– მძიმეა ორშაბათი თუ ჩქარი? – ეს კითხვა ყოველი კვირის დასაწყისში მიჩნდება და მერე პასუხის მოძებნა მავიწყდება.
ჩქარი, ჩქარი, ჩქარი…
ჯერ იყო და გაღვიძება, უფრო სწორად დაძინება ვერ მოვასწარი და უკვე მანქანაში აღმოვჩნდი. ბავშვს მაისურს ვუსწორებდი და ცალი თვალით საკუთარ გამომეტყველებას სარკეში ვაკვირდებოდი.
მერე ,,ბოტასებს’’ შევხედე, რომლებიც ნაკლებად უხდებოდა ნაჭრის კაბას, მაგრამ დღეს ასეთ განწყობზე ვარ: მინდა ვიყო ერთდროულად სერიოზული და არასერიოზულიც, ნოსტალგიური, პრაქტიკული, დასვენებულიც და დაღლილიც.
დღეს თვეების წინ ბოლოჯერ გავლილ მარშრუტს ვუბრუნდები
და
ჩუმად ვეფერები მომავალს.
– პე, მოდი ჩაგეხუტო! – ჩანთამოკიდებულ პეტრეს გავხედე, ემოცია მომაწვა. მოტრიალდა და თავი მომადო.
-რა ფუმფულა ხარ…
– ფუმფულა ვარ? – ხანდახან ერთი სიტყვაც საკმარისია მიწას დავუბრუნდე.
– ხო დედა, რა დაგემართა, ფუმფულა მსუქანს კი არ ნიშნავს, თბილს ნიშნავს და დათვს, – მიპასუხა და უფრო მომეკრო.
აღარ გამიპროტესტებია. ჩვენი წელი დაიწყო. თბილისი ჯერ ისევ არ ჩანდა…
წყარო:https://tteikoanjap.wordpress.com/