“ჩემი პატარა პირველად იჯდა პოლიციის მანქანაში და ციმციმებით მივედით ადგილამდე” – დეა ბროძელი პატრულის შესახებ

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა. ერთ-ერთი მათგანი, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვაა. არსებულ ვითარებაში მოსახლეობის ნაწილს გადაადგილების აუცილებლობისას საპატრულო პოლიცია დახმარებას უწევს. სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ისტორიაზე წერს პიარ-მენეჯერი დეა ბროძელი და სამართალდამცავებს მადლობას უხდის:

“ასეთი ამბავი შემემთხვა: ამ გადაადგილების შეზღუდვის გამო, ძალიან დამჭირდა რუსთაველიდან სანზონაში ჩემს 3 წლის შვილთან ერთად წასვლა. რა უნდა მექნა, აბა? დავურეკე პატრულს და ჩემი ისტორია მოვუყევი, ავუხსენი, რომ გამოუვალი მდგომარეობა მქონდა. ძალიან გულისხმიერად მომისმინეს და დახმარებაც არ დააყოვნეს – დედოფალივით მიმაბრძანეს. ჩემი პატარაც პირველად იჯდა პოლიციის მანქანაში და ასე, ციმციმებით მივედით ადგილამდე. მადლობა არაა საჭირო, ჩვენი ვალდებულებააო, მაგრამ აქ მაინც მინდა ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატო მთაწმინდის პატრულის ათმეთაურის შალვა მეგრელიშვილისა და ოფიცერ ზაურ გაბრიჭიძის მიმართ. უდიდესი მადლობა, ბიჭებო. თქვენ ამ რთულ დროში ძალიან ბევრს აკეთებთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეს დასაფასებელია”, – წერს დეა ბროძელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები