შინდისის გმირები – რას ჰყვებოდა სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი, რომელიც მოგვიანებით გულის შეტევით გარდაიცვალა
2008 წლის უთანასწორო ომის დროს, უმრავი გმირის ისტორია დაიწერა, თუმცა შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია.
2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის მეორე ბრიგადამ უთანასწორო ბრძოლა გაუმართა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ – სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია.
17 ჯარისკაცი მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა. 3 დაჭრილი კი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს – მათ შორის ერთ-ერთი იყო კაპრალი ოთარ კალმახელიძე, რომელიც სოფელ შინდისში, მეგობრებსა და თანამებრძოლებთან ერთად რუსი სამხედროების ალყაში აღმოჩნდა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. თუმცა, ომის სიმძიმეს დიდხანს ვერ გაუძლო ახალგაზრდა კაცის გულმა – 36 წლის კაპრალი ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის 10 წლისთავის შესრულებამდე ერთი თვით ადრე, 2018 წლის 14 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა…
გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ოთარ კალმახელიძესთან 2016 წელს არის ჩაწერილი:
– შინდისში ბრძოლების დროს დავიჭერი… რუსეთ-საქართველოს ომის ეს ეპიზოდი მაშინვე აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ჩვენ, ამბის უშუალო მონაწილეებს, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ დუმილი გვიბრძანა. ჩვენც ვდუმდით. შინდისის ტრაგედიის გარშემო კი, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია… ალბათ ყველამ იცის, რომ იქ ალყაში მოხვედრილი ბიჭებიდან 3-4 გადარჩა. მათ შორის მეც ვარ… შინდისთან ახლოს, სოფელ ყელქცეულში ვიყავით, როდესაც გასვლის შესახებ ბრძანება გაიცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა, რადგან რუსეთის არმია უკვე ავიაიერიშებს ახორციელებდა…
იქიდან გამოსვლისას, ჩვენი კოლონა ორად გაიყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სისწრაფეში ორი სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ჩვენი მიმართულებით ძალიან ბევრი რუსი სამხედრო მოდიოდა, ამან კოლონაში არეულობა შემოიტანა. ჩვენი კოლონა შინდისის მიმართულებით წავიდა და პირდაპირ შევეჯახეთ რუსეთის არმიას. მათმა ტანკებმა ცხვირწინ გაგვიარეს. ჩვენს პირველ მანქანას მსხვილკალიბრიანიდან ესროლეს და შემდეგ უკვე ყველაფერი ერთმანეთში აირია.
– ამას ემატებოდა ჰაერიდან განხორციელებული იერიში?
– დიახ, რუსები “ბოლომდე იხარჯებოდნენ”. ჩვენი მიმართულებით მასიური ცეცხლი წამოვიდა. ყოველ ნახევარ წუთში ვიღაც კვდებოდა. რაღაც უნდა გვეღონა. შედარებით უკეთესი ადგილი (პირობითად ვამბობ, რადგან ალყაში ვიყავით) უნდა შეგვერჩია. ასე შევაფარეთ თავი შინდისის რკინიგზის სადგურის შენობას… ჩვენთან ერთად სხვა სამხედრო ნაწილებიდანაც იყვნენ ბიჭები და გარშემო რამდენიმე რუსული ჯავშანტრანსპორტიორიც მოძრაობდა. რაღაცნაირად ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავბარდებოდით და საპასუხო ცეცხლი გავხსენით. პასუხმა არ დააყოვნა, მსხვილკალიბრიანიდან გვესროლეს.
აფეთქების ძალამ ერთ-ერთ ჯარისკაცთან – კუპატაძესთან მუხლებზე დამაგდო. ძირს დახედვა არ მინდოდა, მეგონა, რომ წელს ქვემოთ მოწყვეტილი ვიყავი, მაგრამ როგორც კი გონება მოვიკრიბე, მარცხენა ხელში სითბო ვიგრძენი და რომ დავიხედე, მივხვდი, ჯერ კიდევ “მთელი” ვიყავი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მკლავი ფაქტობრივად, მოწყვეტილი მქონდა. ბიჭებისკენ გავიხედე, შმაგი კუპატაძეს პირიდან სისხლი სდიოდა. ცალი ხელით შევეცადე, მიწაზე დამეწვინა. გაჭირვებით დავსვი ძირს, თითქმის უსიცოცხლო, კედელზე იყო მიყრდნობილი… როდესაც ყველაფერი დასრულდა და იქ მისულმა სასულიერო პირებმა იმ ადგილს ფოტოები გადაუღეს, დათვალიერებისას მივხვდი, რომ კუპატაძე ზუსტად ისე იჯდა ერთ-ერთ ფოტოზე, როგორც მე დავტოვე… იმ პირველ დარტყმას, შმაგისთან ერთად, ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია და ლევან მელქაძეც შეეწირნენ…
– მოწინააღმდეგის ცეცხლი არც შემდეგ შენელებულა, ხომ?
– დიახ, ისინი ინტენსიური ცეცხლით, საფუძვლიანად ამუშავებდნენ იქაურობას… ცოტა ხანში, ალექსანდრე ონიანმა დაიძახა, – ბიჭებო, თუ ვინმე ცოცხალი ხართ, აქ მოდითო. ამასობაში, მეორე ძლიერი დარტყმაც განხორციელდა. მე მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლაზე გეუბნებით, თორემ ისე ცეცხლი არც შეწყვეტილა… არც მომდევნოებმა დააყოვნეს. იმ წუთში, არც ტკივილით ვიტანჯებოდი და არც სიკვდილზე ვფიქრობდი, მხოლოდ საკუთარი უმწეობა მაწუხებდა, რომ ვერაფერს ვაკეთებდი, ვერც საკუთარი და ვერც სისხლში მცურავი მეგობრების გადასარჩენად. ტელეფონი მოვისროლე, – ყველაფერი დასრულდა, უკვე დაღუპულები ვართ-მეთქი. არ მინდოდა, ჩემი ოჯახის წევრის ზარზე რომელიმე რუს სამხედროს ეპასუხა და თუნდაც დედაჩემისთვის ცინიკურად ეთქვა, – თქვენი შვილი რომელია, არ ვიცი, მაგრამ აქ ცოცხალი არავინ არისო… ცეცხლი არ წყდებოდა.
მე და თენგიზ ცანავამ ერთმანეთის დახმარებით, ფორთხვით მივაღწიეთ იქამდე, საიდანაც ალექსანდრე ონიანმა დაგვიძახა… თენგიზს ჭრილობა ფილტვში ჰქონდა. მეც საკუთარ სისხლში მოსვრილი ვიყავი. შენობის კუთხეში ალეკო იჯდა, მუხლებზე რომან ზოიძის თავი ედო… ყველანაირი ემოციისგან დაცლილი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ ეს სურათი ხშირად მახსენებს თავს, ძილსა თუ ცხადში… მე და თენგიზი მათთან ახლოს მივფორთხდით. იქვე, კიდევ ერთი ჯარისკაცი დაჩოქილი შეხვედროდა სიკვდილს… რუსები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. მათი საუბარი გვესმოდა…
ერთადერთი, რაც მახსოვს, ის იყო, რომ წყალი გვწყუროდა. ჩვენი მეგობარი რომან ზოიძე უკვე ძალიან ცუდად იყო. სიცივისგან კანკალებდა. გარდაცვლილებს ახსენებდა. ვგრძნობდით, გონს კარგავდა, მაგრამ ვერაფერს ვშველოდით. ფეხში იყო დაჭრილი. ტყვიას მისთვის არტერია გადაეჭრა… ალეკო ონიანმა გარდაცვლილი ბიჭების წყლის მათარები შეამოწმა, ზოგი ცარიელი იყო, ზოგი ტყვიისგან დახვრეტილი. წყურვილმა ლამის სიგიჟემდე მიგვიყვანა. ალეკო ისევ მაგრად იდგა, – რაღაცნაირად პოულობდა ძალას ჩვენს გასამხნევებლად, – ლოცვა წავიკითხოთო, – თქვა… “მამაო ჩვენოს” ვკითხულობდით, როდესაც ალბათ 50 მეტრში, ჩვენკენ მომავალი ტანკი შევნიშნეთ. ზედ შემომსხდარი რუსი ბიჭების სახეებიც კი დავინახე. ზოგი იღიმოდა, ზოგს იარაღი ეჭირა ხელში და სახე მტვრიანი ჰქონდა…
ტკივილისა და სისხლდენისგან ძალზე ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც შევნიშნე, როგორ შემოტრიალდა ჩვენკენ და ლულა მოგვიშვირა. მახსოვს აფეთქების ხმა და თვალები დავხუჭე… არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. როდესაც თვალი გავახილე, შევნიშნე, რომ ალეკო ჩემგან ნახევარ მეტრში იწვა… თენგიზ ცანავაც მოვიდა გონს, – ცოცხალი ხარო? – მკითხა… გარშემო არც ტანკები იყო და არც ჯავშანტექნიკა. აფეთქებას რამდენიმე ბიჭი ნაკუწებად ექცია. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავრჩით მე და ცანავა.
– რუსი სამხედროები წასულები იყვნენ?
– არა, ლიანდაგების მიღმა იდგნენ. ჩვენს მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ. მათი აფეთქების ხმა იქაურობას აზანზარებდა. როგორღაც წამოვდექი და შევეცადე, რამდენიმე ხნის წინ გადაგდებული ტელეფონი მეპოვა. ისევ მესროლეს. თენგიზმა დამიძახა, – რას შვრები, ბიჭო, არ წახვიდე, მოგკლავენო. ეტყობა, ჩვენკენ ყურადღებით იყვნენ. ტყვიამ მკლავში გამიარა… ისევ დავწექი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექით ერთმანეთის გვერდიგვერდ და წვიმის მოსვლას ვნატრობდით, რომ წყლის წვეთებით პირი გაგვესველებინა. შემდეგ ტკივილისგან ისევ დავკარგე გონი, მაგრამ წყურვილმა გამომაფხიზლა. უკვე დაღამებული იყო. ფორთხვით წავედით ბაღებისკენ… რამდენიმე მეტრს გავივლიდი და ვისვენებდი. რაღაც ჯიხურივით შენობაში ბოთლი ვიპოვე, იქვე გუბეც იყო და იქიდან დავლიე წყალი. რა მნიშვნელობა აქვს, ბინძური იყო თუ არა, რაც მთავარია, წყალი იყო…
გზაზე გადავედი თუ არა, რუსების კოლონამ ჩაიარა. იქვე, არხში ჩავიმალე… შემდეგ, როგორღაც ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ეზოში შევედი და დავინახე, რომ სურსათის მაღაზიის წინ ვიდექი. ჩემდა ბედად, მაღაზიას მინის კარი ჰქონდა, რომელიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი. შუშა ჩავამტვრიე და მაღაზიაში შევედი. ახლაც მახსოვს, რა რეაქცია მქონდა, როდესაც წყლითა და წვენებით სავსე მაცივარს მივადექი. მეგონა, მოვკვდი და სამოთხეში ვიყავი. იმ განცდას სხვას ვერაფერს დავარქმევ. იქვე შოკოლადებიც ვიპოვე. ცოტას მომაღონიერებს-მეთქი, ვიფიქრე… იქვე ჩამეძინა. მეორე დილას აღმოვაჩინე, რომ 8 ბოთლი მინერალური წყალი მქონდა დალეული…
– ჭრილობა გაწუხებდათ?
– არა, არ მტკიოდა. უბრალოდ, დილით, როდესაც სამხედრო ფორმის გახდა დავიწყე, რომ იქვე, ქაღალდის ყუთში ჩაკუჭული ვიღაცის ტანსაცმელი ჩამეცვა, ტანზე აკრული კამუფლაჟის მოცილებისას, მეტკინა და სისხლი წამომივიდა. ვიფიქრე, რუსები თუ გამაჩერებენ, ვეტყვი, – სროლების დროს დავიჭერი-მეთქი… როგორც კი გათენდა, ვიღაცამ გააღო კარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსები იყვნენ და კი არ შემეშინდა, გული დამწყდა, რომ ამდენი წვალების შემდეგ, მტერი სადღაც სურსათის მაღაზიაში, ძალიან მარტივად, ერთი გასროლით მომკლავდა, მაგრამ ვიღაცამ კარშივე დაიძახა ქართულად, – ნუ გეშინია, შენიანები ვართო…
ეს იყო ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად – “ახმეტა”. მაშინვე ვთხოვე, სახლში დამარეკინეთ, – დედაჩემს ალბათ მკვდარი ვგონივარ-მეთქი… მას კიდევ ახლდა ვიღაც. პლედში ჩამაწვინეს და ისე წამიყვანეს. როდესაც მივყავდი, კვნესა გავიგონე და ხმაზე ვიცანი: ასევე სასწაულებრივად, უფლის წყალობით, ცანავაც გადარჩენილიყო, – ისიც მათ უპოვიათ… ახმეტას სახლში 5 დღე ვიმალებოდით. ჭრილობებს ისინი მიმუშავებდნენ, მაგრამ ღრმა იყო და ექიმების ჩარევა მჭირდებოდა. უკვე სისხლი მეწამლებოდა… როდესაც ჩემს დეიდაშვილს გაუგონია, რომ გორში ვიყავი, თავის მეგობართან ერთად შემოვიდა. ისიც სამხედროა. დღემდე არ ვიცი, როგორ შემოაღწია გორში, მაგრამ მანქანით მოვიდა და სასწრაფოდ თბილისისკენ გამაქანა.
– გზად არავის გაუჩერებიხართ?
– კი, გორამდე ერთხელ გაგვაჩერეს. მთვრალი რუსი კაპიტანი იყო, – სად დაიჭერიო, მკითხა. კარი წიხლით შემოგვიხურა, მაგრამ გაგვიშვა… გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმეწუთიანი პროცედურა ჩაგვიტარეს და გაგვიშვეს. ახლა პერიოდულად დავდივართ სარეაბილიტაციო ცენტრში. მორალურადაც უფრო მხნედ ვართ. დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც იცი, რომ მარტო არა ხარ, ეს ჯარისკაცისთვის დიდი იმედია.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის “არსენალის” არქივიდან