„ჩვენი შვილის დაკარგვა იმ ადამიანების კისერზეა, ვინც ეს დაუშვა“ – ლუკა კურტანიძე ცოლთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს 

ლუკა კურტანიძე ცოლთან დაშორებაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

მისი თქმით, მის პირად ტრაგედიაში ბევრი ადამიანის ხელი ურევია.

„ძალიან ბევრი ადამიანის ხელი ურევია ჩემს პირად ტრაგედიაში. ამას წინათ მივწერე ხათოს ამერიკაში, რომ სანამ ის ცოცხალია, მე ვერავინ წამაქცევს.

ის ჩემი ძალიან დიდი იმედია. მხოლოდ ის მინდა, რომ ჯანმრთელი და ძლიერი იყოს. დანარჩენს, ყველას, ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემა. მე მას ძალიან დიდი ტვირთი დავადე – ჩემი სიყვარული. ჩემს ყველა შვილს აქვს სახლ-კარი, ყველას ყურადღებას ვაქცევ, ისე არავინ დამიტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მე ამას სხვანაირად ვუყურებ, მესმის, რომ მშობლის გაყოფა არ შეუძლიათ. შეიძლება, ხათოზე სხვამ იფიქროს, რა უჭირს, ამერიკაშიაო, რადგან გაღიმებულს ხედავენ, მაგრამ მე მის თითოეულ გამოხედვას ვიცნობ და ვიცი, ამ ღიმილის უკან რამდენი ცრემლია.

ის ჩემი გულისა და სულის ნახევარია. ჩვენ შორის ღმერთია მოკავშირე. მხოლოდ ერთი რამ მინდა – თავს გაუფრთხილდეს, მინდა ბევრი წელი ვხედავდე მის ბედნიერ სახეს“,- ამბობს ლუკა კურტანიძე.

ლუკა ასევე შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს.

„ჩემმა შვილმა – ანამ ბევრი შეცდომა დაუშვა და როდესაც მე საყვედური ვუთხარი, ასეთი რამ მითხრა: მამა, შენ რომ წახვედი, მას შემდეგ კარზე კაკუნს რომ გავიგონებდი, მოვრბოდი იმ იმედით, რომ შენ იქნებოდი და ეს დღეები კი არა, წლები გრძელდებოდაო.

დედ-მამის დაშორება ჩვენი შვილებისთვის ძალინ მძიმე ტვირთია. ამას ვყვები იმიტომ, რომ მგონია, სხვა ადამიანებსაც დააფიქრებს.

ამის შემდეგ წლები გავიდა. იყო დრო, როცა ისეთი რთული პერიოდი მქონდა, ვცდილობდი, სიკვდილს გადავყროდი, ოღონდ ეს ტკივილი დასრულებულიყო. შეგნებულად ვეძებდი დიდ პრობლემებს, ოღონდ ამაზე არ მედარდა. ამ ბრძოლაში ჩემს თავზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ შევხდი ადამიანს, რომელმაც ჩემში კარდინალური ცვლილება გამოიწვია.

იმდენად მოწიწებით ვექცეოდი მას, იმდენად ლამაზი იყო ჩემთვის, რომ ყველაფერი დამავიწყა. ახლებურად დავიწყე ცხოვრება, იმედი დამიბრუნა, სიცოცხლე მომინდა. ეს იყო შემდეგში ჩემი ჯვარდაწერილი მეუღლე, ქალბატონი ხათუნა მიქაცაძე, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაანათა. შავებით და წვერით შემოსილი ადამიანი ყველანაირად შემცვალა, ბედნიერებაზე ფიქრი დამაწყებინა.

რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არაამქვეყნიური სიყვარულით ოჯახი შეგვექმნა. ის გახდა ჩემთვის ყველაფერი. თუმცა ცხოვრებას სირთულეები ახლავს. ხათო დაქვრივებული იყო, მას ორი შვილი ჰყავს, მე – ექვსი.

რაც უნდა დიდი გრძნობა გქონდეს ზრდასრულ ადამიანებს, არსებობს შვილების ფაქტორი, რომელთაც მშობლის არავისთან გაყოფა არ უნდათ. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, უნდათ, მშობელი ასი პროცენტით მათი იყოს.

თავიდან ამას ვერ ვაცნობიერებდით. როდესაც ძალიან დიდი სიყვარულია, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდები, ამაზე ვერ ფიქრობ. ბავშვი დიდია თუ პატარა, პროტესტი აქვს.

პატარა შეიძლება, ითმენს, მაგრამ როცა იზრდება, შემდეგ ხდება დიდი შეცდომები. ხათო არის დედა, რომელმაც ამქვეყნად ყველაფერი მოიკლო და მშიერ-მწყურვალმა, ყველასგან მიტოვებულმა გაზარდა ორი შვილი.

ჩვენ მთელი მსოფლიო შემოვიარეთ ერთად. იცით, როგორი სიყვარულით? რამდენიმე წუთით რომ დავშორდებოდით ერთმანეთს, უზარმაზარი მონატრება გვქონდა. გიჟური სიყვარულით განვვლეთ რამდენიმე წელი. აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარებოდა, ჩემთვის ყველაფერი იყო და ალბათ, ამით უდიდესი ტვირთი დავადე. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ის დედა იყო და მეტად უნდოდა შვილებთან. თუმცა, ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ“,- ამბობს ის.

ასევე ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ ხათოს გარეშე მას ყოველი წამი დაკარგული აქვს და იხსენებს, რომ წლების წინ, ბავშვი დაკარგეს.

„ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. ხათო ორი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ეს დაპირისპირება მოხდა. არსად წასულა, პირიქით, ის უფრო წინა პლანზე იდგა, ვიდრე მე და ამხელა ემოცია და ტრავმა მიიღო. ეს აისახა მასზე და ჩვენი შვილის დაკარგვა იმ ადამიანების კისერზეა, ვინც ეს დაუშვა. ის ადამიანები არ არიან იერარქიულად დაბალ საფეხურზე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ბრძოლის დროს მე ძალიან დიდი იმედი ვიყავი. მათი შეცდომების გამო არანორმალურად შეყვარებულმა ქალმა დაკარგა იმ ადამიანის შვილი, რომელთანაც ამხელა სიყვარული ჰქონდა და ეს აისახა ჩვენზე“,-ამბობს ლუკა კურტანიძე.

 

Prime Video Logo

კომენტარები

სხვა სიახლეები