სოციალურ ქსელში გვერდმა – “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი” ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში შინდისის ბრძოლის მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უკანასკნელი კადრებია ასახული.
ცნობისთვის, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადამ უთანასწორო ბრძოლა გაუმართა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ – სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია.
17 ჯარისკაცი მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა; 3 დაჭრილი კი, მოგვიანებით, ბრძოლის ველიდან გაიყვანეს.