“შაკო ყველასთვის გამორჩეული, უკონფლიქტო იყო” – როგორ ახასიათებენ უნივერსიტეტში გურამიშვილზე მოკლულ ახალგაზრდას
გასულ ღამეს გურამიშვილზე მოკლული ორი ახალგაზრიდან ერთ-ერთი შალვა ტყემელაძეა. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ახალგაზრდას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
“ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მწუხარებას გამოთქვამს ფინანსების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის, შალვა (შაკო) ტყემალაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს…
შაკო ყველასთვის გამორჩეული, უკონფლიქტო, უწყინარი, შრომისმოყვარე, ღირსეული და უზომოდ ჭკვიანი ახალგაზრდა იყო. მისი გამორჩეული უნარ-ჩვევების შედეგად იგი ფაკულტეტზე რამდენიმე თვეს ვებგვერდის ადმინისტრატორად მუშაობდა და ყველას ძალიან შეაყვარა თავი…
შაკოსა და მისი მეგობრის ცხედრები გურამიშვილზე, ბინაში იპოვეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შაკო ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან დიდ ტკივილად დარჩება და მოგვენატრება მისი ღიმილიანი გამოხედვა და წყნარი საუბარი…
მისამართი: სანზონა, დავით გურამიშვილის გამზირი 74; წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან, მე-10 დ კორპუსი, მე-3 სადარბაზო, მე-6 სართული”, – აღნიშნულია ბიზნესის ფაკულტეტის “ფეისბუქპოსტში”.