იაშვილის კლინიკაში ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაცია დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროდიუსერი კახა მამულაშვილი („მამულიჩა“) ავრცელებს.
„მეგობრებო, ცხრასაათიანი ოპერაცია დასრულდა ხერხემალზე მხოლოდ. ყველაფერი ნორმალურადაა, როგორც ექიმები ამბობენ. ხვალ ჩაერთვებიან ტრავმატოლოგები და იქნება სამსაათიანი ოპერაცია ხელზე და ფეხზე“, – წერს „მამულიჩა“ სოციალურ ქსელში.
არასრულწლოვანი გოგონა ორი დღის წინ, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანა.
არასრულწლოვანს ხერხემლის ტრავმა, ქვედა და ზედა კიდურების მოტეხილობები და სხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მედიკოსების განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.