“ორ ვარსკვლავში” სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც იმღერა. მის გამოსვლას სერიალ ”დეტექტივების” მსახიობი სალომე ფაღავა გამოეხმაურა: ”მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას. მე ვერ ვეწევი თბილისურტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს”.
სალომეს ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში უპასუხა. ”ნინიზე წერს, საცოდავი გოგონი, შენ არა მარტო სმენისა და გემოვნების, არამედ, სავარაუდოდ, სხვა ბევრი პრობლემა გაქვს. საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის”.
სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ სალომე ფაღავას დავუკავშირდით.
– სალომე, ხათუნა ჟორდანია, როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა თქვენმა სტატუსმა.
– ისეთი რამ დავწერე, რაც არავისთვის უცხო არაა. ნინი ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს დავწერდი. თუ ეწყინა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რა ეგონა, აბა? მე პირადად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ზოგადად ქალაქში საშინელება ხდება. არანაირი გადაცემა და კონცერტი რომ ჯანსაღი არაა, ეს თქვენც ხომ კარგად იცით. პირადი ანგარისწორება არავის მიმართ არ მამოძრავებს. ამხელა გა-მოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს სტატუსს, ნამდვილად არ მეგონა.
– თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული…
– რითია აღშფოთებული? ჩემნაირად წერს ათასი ადამიანი. ჩემს პოსტს რა ამბავიც მოჰყვა, მეც და ჩემი სამეგობროც გაოგნებულები ვართ.
– იცნობთ ხათუნასა და ნინის?
– თქვენ ჟურნალისტი ხართ და ალბათ არ გჯერათ, რომ მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად ამხელა სკანდალი რას მოჰყვა, ვერ ვხვდები. ნინი ქარსელაძე რომ ვერ მღერის, ახალი ამბავია? ნინიზე ორჯერ დიდი ადამიანები რომ ვერ მღერიან და არ უნდა იდგნენ სცენაზე, ახალი ამბავია? გაბოროტებულმა ხალხმა ჩემს სტატუსს გამოსავალი მოუძებნა, თურმე მე რომ შვილი გავაჩინე და სახლში ჩავჯექი, ასე იმიტომ დავწერე. სახლში არ ვზივარ, ხალხო, უბრალოდ, საქართველოში არ ვმოღვაწეობ, ასე აეწყო, მაგრამ სახლში რომც ვიჯდე და რომ ვზივარ ხანდახან, ყველაზე ძვირფას და ყველაზე კარგ საქმეს ვემსახურები.
ასეთ თემაზე ხმას ყოველთვის ვიღებდი, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მუსიკალური გემოვნება მაქვს და შემიძლია, პროტესტი გამოვხატო, ფონოგრამით რომ გამოხვალ და კიდევ ასე იმღერებ, შოკირებული შეიძლება იყო ადამიანი. ”ფეისბუქის” ჩემს გვერდზე 70 კომენტარია ჩემს სტატუსზე, რომლებიც მეთანხმებიან და მათგან არც ერთს არ ვიცნობ. ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის? იმ პროექტში არაპროფესიონალი მომღერლები, თუნდაც მანიკა ასათიანი უფრო ღირსეულად მღერის, ვიდრე პროფესიონალები რომ ჰქვიათ.
– საქართველოში არ ვმოღვაწეობო, თქვით, და რას საქმიანობთ?
– ფაქტია, რომ ეკრანზე არ ვჩანვარ, სერიალში პატარა როლი თუ მექნება, მხოლოდ ესაა ჩემი დაკავებულობა. მაგრამ სურვილი მაქვს, დიდ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რატომაც არა? თუ დამაკავეს რაიმე პროექტში, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია. მე არ გამოვალ და გამოფენას არ მოვაწყობ. კარგად ვერ ვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული.
ცხოვრებაში არასოდეს გავაკეთებ გამოფენას. არავისთან პირადი ინტერესები არ მაქვს, სტატუსიც დავწერე, ხალხო, მე მიჭირს გემოვნებაში თუ თქვენ-მეთქი. ნინი ქარსელაძე ძალიან ლამაზი ბავშვია, გამოვიდა ლამაზადშემოსილი და უბრალოდ, პირს აღებს. თუ გამოდიხარ კონცერტზე, ცოცხლად იმღერე. ტაში რაზე დავუკრა? ზოგიერთები ამბობენ, გადართე სხვა არხზეო. რომელ არხზე გადავრთო? საქართველოში რომელი არხია ისეთი, რომ ძალიან ვისიამოვნო ან მე ან სხვა მოქალაქემ?