“ჩემი ცოლის დაქალების” გმირი ჯარისკაცი – როგორია კოტე სინამდვილეში

მისი გმირი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „ჩემი ცოლის დაქალებში“. კოტე ცირეკიძე ლელა მებურიშვილის გმირის, კატოს ახალი გატაცებაა.

გმირი ჯარისკაცი კატომ საგმირო საქმეების მოსათხრობად გადაცემაში მოიპატიჟა და მისით აღფრთოვანებაც აქედან დაიწყო.
ზურა ინგოროყვა კოტესგან განსხვავებით კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. რით ჰგავს გმირს და რა შემოქმედებითი გზა გაიარა დღემდე, რუსთაველის თეატრის მსახიობი თავად გიამბოთ.

– ჩემი მშობლები კარგად მღეროდნენ, მამა, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი. ჩემი და-ძმა მუსიკოსები არიან, კონსერვატორია აქვთ დამთავრებული. თეატრი მიყვარდა, არც ერთ პრემიერას არ ვაცდენდი, მაგრამ, როცა პროფესიას ვირჩევდი, ხელოვნებაზე, მით უმეტეს არტისტობაზე არც მიფიქრია. დედაჩემს უნდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, ალბათ, მატყობდა კიდეც ნიჭს, მაგრამ პირველივე მცდელობაზე ჩავუკალი სურვილი… ჩემი მსახიობად ჩამოყალიბება ერთმა შემთხვევითობამ განაპირობა. 15 წლის ვიყავი როცა მეგობარ გოგონასთან ერთად მოვსეირნობდი. მისი ნაცნობი შეგვხვდა, „სახალხო თეატრი“ გაიხსნა და ხომ არ მოხვალთო, გვითხრა. მივედით. პოლიტიკურ ნოველაში ვითამაშე რაინდი და იმ დღიდან, როგორც იტყვიან, მოვიწამლე სცენის მტვერით. მაშინ ოჯახში გადაწყვეტილი იყო, რომ მეტალურგი გავმხდარიყავი, დიდი მეტალურგი. ბიძაჩემი, გურამ ქაშაკაშვილი მეტალურგიული ქარხნის დირექტორი იყო. ვსწავლობდი კიდეც მეტალურგიულ ტექნიკუმში. ჩუმად გამოვიტანე საბუთები და „თოჯინების თეატრში“ სცენის მუშად დავიწყე მუშაობა. მალევე დამაკავეს ამ თეატრში. ჩავაბარე თეატრალურში და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

– რაინდის როლი სერიალშიც გერგოთ. თეატრის მსახიობებს არ უყვართ სერიალში თამაში. როგორ დაგითანხმეს?

– ყოველთვის ვცდილობდი არ მეთამაშა სერიალში. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, სერიალები ცუდ ტონად ითვლებოდა, ისევე, როგორც რეკლამა 90-იან წლებში. მეცნიერები წერდნენ, რომ სერიალების ყურება ადამიანის ინტელექტზე ცუდ გავლენას ახდენს. ერთადერთი კარგი რაც სერიალებზე იმ დროიდან მახსენდება, იყო მიშა თუმანიშვილის სიტყვები, როცა ის თავის სტუდენტბს ეუბნებოდა, არტისტები კარგად თამაშობენ სერიალებში და უყურეთო. ახლა, როგორც რეკლამას, ასევე სერიალს, მაღალ დონეზე იღებენ უცხოეთში და საბედნიეროდ, ჩვენთანაც დაიწყო ეს ტენდენცია. ბევრჯერ მქონია შემოთავაზება სერიალიდან და უარი მითქვამს. „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მეგობრებიც არიან დაკავებულნი. ამიტომ დავთანხმდი. ვითამაშე ოთარ შამათავასთან „ფსიქოპატთა თამაშებში“. მსიამოვნებს ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, მუშაობა. ასევე ვმეგობრობ ლაშა ცერიაშვილთან და ვერ ვუთხარი უარი, ვითამაშე „დეტექტივებში“. უარი ვთქვი სერიალზე „ჟამი ყვავილობისა“.

– რა იყო გადამწყვეტი, როცა „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მიდგა საქმე?

– პირველ რიგში ლარის დევალვაცია.

– ხუმრობთ?

– არა. ძალიან დიდი კრედიტი მაქვს, ვერ ვიხდიდი. ამ დროს ამ კეთილმა ადამიანებმა დამირეკეს და მაშინვე დავთანხმდი. ორი წლის წინაც დამირეკეს ამ სერიალიდან, მაგრამ მაშინ არ შედგა ჩვენი თანამშრომლობა. მანამდე არ ვიყავი ამ სერიალის მაყურებელი. სულ სამი სერია მქონდა ნანახი, ისიც იმიტომ, რომ მინდოდა მენახა როგორ თამაშობდნენ ჩემი მეგობრები. სანამ მივიდოდი, რამდენიმე სერია კიდევ ვნახე. პატივისცემაა ელემენტარული, ინტერესიც, ხომ უნდა მოვმზადებულიყავი. სხვათა შორის, ჩამითრია. ვითომ არაფერი, თითქოს პრიმიტიულია, მაგრამ ჩამითრია. ჩემმა ოჯახმა ჩემამდე სამი თვით ადრე დაიწყო ამ სერიალის ყურება და დავცინოდი.

– ლარის დევალვაცია ახსენეთ, თუმცა ამბობენ, რომ მწირია მათი ბიუჯეტი…

– მე კმაყოფილი ვარ (იღიმება).

– რით ჰგავხართ თქვენს გმირს?

– კოტე მომწონს იმით, რომ ბევრს არ ლაპარაკობს. ჯერ ფიქრობს და მერე ამბობს. მეც ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო, ოღონდ კი არ ვბაძავ, ბუნებაში მაქვს მეც. ლამაზი ქალები გვიყვარს ორივეს. ნელ-ნელა დავახლოვდებით მე და კოტე, ასე ვფქრობ. ახლა ის უფრო გაწონასწორებულია, ვიდრე მე. ცოტა რთული ხასიათიც აქვს.

– ბრაზიანი თქვენც ხართ?

– არა, კოტე უფრო ბრაზიანია. ადამიანს, რომელიც ნაომარია, ორჯერ კანტუზია აქვს გადატანილი, ბრაზიც ადვილად მოსდის. თავისი მსოფლმხედველობა აქვს, უცნაურია.

– რეალურ ცხოვრებაში თუ ჩაგიდენიათ საგმირო საქმეები?

– როგორ გითხრათ, მთლად გმირობას ვერ დავარქმევ ამას, მაგრამ იყო ერთი შემთხვევა ჩემს ბავშვობაში. მტკვარზე ვცურავდით ბავშვები და ჩვენზე პატარები ცურავდნენ იქვე. ჰესი გამოუშვეს და უცებ ადიდდა მტკვარი. დავინახეთ და წავედით პატარების გადასარჩენად. ცურვა რომ არ გვცოდნოდა, ალბათ, იქნებოდა ეს გმირობა, მაგრამ ჩვენ ცურვა ვიცოდით და გამოვიყვანეთ ბავშვები.

– კოტეს არ უყვარს ტელეშოუები. თქვენ?

– არც მე. ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ. როცა ორი დღე ზედიზედ შევხედავ, ვხვდები, რომ ცუდად არის ჩემი საქმე, რაღაც ძალიან მოვიცალე. როცა ტელევიზორს არ ვუყურებ მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი.

– თუ რეალურ ცხოვრებაშიც მიგიწვევენ ტელეშოუებში?

– უარის თქმა არ ვიცი, ეგ არის ჩემი უბედურება.

– ოჯახში როგორ უყურებენ თქვენს ახალ ამპლუას?

