შეიძლება თუ არა ორსულობის დროს სტომატოლოგიური პროცედურები

ორსულობა არ არის კბილების დაბჟენაზე უარის თქმის საფუძველი. მინანქრის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად შეიძლება ჩაიტაროთ კბილების ფთორირება, გამოიყენოთ გამათეთრებელი პასტები და ელექსირები, რომლებიც უვნებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც. მაგრამ სტომატოლოგიაში ხშირად იყენებენ მედიკამენტებსაც. ორსულობის პირველ სამ კვირას ზოგიერთი მედიკამენტი ემბრიონზე ძლიერ ტოქსიკურად მოქმედებს და შესაძლოა, სანაყოფე კვერცხის განვითარება შეაფერხოს; პირველი სამი თვის განმავლობაში ზოგიერთი ანტიბიოტიკის, არასტეროიდებისა და სტეროიდული ჰორმონების გამოყენებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების ანომალიები გამოიწვიოს, ხოლო უფრო გვიან ვადებზე – განვითარების ესა თუ ის მანკი.

გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი სასქესო უჯრედებს ჯერ კიდევ ჩასახვამდე აზიანებს. ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიც არის სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი და ტეტრაციკლინების ჯგუფი, უკუნაჩვენებია მთელი ორსულობის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგაც კი. სტრეპტომიცინი არღვევს ნაყოფის ვესტიბულური აპარატის ფუნქციას, ლევომიცეტინი თრგუნავს ნაყოფის სისხლწარმოქმნას, ხოლო ტეტრაციკლინი და მისი ანალოგები ახდენენ ტერატოგენულ ეფექტს, იწვევენ სარძევე კბილების ჰიპოპლაზიას, ცვლიან მათ ბუნებრივ შეფერილობას.

კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია ორსულობის მეორე ტრიმესტრი (4-6 თვე), როდესაც პლაცენტა უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა პირველ ტრიმესტრშიც ტარდება. ორსულობის დროს დაუშვებელია ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ადრენალინს შეიცავს. ორსულობისას არამც და არამც არ შეიძლება დარიშხანის პრეპარატების გამოყენება – მას ტერატოგენული მოქმედება აქვს და შესაძლოა, ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. ასევე დაუშვებელია კბილის ამოღება უშუალოდ მშობიარობის წინ, რადგან დარჩენილი ღრმული შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.

ქირურგიული ოპერაციები, აგრეთვე ამალგამის ბჟენების მოსაცილებელი მანიპულაციები ჯობს მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადავდოთ. კბილების მკურნალობა უნდა გადაიდოს მაშინაც, თუ ქალს მუცლის მოშლის მცირედი რისკი მაინც აქვს, მაგრამ მწვავე ინფექციური პროცესების შემთხვევაში სტომატოლოგიური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს.

კბილების მკურნალობისას ადგილობრივი ანესთეზია ნებადართულია, მაგრამ აუცილებლად გააფრთხილეთ სტომატოლოგი, რომ ბავშვს ელით. თუ კარიესი ზედაპირულია, მკურნალობა ანესთეზიის გარეშეც უმტკივნეულოდ ჩაივლის, უფრო სერიოზულ შემთხვევაში კი ექიმი შეგირჩევთ შესაბამის საანესთეზიო საშუალებას, რომელიც თქვენს შვილს არ ავნებს.
საზოგადოდ, ორსულობის მე-12 კვირის ჩათვლით, ორგანოებისა და პლაცენტური ბარიერის ჩამოყალიბებამდე, ნაყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მედიკამენტების ზემოქმედების მიმართ, ამიტომ ამ პერიოდში მედიკამენტური ჩარევა საერთოდ არ არის სასურველი. 12 კვირის შემდეგ კი ნებისმიერი სახის გაუტკივარება, თუ ორსულის მდგომარეობა ამას მოითხოვს, დასაშვებია. ყველაზე მეტად მისაღებია ულტრაკაინი და უბისთეზინი – ნაკლებტოქსიკურია და მინიმალურად გადის პლაცენტურ ბარიერს.

გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ თუ აუცილებელი არ არის, ორსულობისას კბილების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას უმჯობესია საერთოდ ვერიდოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მე-20 კვირამდე მაინც გადავდოთ. აუცილებლობისას კბილების დაავადების დიაგნოსტიკა შეიძლება ჩატარდეს ახალი მეთოდის – კომპიუტერული ვიზიოგრაფიის – მეშვეობით. ამ შემთხვევაში დასხივება გაცილებით სუსტია.

წყარო: http://www.esinfo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები