ჩვენმა ქვეყანამ, მოხუცების და ბავშვების დასაცავად, ნაძირლების მოქმედებებს უპასუხა – მედვედევი აგვისტოს ომის შესახებ წერს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის შესახებ წერს.

“12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქცევას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების მოქმედებებს, რომლებმაც დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების, ასევე იმ სამშვიდობოების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქართულ სოფლებში მაცხოვრებლების, მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ფაქტობრივად ეს იყო რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება. ამიტომ, მე მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაპირველად დამეცვა აგრესიისგან, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების თხოვნით, მეღიარებინა მათი სრული დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამიერკავკასია გადაიქცეოდა დენთის კასრად, რაც რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა მეზობელ სახელმწიფოებში მშვიდობის შენარჩუნებას.

რუსეთი ვერასდროს დაუშვებს თავდასხმას ჩვენს მოქალაქეებზე, არ აქვს მნიშვნელობა სად ხდება ის. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება ადეკვატური,რათა დავიცვათ სტაბილურობა და უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში”,- დაწერა მედვედევმა.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე საქართველო დაბლოკა. სავარაუდო მიზეზი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ქართველი ფეისბუქმომხმარებლების რეაქცია გახდა. თუმცა სხვა ქსელებში, სადაც ქართველებს წვდომა აქვთ, მისი განცხადება კვლავ იძებნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები