თამარ კიკალიშვილის მამა 7 კვირის განმავლობაში ებრძოდა კოვიდს. აქედან 1 თვე ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. 4 აგვისტოს ვახტანგ კიკალიშვილი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 38 ადამიანს შორის, რომელთა გარდაცვალებაც სახელმწიფომ იმ დღეს აღრიცხა.
თამარ კიკალიშვილის თქმით, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები იმ დროისთვის აცრილნი არ იყვნენ. ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას, ერთი მხრივ, მამასა და ვირუსთან მისი ბრძოლის რთულ პერიოდზე ჰყვება, მეორე მხრივ კი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებენ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისგან.
სტატიას თან ახლავს ბოლო მიმოწერები ვახტანგ კიკალიშვილსა და მის ოჯახს შორის.
ნეტგაზეთი გთავაზობთ თამარ კიკალიშვილის ზეპირ ისტორიას:
როცა კოვიდი გამოჩნდა
2020 წლის დასაწყისში, როცა კოვიდ- 19 -ის შესახებ ინფორმაცია გავიგე, ერთი ჩვეულებრივი ვირუსი მეგონა, ისეთივე როგორც „ღორის გრიპის“ ან „ქათმის გრიპის„ გამომწვევი. ვფიქრობდი, რომ პანიკა უსაფუძვლოდ ატყდა და ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლებოდა.
შემდეგ, ტელევიზიით ვნახე იტალიაში კოვიდ პაციენტებით გადავსებული კლინიკები, უამრავი გარდაცვლილი და იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი, სასოწარკვეთილი რომ დარბოდა ქუჩებში და მოუწოდებდა ხალხს იზოლაციაში დარჩენილიყვნენ, მაშინ ვიგრძენი რეალური შიში.
სამწუხაროდ, ამ შიშმა ნელ-ნელა სიმძაფრე დაკარგა, რადგან ჩემს გარშემო არც არავინ დაინფიცირდა და ნაცნობებშიც ვინც დაინფიცირდა, ყველამ მარტივად გადაიტანა. სულელურად მეგონა, რომ ეს ვირუსი ან არ შეეხებოდა ჩემს ახლობლებს, ან მსუბუქად გადაიტანდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გვერდს ამივლიდა. შევცდი.
როგორ დაინფიცირდა მამა
მამაჩემი დაინფიცირდა იმიტომ, რომ თვითონაც და გარშემო მყოფმა ადამიანებმაც ზედმიწევნით არ დაიცვეს დადგენილი წესები. როცა წესებს ვარღვევთ, მიზეზი მარტივია, ვერ ვიაზრებთ რეალურ საშიშროებას, რომ ერთმა დარღვევამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი, ან სხვისი ცხოვრება.
მამაჩემის დაინფიცირების ისტორია იმიტომ არის საინტერესო და საყურადღებო, რომ დაგანახოთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ერთმა არასწორმა ქმედებამ, მაგალითად, დახურულ სივრცეში უპირბადოდ ყოფნამ.
წარმოვიდგინოთ, რომ ერთი შეცდომა არის პატარა ქვასავით, რომელიც ზვავის მოწყვეტას იწვევს. ჩვენი ოჯახისთვის ზვავის ჩამოწოლა იქიდან დაიწყო, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა სიცხე და ხველა, სწრაფი ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი და ეს ადამიანი მივიდა სამსახურში. დახურულ სივრცეში პირბადე არ ეკეთა და დააინფიცირა 6 თანამშრომელი.
იმ 6 ადამიანიდან ზოგს გვიან გამოუვლინდა სიმპტომები, როგორც კოვიდ დადებითთან კონტაქტის მყოფი, არ იზოლირდა და ამასობაში უნებლიედ გადასდო სხვებს. ზოგიერთს მალევე დაეწყო მსუბუქი სიმპტომები, ბანალური გაციება ეგონა, არ იზოლირდა და დააინფიცირა სხვები.
რაც ჩვენ ვიცით, ერთმა კოვიდ დადებითმა დააინფიცირა 6 და შემდეგ იმ 6-მა ადამიანმა დააინფიცირა 16 ადამიანი. ამ 16 ადამიანს შორის აღმოჩნდა მამაჩემიც: ვახტანგ კიკალიშვილი, 65 წლის, კოვიდ გართულებისთვის საშიში ქრონიკული დაავადების არმქონე, სიცოცხლით სავსე ადამიანი.
ერთმა დაუდევრობამ გამოიწვია 22 ადამიანის დაინფიცირება და ჯამში გარდაიცვალა 3 ადამიანი. ერთ-ერთი იმ 3-დან იყო მამაჩემი. ეს ის რაოდენობაა, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, შეიძლება, მეტიც იყო.
ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ როცა ვარღვევთ ერთ თითქოს უმნიშვნელო წესს, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლოა ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო გარდაიცვალოს 3 ადამიანი, ან ჩვენ აღმოვჩნდეთ იმ 3 გარდაცვლილ ადამიანს შორის.
რას ვფიქრობდი ვაქცინაზე
მეც, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, ჯერ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ზოგადად ვაქცინების მიმართ, მერე ველოდებოდი “არაჩინურ” ვაქცინას… ამასობაში დავკარგე დრო, რომელსაც ვეღარ ვიბრუნებ. დღეს ვფიქრობ, რომ ჩემს გარშემო ყველა უნდა ამეცრა იმ ვაქცინით, რაც ხელმისაწვდომი იყო.
როგორც კი მამა დამძიმდა, მთელი ოჯახი ავიცერით. ახლა შედარებით მშვიდად ვართ, რადგან თუ დავინფიცირდით, მჯერა, რომ ყველაფერი სიკვდილით არ დასრულდება.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ აცრილი, ან არ გყავს აცრილი დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ან ნებისმიერი ახლობელი, არ მოტყუვდე და არ გეგონოს, რომ ეს ომი არ შეგეხება. ერთ მშვენიერ დღეს, მამაჩემივით, შესაძლოა ფრონტის წინა ხაზზე, ანუ რეანიმაციაში აღმოჩნდე შენ, ან შენი ახლობელი.
ერთ დილას, შესაძლოა, შენც გაუგზავნო მამას სმს: “მოგვწერე რომ გაიღვიძებ”, და მერე ელოდო პასუხს დღეები, კვირები… ან ყოველთვის. ადრე იმედი მაინც მქონდა და ახლა უკვე ვიცი, რომ ვერასდროს ნახავს ამ მესიჯს და ვერც ვერასდროს მიპასუხებს.
“ვერ ვიაზრებდი, რამდენად არაჩვეულებრივი ადამიანი იყო”
ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ მამაჩემის გარდაცვალებამდე ვერ ვიაზრებდი, რამდენად არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მეგონა რომ ყველა მამა ასეთია და მისი გამორჩეული თვისებები ნორმაა. ძალიან ვნანობ, რომ სანამ ცოცხალი იყო, მანამდე ვერ მივხვდი რა დიდი ფასი ქონდა მის იუმორს, ინტელექტს, სიკეთეს, თავდადებას და სინამდვილეს. ერთი გრამი სიყალბე არ ერია.
როცა ახლობლები გვერდით გვყავს, ვერ ვხვდებით ყველაზე მნიშვნელოვანს. სულ ვფიქრობ, ნეტავ თებერვალი იყოს, ან მარტი, ან აპრილი. ნებისმიერი დღე იყოს 2021 წლის 14 ივნისამდე, რომ ვუთხრა ყველაფერი, რისი თქმაც ახლა მინდა მასზე.
როგორ დაიღუპა მამა
სანამ დააინტუბირებდნენ [მართვით სუნთქვაზე გადაიყვანდნენ], სულ ჰქონდა ჩვენთან კონტაქტი და გვწერდა იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რასაც გადიოდა. გვეუბნებოდა, რომ არასდროს მანამდე ასეთი ტკივილი და ტანჯვა არ უგრძნია. სიპაპის აპარატს მიჯაჭვული ჩვენ გვამშვიდებდა. ბოლომდე იბრძოდა.
ერთ-ერთ ბოლო მესიჯში მომწერა: “იცოდე რამე რომ მომივიდეს არ იფიქრო რომ დავნებდი, ბოლომდე ვიბრძოლებ”. თითქმის 2 თვე იბრძოლა.
1 თვე იყო „აპარატზე“. ეს ერთი თვე ჩვენთვის გახდა 30 ტანჯული დღე და 720 ტკივილიანი საათი, როცა იმედი და სასოწარკვეთილება ტალღებივით ცვლიდნენ ერთმანეთს. ყველანი ერთად ვიბრძოდით: ჩვენ, მამა, ექიმები, სანიტრები, ექთნები.
აპარატზე შეერთებიდან 2 კვირაში ყველა ბარიერი დასძლია, უკვე ექსტუბაცია (აპარატიდან მოხსნა) უნდა მომხდარიყო, მაგრამ ცნობიერება არ დაბრუნდა, ამიტომ, ისევ აპარატზე დარჩა. კიდევ 2 კვირა იბრძოლა. ბოლო წუთამდე იმედი გვქონდა.
საბოლოოდ, გაჩერდა გული და ყველაფერი დასრულდა.
მამას დამძიმების შემდეგ ბევრს ვფიქრობდი და სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარს წარმოვიდგენდი, იქნებ ასე რომ მოვქცეულიყავი, ამერიდებინა, იქნებ დავაგვიანე, იქნებ არასაკმარისი გავაკეთე, იქნებ შემეშალა. შესაძლოა, ნებისმიერი სხვა გზის, თუნდაც, ამ გადმოსახედიდან უფრო სწორის არჩევისას, მოვლენები მაინც იმავენაირად განვითარებულიყო, შედეგი იგივე დამდგარიყო… ალბათ, მთავარია ყოველთვის, ნებისმიერი ქმედების დროს, მართალი ვიყოთ ჩვენს სინდისთან. ალბათ ამიტომაც, მერე ყოველთვის ვნანობთ რაღაცებს.
რას ვეტყვი მათ, ვინც არ იცრება
სანამ საუბრის და წერის თავი ჰქონდა, სულ იმეორებდა: “აიცერით. ყველას უთხარი, აიცრას”. ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ. გთხოვთ, თქვენ მაინც ნუ შეხვალთ ამ ბრძოლაში. თუ აცრილი არ ხართ, აიცერით და აცერით თქვენი ახლობლები.
მე არ ვიცი, რა იქნება ვაქცინაციის გაკეთებიდან 20 წლის ან თუნდაც 100 წლის შემდეგ, მაგრამ ვიცი, რა ტანჯვაც გამოვიარეთ ბოლო 2 თვის განმავლობაში. მე დღეს ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ და მგონია, რომ აცრა ამ ჯოჯოხეთურ სიკვდილს აარიდებდა მამაჩემს.
4 აგვისტოს 38 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან არცერთი იყო აცრილი. მამაჩემი, რომელი ნომერი იყო იმ 38-ს შორის, არ ვიცი. 38 უბრალოდ რიცხვი არ არის. 38 არის 38 ჯოჯოხეთური ტანჯვით გამქრალი ადამიანი და მათი ახლობლების ათასობით ტკივილისგან დასერილი გული.
“ცრემლებამდე მენატრებით” — ვახტანგ კიკალიშვილის ბოლო გზავნილები ოჯახს
წყარო: netgazeti.ge