ჩახუტება ამცირებს შფოთვას, სტრესს და დეპრესიის რისკს — კვლევა

ჩახუტება მხოლოდ ემოციური ჟესტი არ არის — ის პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და სტრესის დონეზე.

ოჯახური თერაპევტის, ვირჯინია სატირის შეფასებით, ადამიანს ჩახუტება დღეში ოთხი  სჭირდება გადარჩენისთვის, რვაჯერ — სტაბილურობისთვის და თორმეტჯერ — ფსიქოლოგიური ზრდისთვის. ეს მოსაზრება დღეს უკვე მეცნიერულადაც მტკიცდება.

2025 წელს Journal of Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გერმანიაში 3 270-ზე მეტ ზრდასრულზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად ერთიდან სამ ადამიანთან ფიზიკურ კონტაქტში — მათ შორის ჩახუტებაში — არიან, მნიშვნელოვნად ნაკლებად უჩივიან დეპრესიას, შფოთვასა და სუიციდურ აზრებს. კვლევა ჩატარდა University Medical Center Hamburg-Eppendorf-ის მეცნიერების მიერ და ეფუძნებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების სტანდარტულ ინსტრუმენტებს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ჩახუტებისას ორგანიზმი გამოყოფს ოქსიტოცინს — ჰორმონს, რომელიც დაკავშირებულია ნდობასა და ემოციურ კავშირთან, ხოლო სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის — დონე მცირდება. შედეგად, სხეული გადადის დამშვიდების რეჟიმში.

ამ ეფექტს ადასტურებს კიდევ ერთი მასშტაბური ანალიზი, რომელიც ჩაატარეს Ruhr University Bochum-ის მკვლევრებმა. მათ გააანალიზეს 212 კვლევა და თითქმის 13 000 მონაწილე. შედეგების მიხედვით, რეგულარული ფიზიკური კონტაქტი ამცირებს ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

კვლევები აჩვენებს, რომ ჩახუტება მხოლოდ სოციალური ჟესტი არ არის — ის რეალურად მოქმედებს ადამიანის ემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები