და გულად ქცევა. მოჰკიდეთ ხელი ფიტნესს, ცეკვას, უცხო ენის შესწავლას. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი ცხოვრება, მით უფრო საინტერესოდ მიგიჩნევენ გარშემო მყოფები. მაგრამ რა რეაქცია ექნება თქვენს მეგობარს თქვენს მისწრაფებაზე, მისი ჩრდილიდან გამოხვიდეთ? თუ სურს, ერთადერთი “ვარსკვლავი” იყოს ცის კაბადონზე, თქვენ კი მის ერთგულ თანამგზავრობას დასჯერდეთ, ურთიერთობის გადახედვა მოგიწევთ. რა აზრი აქვს ასეთ მეგობრობას? გიღირთ კი ასეთი ურთიერთობა? თავდაჯერებული ქალი კი თქვენს ქცევაში საფრთხეს ვერ დაინახავს. თუ მისთვის დამახასიათებელია თანაგრძნობა, მაშინ თავადაც სიხარულით დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო საინტერესო, კომუნიკაბელური და ღია. კომპანიაში, სადაც ყველა კარგად გიცნობთ, არც ისე იოლია ქცევის ჩვეული სტილის შეცვლა, ამიტომ ახალი ცხოვრების დაწყება უცნობი ადამიანების გარემოცვაში ჯობს.

  • გააფართოვეთ ნაცნობების წრე. სთხოვეთ მეგობარს, გაგაცნოთ თავისი მეგობრები.
  • გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა. ნუ იჯდებით მოშორებით, უსმინეთ სხვებს, თავადაც ჩაერთეთ საუბარში, მიიღეთ მონაწილეობა ნებისმიერი საკითხის განხილვაში, გამოთქვით აზრი.
  • ეცადეთ, თითოეულ თანამოსაუბრეში იპოვოთ რამე კარგი. ადამიანების მიმართ გულწრფელი სიმპათიის გამოხატვა წარმატებული ურთიერთობის ერთ-ერთი საფუძველია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რა სასიამოვნოა საუბარი ადამიანთან, რომელსაც საუბარი სიამოვნებას ანიჭებს.
  • გამოამჟღავნეთ კეთილგანწყობა, ყურადღება, გულისხმიერება, ინტერესი. ყურადღებით უსმინეთ თანამოსაუბრეს და აუცილებლად დასვით დამაზუსტებელი კითხვები.
  • გჯეროდეთ საკუთარი თავის. ნუ შეგაშინებთ, რომ შესაძლოა რამე არასწორად თქვათ ან გააკეთოთ. შეცდომა არ მოსდის მხოლოდ მას, ვინც არაფერს აკეთებს.


საინტერესო ფაქტები

ფრანგმა ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი 300 მამაკაცს საშუალო გარეგნობის ქალების ფოტოსურათებს აჩვენებდნენ. ერთ ფოტოზე ისინი ეფექტური ლამაზმანების გარემოცვაში იყვნენ გადაღებული, მეორეზე – ჩვეულებრივი ქალების გვერდით, მესამეზე – შეუხედავი ქალების კომპანიაში. პარადოქსული ის იყო, რომ მამაკაცებმა ყველაზე მომხიბვლელებად პირველ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ქალები მიიჩნიეს! ამრიგად, ნუ შეგეშინდებათ, რომ მომხიბვლელი მეგობრების ფონზე “ნაცრისფერ თაგუნად” გამოჩნდებით.

 

წყარო: http://www.mkurnali.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები