უკვე რამდენიმე თვეა, პირდაპირ ეთერში ვისმენთ საქართველოს ყოფილი პროკურორის და ამჟამად ერთ-ერთი მძიმედ მოტივირებული და სპინით სავსე დეზინფორმაციული არხის გენდირექტორის, ნიკა გვარამიას პანიკურ შეძახილებს.
„არიქა გვხოცავენ“, „თავისუფალ სიტყვას ახშობენ“ – იმ თავისუფალ სიტყვას, რომელიც მას არასდროს უთქვამს, არათუ ჰქონია – და ბოლოს, „დიქტატურა დადგა“. ამას ლაპარაკობს ყოფილი პროკურორი, რომელიც 2007 წლის ნოემბერში ლამისაა ნახევარ საქართველოს ციხეებში უშვებდა, რომელიც ადამიანების წამებას ძალიან ნეტარად უყურებდა, რომელიც სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის და სხვების მკვლელებს დღედაღამ ამართლებდა და „აპრავებდა“. ამ ადამიანს უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა აჰყვეს მის პანიკას და ქვეყანაში აჯანყება დაიწყოს. მისი „ოდესელი“ ბოსი (ნამდვილად საბჭოთა პერიოდის რემინისცენციაა – როდესაც მთავარი „ქურდი“ ოდესაში იჯდა და ოპერაციებს იქიდან გეგმავდა) სისხლისღვრას გეგმავს. „ნაცი“ ზონდერები ემზადებიან „უდანაშაულო ქალის მოსაკლავად“ და „ნიკას დასასისხლიანებლად“ – და ოდესელი ბოსი ქინძად გადაქცევას აპირებს – იმ შემთვევაში, თუ სისხლისღვრა არ მოხდა. დღეს გამოცხადდა, რომ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში დააბრუნა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი, რომლის დროსაც ეს ტელეკომპანია ნამდვილად თავისუფალ სიტყვას ემსახურებოდა – და ყოფილი პროკურორი გამწარებული „ნაცების“ სულ უფრო მცირე ჯგუფთან ერთად გაჰყვირის რომ „თავისუფალი სიტყვა დაიმარხა“. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დავით დვალის დროს „რუსთავი 2“ ბევრად უფრო თავისუფალი იყო ერთპარტიული დიქტატისგან, ვიდრე ყოფილი პროკურორის ტელევიზია. რა დროს ეს „რუსთავის 2“-ის მეპატრონის საკითხებზე ლაპარაკია, როცა ქვეყანაში ბევრად უფრო სერიოზული პრობლემებია. ის პრობლემები, რომლებზეც „რუსთავი 2“ არასდროს არ ლაპარაკობდა. ხალხის 90 პროცენტი შიმშილობს, გარემო ინგრევა, ადამიანებს სუნთქვის საშუალება არა აქვთ; ქართული ნეოლიბერალური კაპიტალიზმი მოსახლეობის უმრავლესობას ახრჩობს – და ამ საკითხებზე პროკურორ გვარამიას „რუსთავი 2“-ს არასდროს ხმა არ ამოუღია – არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლების დროს. დღევანდელ ხელისუფლებას უამრავი პრობლემა აქვს – ქვეყანაში უდიდესი გაჭირვებაა. სტრუქტურული და კულტურული ძალადობა – რომლის დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშა სწორედ ნიკა გვარამიას „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ნიკა გვარამიას აშკარად დეზინფრომაციული გუნდის ადგილი არ შეიძლება იყოს თავისუფალი სიტყვის სამყაროში. როგორ შეიძლება თავისუფალ სიტყვას გაძლევდეს ის ადამიანი, რომელიც თავისუფლად მოსაუბრეებს ელემენტარულად იჭერდა. მაგრამ, ამავე დროს მე აბსოლუტურად ვეთანხმები დავით დვალის განცხადებას, რომ ავტორიტარული რეჟიმის ქაქს ხელი არავინ უნდა ახლოს – ის თვითონ უნდა აყროლდეს. ნიკა გვარამიას შეუძლია საუკუნეები იჯდეს თავის კაბინეტში, სანამ თვითონ არ მიხვდება, რომ მისი ადგილი იქ არ არის, სადაც თავისუფალ სიტყვაზეა ლაპარაკი. მისი ადგილი სხვაგანაა. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. უბრალო ხალხი კი თავისი ცხოვრებით ცხოვრებას აგრძელებს – და მას აინტერესებს, როდის ამაღლდება ხელფასები, როდის იქნება მეტი სამუშაო ადგილი, როდის ექნებათ მათ ბავშვებს ქუჩაში სუნთქვის საშუალება, როდის აღარ გაასახლებენ სახლებიდან გაჭირვებულ ადამიანებს, როდის შეწყდება ამდენი ქუჩური და პოლიციური ძალადობა – ეს ჩვენი საზოგადოების რეალური პრობლემებია. ნიკა გვარამიას პრობლემა რეალური პრობლემა არ არის.
სხვა სიახლეები