ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას გვირჩევენ, რათა ეს გადამდები დაავადება და მისი შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არსებული გრიპის ვაქცინაციის შესახებ აცხადებენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, თუმცა, უცხოურ მედიასა და ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შეიძლება უკუჩვენებები მოჰყვეს.
რუსული მედია გრიპის ვაქცინის შედეგად მცირეწლოვნებში გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევებზე წერს და კონკრეტული რესპონდენტებიც მოჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შვილებს ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემა სწორედ გრიპის ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ შეექმნათ.
ერთ-ერთი რესპონდენტის, სერგეის განმარტებით, მისი 6 წლის შვილი დიაბეტით მას შემდეგ დაავადდა, რაც საბავშვო ბაღში გრიპის სავალდებულო ვაქცინაცია ჩაუტარეს.
“აცრის შემდეგ ბავშვი მოდუნდა, დასუსტდა, მადა დაკარგა და ძირითადად, ეძინა. მთელი ოჯახი ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, არ მოვიხმართ თამბაქოსა და ალკოჰოლს, ტყეში ვსეირნობთ,” – აღნიშნავს რესპონდენტი და 6 წლის ბავშვში დიაბეტის გამოწვევას ოჯახურ და სხვა გარემო ფაქტორებს გამორიცხავს.
შემთხვევა, როდესაც მცირეწლოვან ბავშვს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი სწორედ გრიპის ვაქცინის ჩატარების შემდეგ დაუსვეს, საქართველოშიც ფიქსირდება. თუმცა, დედამ ვინაობის გამხელა არ ისურვა და ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
Allnews.ge შეეცადა გაერკვია, ვლინდება თუ არა უკუჩვენებები გრიპის ვაქცინაციის შემდეგ და შეიძლება თუ არა, აღნიშნულმა პროცედურამ დიაბეტის პროვოცირება მოახდინოს.
ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია გრიპის ვაქცინის მიერ შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნას გამორიცხავს და განმარტავს, რომ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არსებობს, მისი გამოვლენის პროვოცირება სტრესმაც შეიძლება მოახდინოს, თუ ორგანიზმში ამისი განწყობა არსებობს.
მისი თქმით, ორი ტიპის დიაბეტი არსებობს და ბავშვებსა და სუსტი აღნაგობის მქონე პირებში ვითარდება. ის შეიძლება, თანდაყოლილი იყოს, ასევე დიაბეტს გენეტიკურ ფაქტორებიც ახასიათებს, შესაბამისად, მისი გრიპის ვაქცინაციით პროვოცირება არ ხდება.
“მხოლოდ გრიპის ვაქცინა, თუ იქ რაიმე სხვა ფაქტორები არ არის, დიაბეტს ვერ გამოიწვევს. აქ, სავარაუდოდ, საუბარია პირველი ტიპის დიაბეტზე და უნდა დავაკვირდეთ, რა აქვს პაციენტს ანამნეზში, არის თუ არა ოჯახურად დიაბეტით დატვირთული… ზოგადად, პირველი ტიპის დიაბეტი შეიძლება უცებ განვითარდეს. ასევე ის არის გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადება და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდება,”- განმარტავს ის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, გრიპის ვაქცინაციის ჩატარება 18 წლამდე დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია, შესაბამისად ვაქცინას დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. ის ასევე განმარტავს, რომ გრიპის ვაქცინას უკუჩვენებები არ ახასიათებს, თუმცა მას თან ინსტრუქცია ახლავს, თუ რა შემთხვევაში არ უნდა ჩავიტაროთ.
“თუ ორგანიზმში რაიმე მწვავე პროცესი მიმდინარეობს და თუ საქმე რაიმე მწვავე დაავადებასთან გვაქვს, ამ შემთხვევაში, გრიპის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება.
ვაქცინაცია ასევე არ კეთდება მაშინ, როცა პაციენტი მასზე ალერგიულია. ზოგადად, მიიჩნევა, რომ გრიპის ვაქცინა ვაქცინებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გასაკეთებელია და ყველაზე ნაკლები უკუჩვენება აქვს,” -განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ გრიპის ვაქცინის მიერ დიაბეტის გამოწვევა გამორიცხულია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვაქცინაციის პროგრამა სექტემბრის ბოლოდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გირჩევთ, რომ სანამ მის ჩატარებას გადაწყვეტდეთ, სამედიცინოს სფეროს წარმომადგენელს გაესაუბროთ და უკუჩვენებებისა და დადებითი შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიიღოთ.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარო:Allnews.ge