ჩემი გამოწვევაა, რომ ეს პროფესია პენიტენციურ სისტემაში გახდეს მიმზიდველი ახალგაზრდა კადრებისთვის

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა, გაუფრთხილებლობის პრინციპით, ქართული პენიტენციური სისტემა შეამოწმა და დაასკვნა, რომ ქართული ციხეები წამებისგან თავისუფალია, თუმცა არის შენიშვნებიც. დასკვნაში ასევე საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებზე.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას მინისტრი თეა წულუკიანი “ქრონიკის” ეთერში გამოეხმაურა.
“მე მინდა, რომ სწორედ იმ ექთნებს, ექთნების ასისტენტებს, ექიმებს მივესალმო, ვინც პატიმრებთან ხშირად ურთულეს პირობებში მუშაობს, მწირი ხელფასის პირობებში, შეურაცხყოფის პირობებში, ხშირად ასეც ხდება. ნამდვილად ასეა და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მე და თქვენ რომ დავიბადეთ, უკვე მუშაობდნენ საბჭოურ სასჯელაღსრულების სისტემაში და კომიტეტი აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები მალე საპენსიო ასაკის ხდებიან და სწორედ მათი ჩანაცვლება მოგვიწევს. ჩემი გამოწვევა ამ ეტაპზე არის ის, რომ ეს პროფესია – ექთანი ან ექიმი პენიტენციურ სისტემაში გახდეს მიმზიდველი ახალგაზრდა კადრებისთვის. არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ არ არის მიმზიდველი დღეს და ჩვენ ეს უნდა გავხადოთ მიმზიდველი ფინანსურადაც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სისტემაში ექთნები ამბობენ, რომ ცოტათი უფრო მაღალია ხელფასი, ვიდრე სამოქალაქო სექტორის ექთნებისა, მაინც პირობები არის არც თუ ისე მიმზიდველი, როდესაც მაგალითად, როგორც ამას სალაპარაკო ენაზე ვეძახით, პატიმარი ჩავარდნილია, აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი მოვლა, რა თქმა უნდა, არის ორჯერ უფრო რთული, ვიდრე სხვა იდენტურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისა თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, ეს ნამდვილად გამოწვევაა. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”. – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები