“შემიძლია, გუგუტიანთკარის მოსახლეს მივცე ჩემი სახლი” – ვინ არის ჟურნალისტი, რომელიც ოკუპანტების მსხვერპლ ოჯახს საკუთარ სახლს უთმობს
ჟურნალისტმა ბარბარე ბენაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მზად არის, გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს – ოჯახს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა, საკუთარი ორსართულიანი სახლი დაუთმოს.
“მე შემიძლია, გუგუტიანთკარის მოსახლეს მივცე ჩემი ორსართულიანი სახლი დედოფლისწყაროში, ავეჯის ნაწილით, რაც გადაურჩა 2010 წელს ქურდებს. წამოვიღებ მხოლოდ წიგნებს. ერთს ვითხოვ მხოლოდ, წელიწადში რამდენჯერმე ჩავალ სტუმრად! მე ამით შემიძლია, დავეხმარო ჩემთვის ძალიან საყვარელი რეგიონის შესანიშნავ ადამიანებს!”, – წერს ბენაშვილი სოცქსელში.
ბარბარე ბენაშვილის აღნიშნულ ინიციატივას სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ბარბარე ბენაშვილმა “კვირა +”-თან აღნიშნა, იდეა მის დედას ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ სთავაზობდა, რომ სახლი მათთვის დაეთმოთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
“მამა სოხუმის დაცემის დღეს გარდაიცვალა, დედას მარტო ვერ დავტოვებდი, საკმაოდ სავსე სახლი რჩებოდა ცარიელი და მარტო. იმ დროს აფხაზეთიდან ბევრი ლტოლვილი ჩამოასახლეს და იქ, უბადრუკ სასტუმროში დააბინავეს. მაშინ მითხრა დედამ, მოვიყვანოთ ვინმე, იცხოვროს სანამდეც უნდა, არაფერი ექნება და ვაჩუქოთ, რაც დასჭირდებაო. მივედი კიდეც გამგეობაში, რომ ლტოლვილებთანაც და არავინ ისურვა. 2008 წლის მერეც ვთხოვე შესაბამის ორგანოებს, იგივე ვუთხარი და არავინ შეიბერტყა ყური. სახლი ჯერ ისევ გაუქურდავი იყო და ყველაფერს გავუნაწილებდი, მაგრამ არავინ დაინტერესდა. სად დაასახლეს და რა ფული როგორ განაშენიანება-ვეტოებში დაიხარჯა ის უზარმაზარი თანხები, ყველამ კარგად იცის. მე მართლა ვაჩუქებ და დავეხმარები, რომ გამგეობა მოეხმაროს გადაფორმებაშიც და შეკეთებაშიც”, – აღნიშნა ბენაშვილმა.
ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი რამდენიმე დღის წინ განაახლეს. აღნიშნულის გამო, ორი ოჯახის სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, რის გამოც მათ საკუთარი სახლების რკინის კონსტრუქციის დაშლა მოუწიათ.