ჩერნოვეცკის, რძის საყიდლად ხურდებს მეზობლები აძლევდნენ – ქველმოქმედი ქუჩის ბიჭობიდან პრორექტორობამდე
„ჩემი ქორწილი თბილისში, 1977 წელი“, – ამ აღწერით აქვეყნებს ქველმოქმედი ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში ფოტოს და იმ წლებს იხსენებს, როდესაც ხელმომჭირნედ ცხოვრობდა.
„ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი – 40 წლამდე – სოციალიზმში გავატარე: მის დროს ვსწავლობდი სკოლაში, ინსტიტუტში, მივიღე მაღალი თანამდებობა პროკურატურაში და ბინაც კი, ვიქორწინე საყვარელ ქალზე, ვზრდიდი ტკბილ პატარებს – ჩემს შვილებს, და ბოლოს, კიევის სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა კათედრის პრორექტორის მოადგილეც კი გავხდი! მე, ქუჩის ბიჭი და პრორექტორი!…
პირველი 8 წელიწადი ოჯახში ფული არასდროს გვყოფნიდა. ნათურაზე ბრა არ გვქონდა, ბინაში იდგა მხოლოდ ორი დივანი და ოთხი სკამი.
მეზობლები დილაობით ხშირად გვსესხულობდნენ ხურდას ბავშვებისთვის რძე რომ გვეყიდა, ხოლო, როდესაც სტუმრები მოდიოდნენ, გვაძლევდნენ სკამებსა და ტაბურეტებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო!
ამ წლების გამო ძალიან მიყვარდა სოციალიზმი – ის მთელი გულით მენატრება და დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი სოციალური წყობა ვერ გაიმეორებს ადამიანის ცხოვრების ასეთ უღრუბლო მოდელს. მიყვარს სოციალიზმი იმიტომაც, რომ თითქმის 300 მლნ ადამიანი ცხოვრების წესითაც თანაბარი იყო, ხელფასითაც, დასვენებისთაც და ასევე, პირადი ურთიერთობების აწყობისას. მაშინ არავინ უყურებდა იმას მდიდარი ხარ, თუ -არა.
შეიძლება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გასათხოვარი ქალიშვილის მშობლებს, სანამ გოგონას გაათხოვებდნენ, მისთვის ეთხოვათ, რომ რჩეული ცალკე საცხოვრებელი ბინის ქონის მიხედვით შეერჩია! ხელფასზე და შემოსავალზე საუბარი საერთოდ არ იყო!
ყველას თანაბარი შემოსავალი ჰქონდა, ხოლო მათ, ვინც მეტს იღებდა, პირადი ცხოვრების მოწყობისას საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. მერე რა, თუ ვინმეს 50 რუბლით მეტი ხელფასი აქვს?! ამის გადატანა შეიძლება…
სოციალიზმი ადამიანებს აახლოვებდა, ლამის ნათესავებად აქცევდა, ის იყო გარანტი იმისა, რომ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ადამიანი მარტო არ დარჩებოდა….
საბაზრო ეკონომიკა, რომლის დროსაც პირადად მე, ალბათ მაქსიმუმს მივაღწიე, რაზეც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ეოცნება – ყველაფერში სასტიკია: სასტიკია ის მდიდრების მიმართაც, რომლებიც შეიძლება ხვალ გაღატაკდნენ, სასტიკია ღარიბების მიმართაც, რომლებსაც ხშირად საკვების ფულის კი არ აქვთ, მაგრამ ის განსაკუთრებით იმიტომ მძულს, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციის შემდეგ, მნიშვნელოვნად უარესის მხრივ შეიცვალა დამოკიდებულება უბრალო ხალხის მიმართ!
რასაკვირველია… გარდამავალი პერიოდი… მაგრამ როგორ გაიწელა ეს პროცესი! უბრალო ადამიანი კი, ამაზე ვერსად დაიჩივლებს – მთავარი უბედურებაც სწორედ ესაა! დრო კი გადის… და მეორე სიცოცხლე აღარ მოგვეცემა…“,- წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.