– დედაჩემს ოღონდ ტელევიზორში დაანახა ჩემი თავი, მასზე ბედნიერი არავინაა. ამას ვერ ვიტყვი ოჯახის დანარჩენ წევრებზე. საკმაოდ კრიტიკულები არიან, ცოლი, ქალიშვილი, და. იცით, თეატრში რატომაა პრემიერა ყველაზე რთულად სათამაშო, იმიტომ, რომ თეატრალები და ოჯახის წევრები მოდიან. რენდგენში გატარებენ.

– სასიყვარულო სცენების ყურება უადვილდება თქვენს მეუღლეს?

– მიეჩვია, არ აქვს რეაქცია. შეგუებულია ჩემს პროფესიას. თუ ნდობაა ცოლ-ქმარს შორის, ასეთი სცენებიც არაა პრობლემა.

– ერთად უყურეთ იმ სერიას, ლელა მებურიშვილის გმირი რომ ჩაგეხუტათ სახლის კართან?

– კი, ერთად ვნახეთ. ვინც ამ დროს ნერვიულობას იწყებს, ის მისთვისვეა საზიანო, ოჯახისთვისაც. ეჭვი ერთ-ერთი მძიმე ავადმყოფობაა, ერთადერთი ავადმყოფობა, რომლითაც დაავადებული შეიძლება შეგეცოდოს. 20 წელია ოჯახი მყავს და ეჭვიანობის გამო არასდროს გვიჩხუბია.

– ლამაზი ქალები რომ გიყვართ ამასაც ჩვეულებრივად უყურებს თქვენი მეუღლე?

– რა თქმა უნდა, მამაკაცი ვარ, ეს ბუნებრივია. მთავარია ერთმანეთი გვიყვარს.

– მსახიობი ხომ არ არის თქვენი ცოლი?

– არა. არაბული ენის სპეციალისტია, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს, „რუსთავი 2“-ში „კურიერის“ ტექნიკური პროდიუსერია.

– გამოდის, უკვე ორივე ამ ტელევიზიაში მუშაობთ.

– „რუსთავი 2“-თან ჩვენ ოჯახს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ჩემი კლასელი იყო ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ბაღიდან ერთად მოვდივართ. მათგან გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. კიწმარიშვილების მამიდა გახლავთ. უბრალოდ, პატარაა ასაკით. ასე რომ, ჩვენი ქორწინების შედეგად ძმაკაცის ბიძა გავხდი.

– შვილები?

– ერთი შვილი გვყავს, 20 წლის გოგონა, ჩემს კვალს გაჰყვა, მსახიობობა მოინდომა.

– მსახიობი მშობლები იშვიათად ურჩევენ შვილს ამ პროფესიას…

– არც მე მინდოდა. არც ერთი პროფესია არ არის იოლი, მაგრამ არტისტის პროფესია გაცილებით რთულია. რეჟისორზე ხარ დამოკიდებული, როდის ვინ დაგიძახებს, არ იცი. ყველაფერთან ერთად იღბალიც გჭირდება. ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია. მსოფლიო ლიტერატურაში მამაკაცის როლი უფრო მეტია, ვიდრე ქალის. შექსპირიც რომ ავიღოთ, სპექტაკლში თუ არის 20 პერსონაჟი, აქედან 17 – კაცია. თან ყველა რეჟისორს თავისი ფავორიტი მსახიობი ჰყავს.

– თქვენ ვისი ფავორიტი მსახიობი ხართ?

– ვიყავი ჩემი პედაგოგის, ჭოლასი, გოგი ქავთარაძის და აქაც, „რუსთაველის თეატრშიც“ მშვენივრად ვგრძნობ თავს.

– ახლა თეატრში რა სპექტაკლზე მუშაობთ?

– რობიკო სტურუა დგამს შექსპირის „იულიუს კეისარს“. ციცერონს ვთამაშობ. მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშე ამას წინათ მიწვევით შექსპირის „შეცდომათა კომედიაში“.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები