ჩინეთში ფილმებისა და სერიალების გადაღება ან ჩვენება, სადაც მდიდარი მამაკაცი ღარიბ გოგონას უყვარდება, ოფიციალურად არ აიკრძალა, თუმცა მსგავსი სიუჟეტები მკაცრი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოექცა. ბოლო წლებში ჩინეთის ხელისუფლება გასართობ ინდუსტრიაზე კონტროლს აშკარად ამკაცრებს და განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ისტორიებს უთმობს, სადაც პერსონაჟები წარმატებას მარტივად, ძალისხმევის გარეშე აღწევენ.
სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შეზღუდვები შეეხო იმ სიუჟეტებსაც, რომლებიც სიმდიდრეს, ფუფუნებასა და მაღალი სოციალური სტატუსის მიღებას რომანტიკულად წარმოაჩენს. ხელისუფლების პოზიციით, მსგავსი ნარატივები საზოგადოებაში არარეალურ მოლოდინებს აჩენს და შრომის, დისციპლინისა და პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამცირებს.
ახალი მიდგომა ერთჯერად გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და უფრო ფართო კულტურული პოლიტიკის ნაწილია. ჩინეთში უკვე არაერთი შემთხვევა იყო, როცა ეკრანებიდან მოიშორეს ან შეიზღუდა კონტენტი, რომელიც სიმდიდრის კულტს, დემონსტრაციულ ფუფუნებას ან „წარმატების მარტივი გზების“ პოპულარიზაციას ახდენდა.
რეალურად, ჩინეთი ცდილობს, მასობრივი კულტურა ისეთი ჩარჩოებით დაარეგულიროს, სადაც წარმატება შრომასა და პირად ძალისხმევასთან იქნება დაკავშირებული და არა შემთხვევით იღბალთან ან სოციალურ პრივილეგიებთან.