“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყანა და ხალხი გავახარო” – ინტერვიუ18 წლის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან

18 წლის  ლაშა ბექაური წარმატებული ძიუდოისტია, რომელიც 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. წარმოშობით გუდამაყრელი ბექაური 5-ჯერ საქართველოს, 4-ჯერ ევროპის თასის, ერთხელ ევროპის და  ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.  

– ლაშა, შეგიძლია მოგვიყვე შენს პირველ ნაბიჯებზე ძიუდოში ?|
– თავიდან 7 წლის ვიყავი მამაჩემმა ჭიდაობაზე რომ მიმიყვანა. მახსოვს დიდად არ მომწონდა.ერთი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი, რის შემდეგაც ახმეტაში წავედი პირველ შეჯიბრზე და მესამე ადგილი დავიკავე. ამის შემდეგ, ასე რომ ვთქვათ, „მუღამში“ შევედი. 8 წელი სოფელ არხილოსკალოში ვვარჯიშობდი, თუმცა იქ პარტნიორები არ მყავდნენ და სპორტის გამო თბილისში მომიწია გადმოსვლა. დღესდღეობით სოფელში ყველა პირობა შექმნილია, რაც ძალიან მახარებს.

– პირველი ტიტული …
– 2016 წელს 60კგ წონით კატეგორიაში გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ამის შემდეგ შევედი ნაკრებში და ვიასპარეზე ანტალიაში ევროპის თასზე, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. ამ წლის ეს შეჯიბრი დიდად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თუმცა შემდეგ გერმანიაში ჩატარებულ ევროპის თასზე დავმარცხდი. ეს წაგება კარგად დამამახსოვრდა, რადგან ამის გამო ევროპის ჩემპიონატზე ჩემ მაგივრად სხვა წაიყვანეს.

– 2017 წელი საკმაოდ წარმატებული იყო შენთვის, ამ წლის მიღწევებიდან რომელს გამოყოფდი?
– 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატზე ავიღე ვერცხლის მედალი და გავედი რუსეთში, ტულაში ევროპის თასზე, სადაც ჩემპიონი გავხდი. შემდეგ პოლონეთშიც გავიმარჯვე და მოვიპოვე ლიცენზია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის.ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოვიგე, რის შემდეგაც გავემგზავრე სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატზე და აქაც გავიმარჯვე. ეს წელი ჩემთვის ყველაზე წარმატებული იყო, რადგან არცერთი შეხვედრა არ წამიგია. ჩემი მიღწევებიდან მსოფლიო ჩემპიონობას გამოვყოფდი, ეს საოცარი შეგრძნება იყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ქვეყანას და საყვარელ ადამიანებს ვაბედნიერებ.

– როგორია შენი ყოველდღიური რეჟიმი ?
– რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ცოტა შეიცვალა, თუმცა ვცდილობ ერთმანეთს შევუთავსო სწავლა და სპორტი. საჭირო დროს ვიძინებ, დილით ადრე ვდგები და ვარჯიშზე მივდივარ. თუ უნივერსიტეტი არ მაქვს, საღამოსაც ვვარჯიშობ და შემდეგ ვისვენებ. საბოლოო ჯამში, დიდ ყურადღებას ვუთმობ სპორტს და ჯანსაღ კვებას, რაც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– რომ არა სპორტი,როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება ?
-ალბათ, ჩვეულებრივი, როგორიც სხვებისაა ისეთი. სპორტის გამო განსხვავებული წესით მიწევს ცხოვრება. რომ არა ჭიდაობა, დიდ დროს დავუთმობდი გართობას და უფრო დიდ დროს კი სწავლას.

– ძიუდოს გარდა რითი ხარ დაკავებული ?
-ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო თავისუფალი დრო. აგრეთვე ვსწავლობ სეუ-ში, საერთაშორისო ურთიერთობებზე.

– ძიუდოს გამო ცხოვრებაში რისი დათმობა მოგიხდა ?
– ყველაფრის დათმობა. ძირითადად, სულ „ზბორებზე“ ვარ. ვერ ვახერხებ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენ დროს ვერ ვატარებ მათთან რამდენიც მინდა, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული.

-როგორც ვიცი, 2018 წელიც საკმაოდ წარმატებული იყო შენთვის. 37 წამში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი – რა გრძნობა იყო ეს ?
-ჯერ გავხდი ორი ევროპის თასის მფლობელი, შემდეგ კი ბაჰამის კუნძულებზე მსოფლიო ჩემპიონი 21 წლამდელებში. ეს გრძნობა ენით გამოუთქმელია, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ახლაც ძალიან ბედნიერი ვარ.

– ვის მიუძღვის წვლილი შენს წარმატებაში ?
– დიდი წვლილი მიუძღვის მამაჩემს და ჩემს მწვრთვნელებს – კახა წიკლაურს და ლექსო ღვინიაშვილს.

– და ბოლოს, რა არის შენი სამომავლო მიზანი და დარჩა კი რაიმე, რისი მოგებაც გსურს ?
– ჩემი ოცნება ისევე ,როგორ ყველა ძიუდოისტის, არის ის, რომ მრავალჯერ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ამისთვის თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სამშობლო და ხალხი გავახარო.

 ანა დეკანოსიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები