ჩვენი კომპოზიტორთა კავშირის თავზემჯდომარის ამბავი

ფიცი მაქვს მიცემული, ფიცი, ფიცი… რამდენჯერ უნდა გითხრათ. სიტყვა მივეცი მე იმ ადამიანს, ბატონ სულხან ცინცაძეს, რომ იმ ცოდნას, რასაც კონსერვატორიაში მივიღებდი ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენებდი.

სულხან ცინცაძე, არჩილ ჩიმაკაძე, ოთარ ჩიჯავაძე, ლია დოლიძე, ნინა ჩერქეზიშვილი, ნუგზარ კიკნაძე, რუსუდან ჩაჩუა, ნუნუ ბახუტაშვილი, ნოდარ მამისაშვილი, მიხო შუღლიაშვილი, ალიკო შანიძე, ალექსი მაჭავარიანი, მზია იაშვილი, ნინა შუშანია, თამარ კვირიკაძე, ირინა ჯორჯაძე, ვანო ჟღენტი, ანტონ წულუკიძე. ჩემი ჩათვლის წიგნაკი მათი ავტოგრაფების მუზეუმს წარმოადგენს. ჩემი წითელი დიპლომის შეხედვაც ყოველთვის ძალიან მახარებს. ის ჩემი წარმატებული სტუდენტობის დოკუმენტია.

მიუხედავად ბევრი წარმატებებისა, წინ შლაგბაუმებს ვინღა დაეძებს, დანგრეული გზები, კლდეები, უნოჭობის, სიხარბის და დილეტანტიზმის ჯაგნარის გაუვალი სივრცეების ყურებაში უამრავი მუსიკა გამოვიგონე – აკადემიური, თეატრის, კინოს, საბავშვო, თუმცა იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი უნდა სრულდებოდეს და მასზე ზრუნავდნენ, გეტყვით რაც ხდება:

კომპოზიტორთა კავშირი, რომელიც წესით იმგვარი ადგილი უნდა იყოს, სადაც რაღაც მაინც უნდა ხდებოდეს კომპოზიტორისთვის, წლების მანძილზე კახა თავზემჯდომარის დაქვემდებარებაშია. ის ძირითადად იმ შენობის ფართის გაქირავებითაა დაკავებული, რომელიც კომპოზიტორთა კავშირის ყველა წევრს თანაბრად ეკუთვნის, მაგრამ:

მე არასდროს მისარგებლია ამ თანხით;
არ არსებობს ქართველ კომპოზიტორთა საიტი, სადაც ელემენტარულად აღრიცხული
იქნება კომპოზიტორთა თუნდაც მხოლოდ გვარები;
არ სრულდება მათი მუსიკა;
ამ თავმჯდომარის ყოფნის დროს ჩემი ნაწარმოები (სხვების მაგივრად არ დავწერ)
შესრულდა ერთხელ (ოთხი წლის წინ), ისიც ორკესტრი კი იყო, მაგრამ დირიჟორი – თავად ნახეო. ვნახე, ჩემი მამიდაშვილი გიორგი ჟორდანია. ჩემმა ერთმა კოლეგამ ვერ ნახა და თავად გადაწყვიტა დაეთვალა ორკესტრისთვის, რადგან, ცხადია, ძალიან უნდოდა საკუთარი ნაწარმოების მოსმენა. ის კი (თავზემჯდომარე) დადგა და დაცინვა დაუწყო ამ ავტორს. აი, ამას მე მას ვერასოდეს ვაპატიებ;
კულტურის სამინისტრო რეგულარულად აფინანსებს კომპოზიტორთა კავშირის პროექტებს, კონკურსებს, სადაც ხშირ შემთხვევაში ორგანიზატორიც, შემფასებელიც და პრემიის მიმღებიც თავად კავშირის თავზემჯდომარე გახლავთ;
ვერ გავერკვიე, კომპოზიტორთა კავშირის შესასვლელ ოთახში რატომ გაქრა აფიშა ბატონ სულხან ცინცაძის ფოტოთი;
კულტურის სამინისტრო აფინანსებს ისეთ აბსურდულ პროექტს, მაგალითად, როგორიც წლის საუკეთესო ნაწარმოების გამოვლენაა. კონკურსის პირობა ასეთია: ნაწარმოები უნდა იყოს შესრულებული და აღიარებული. ვთქვათ, ჩემი ნაწარმოები შესრულდა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები არ დაესწრნენ ამ კონცერტს, ესე იგი ვერ იღებს ეს ნაწარმოები კონკურსში მონაწილეობას?! რა შორს წავიდეთ და მესამე წელია კლასიკური გიტარის კონკურსს ვატარებთ („საავტორო სტუდია“), რომელიც წელს უკვე საერთაშორისო გახდა, ერთხელ არ მოსულა არცერთი წარმომადგენელი კულტურის სამინისტორდან და არ დასწრებია კონკურსს, სადაც ჩემი პიესა სავალდებულო ნაწარმოებთა სიაში იყო. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ევროპაში არავინ წავა ჩემი მუსიკსის მოსასმენად;
კომპოზიტორთა კავშირი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციით და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების კეთებაზე ზრუნვით, აქირავებს დარბაზს, ისეთ თეატრზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ პირობას იმისა, რომ იმ სპექტალებს მოზარდები დაესწრონ. ეს არის გემოვნების, კულტურის, შემეცნებითი დონის დაზიანებაზე გათვლილი წარმოდგენები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ ჩემი ცოდნა მართლაც რაღაცას გამოადგეს ჩვენს ქვეყანაში, შედეგი არ მაკმაყოფილებს. შედეგის გაზრდა კი პროფესიონალი ადამიანების ხელშეწყობით გამოვა და არა ხელის შეშლით.

რაც დაგიწერეთ ეს ყველაფერ მე ძალიან მიშლის ხელს იმაში, რომ უფრო დიდი შედეგები მქონდეს ჩემს საქმიანობაში.

აუცილებელია, რომ კულტურის სამინისტრომ ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო და აქტუალური პროექტების დაფინანსებას. გადადოს გვერდით ის პროექტები, რომლებიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ თანხები ისევ იმ ადამიანებმა მიიღონ, რომლებიც რეალურად არაფერს, არაფერს, არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მუსიკალური ხელოვნება განვითარდეს, გახდეს აქტუალური.

ხელშეწყობა ნიჭიერ, განათლებულ, პროფესიონალ და იდეებით სავსე ადამიანებს სჭირდებათ. კულტურის მესვეურებო, მიეცით შანსი აქტუალურ იდეებს !!!!!!

ნინო ჯანჯღავა

წყარო:http://stumari.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები