“ჩაკეტილია კაბინეტში ვიღაც ქალთან ერთად და აღარ გამოდიან” – ქართველი ემიგრანტების სახალისო ისტორიები
ქართველ ემიგრანტებზე, ძირითადად, ძალიან სევდიან და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულ ისტორიებს ვისმენთ. ამჯერად, მინდა ცოტა გაგამხიარულოთ და ჩემს ბლოგში რამდენიმე სახალისო, რეალური შემთხვევის შესახებ მოგითხროთ, რომლებიც ქართველ ქალბატონებს გადახდათ იტალიური ენის “თავისებურების” გამო. მაშ ასე!..
ამბავი პირველი:
ნანა (სახელები, აქაც და შემდეგაც, შეცვლილია) იტალიაში სულ რამდენიმე თვის ჩასული იყო, როდესაც ადვოკატთან მისვლა მოუწია. ადვოკატის ოფისამდე იმ მოხუცის შვილმა მიაცილა, ვისთანაც მუშაობდა. უთხრა, რომ ერთ საათში მიაკითხავდა და მისაღებში დატოვა. ერთი საათის შემდეგ დაბრუნებულს, ნანა ძალიან გაღიზიანებული დახვდა.- “ჩაკეტილია კაბინეტში ვიღაც ქალთან ერთად და აღარ გამოდიან. დავუკაკუნე, მაგრამ მიპასუხა, მნიშვნელოვანი საქმით ვარ დაკავებული, მაცადეთ და შემდეგ თქვენ შემოდითო, მითხრა”, – ბრაზობდა ნანა. მოხუცის შვილის გაოგნებული სახე რომ დაინახა, იფიქრა, იზიარებს ჩემი გაბრაზების მიზეზსო და აღარაფერი უთქვამს.
ნანა მხოლოდ მეორე დღეს მიხვდა, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როდესაც მეგობრებს მოუყვა მომხდარის შესახებ, რომლებმაც იტალიური ენა მასზე უკეთ იცოდნენ. საქმე ისაა, რომ სიტყვა კაბინეტი, უფრო ზუსტად კი გაბინეტო („გაბინეტტო“), რომლებიც წარმოთქმისას ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, იტალიურად საპირფარეშოს ნიშნავს. ალბათ მიხვდით იტალიელის გაოგნების მიზეზს, რომელსაც ნანა არწმუნებდა, რომ ადვოკატი ტუალეტში ქალთან სერიოზული საქმით იყო დაკავებული და შემდეგი იქ მასაც ეპატიჟებოდა.
ამბავი მეორე:
ეს შემთხვევა ლამის სამსახურის დაკარგვად დაუჯდა ლალის. გამარჯობისა და მადლობის მეტი ჯერ თითქმის არაფერი იცოდა იტალიურად, როდესაც სამუშაოდ ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცთან შეუშვეს, რომელსაც არასდროს ეძინა და არც ლალის აძინებდა. რამდენიმედღიანი ტანჯვის შემდეგ, როდესაც მოხუცს შვილმა მიაკითხა, ლალიმ დასაძინებელი წამლის მოტანა სთხოვა მოხუცისთვის. ქალი ქართულად, რუსულად, იტალიურად, ხელებით, ფეხებით, მოკლედ ყველა საშუალებით უხსნიდა გაუსაძლის სიტუაციას, მაგრამ იტალიელმა ვერაფერი გაიგო. ლალი კიდევ დიდ ხანს ბობოქრობდა, მაგრამ როცა მიხვდა, სულ ტყუილად ირჯებოდა, მიუბრუნდა მოხუცის შვილს და ხმამაღლა ქართულად უთხრა: – “ვა კაცო, თქვენ ხომ კაცი ვერაფერს გაგაგებინებთ” და ოთახიდან გავიდა. იტალიელმა საპასუხოდ აიღო ტელეფონი, დაურეკა ქეთის, მეორე ქართველს, რომელმაც ლალის ამ სამსახურში რეკომენდაცია გაუწია და ქალის სახლიდან წაყვანა მოსთხოვა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ქალმა მას დიდი შეურაცხყოფა მიაყენა.
ასაკოვანი ქალისგან გინება ძალიან გაუკვირდა ქეთის და გადაწყვიტა თავად ლალის დალაპარაკებოდა. როდესაც ქეთიმ ამბავი მოისმინა, ჯერ დიდხანს იცინა, შემდეგ კი ლალის აუხსნა, რომ სანამ იტალიაში იცხოვრებდა, სიტყვა კაცი უმისამართოდ აღარ გამოეყენებინა, რადგან “კაცო”, იტალიურად ,მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს, ხოლო “კაცი”- მის მრავლობით ფორმას.
ამბავი მესამე:
ხშირად ქართველები დიდი ქალაქებიდან მოშორებით, სოფლებში მუშაობენ, სადაც გვიან საღამოს ტრანსპორტი აღარ დადის და მათ რკინიგზის სადგურზე ოჯახის პატრონები აკითხავენ.
ერთ კვირა დღესაც, როდესაც ქართველებს გამოსასვლელი დღე აქვთ, მანანამ აღმოაჩინა, რომ უკანასკნელ ავტობუსზე დააგვიანა. ამიტომ, სახლში დარეკა და ოჯახის პატრონს სთხოვა, მისთვის სადგურზე მიეკითხა. დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია, მაგრამ მოხუცის შვილიშვილის დანახვაზე ძალიან შეწუხდა. შეწუხების მიზეზი კი, ის სატრანსპორტო საშუალება იყო, რითიც მანანას მიაკითხეს. ეს სატრანსპორტო საშუალება მოტოციკლი იყო, მანანა კი 60 წელს გადაცილებული და არც ისე გამხდარი გახლდათ. სხვა რა გზა ჰქონდა ქალს, მოტოციკლზე ამხედრდა და ბიჭს ჩაებღაუჭა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ იყო. ახალგაზრდამ მოტოციკლი ადგილიდან მოწყვიტა და გულგადაციებული მანანაც აკივლდა – ვაი, ვაიმე დედა, ვაი, ვაი, ვაი… რაც უფრო უმატებდა მანანა კივილს, მით უფრო უმატებდა ბიჭი სიჩქარეს. სახლთან გულშეღონებული მანანა “გადმოასვენეს”.- ასე რა მიგარბენინებდა, ჩემი სიკვდილი გინდოდაო? უსაყვედურა მანანამ ახალგაზრდას. ცოტა რომ მოსულიერდა, მაგრამ პასუხმა ქალი სიტყვების გარეშე დატოვა. ბიჭმა უპასუხა, რომ მხოლოდ მის სურვილს ასრულებდა, როდესაც ქალი ყვიროდა, ჩქარა ევლო. მერეღა მიხვდა მანანა, სად დაუშვა შეცდომა. „ვაი“ იტალიურად ნიშნავს – „წადი“-ს, ზოგ შემთხვევაში – „მიდი“-ს. ახალგაზრდას ეგონა, როდესაც მანანა ვაი-ვაის გაჰყვიროდა, სახლში ეჩქარებოდა და სწრაფად წასვლას სთხოვდა. ჰოდა, მანაც თავი არ დაზოგა.
წყარო:http://www.kvirispalitra.ge