“ყოველ დღე ღმერთი მჩუქნიდა ამ პურს” – პატრულ-ინსპექტორის ქველმოქმედების ისტორია თელავში

წარმოშობით თელაველი სოსო გომურაშვილი პატრულ-ინსპექტორია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს თავისი სოფელი – კისისხევი არ დაივიწყა და აქ მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებისთვის ყოველდღიურობის შემსუბუქებას ცდილობს.

სამართალდამცველს ქველმოქმედებაში ასევე კისისხევში მცხოვრები ვალერი ბოჭორიშვილი ეხმარება. როგორც ის ამბობს, სოსო გომურაშვილმა მარტოხელა 33 ადგილობრივი თავად მოიძია და ყოველდღიურად მათ პურს უანგაროდ ურიგებს.

,,სოსო გომურაშვილს სოფლის ცენტრში აქვს თონე. დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი დახმარებოდა 33 მარტოხელა ადამიანს, რომელთა შესახებ ინფორმაცია თავად მოიპოვა. დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი და კარგი საქმეა. ყველა მადლიერია მისი თანადგომით. არის ასეთი ნაზო ბაკურაძე, რომელიც მარტო ცხოვრობს სახლში, სამსახურის შემდეგ ყოველდღე ისეთ დროს მიწევდა მისვლა, რომ არ იყო სახლში, თუმცა მაგიდაზე ვუტოვებდი პურს ხოლმე. ერთ დღესაც სახლში დამხვდა, მისი თვალები უნდა გენახათ, თვალცრემლიანი. ძნელია გადმოვცე ის ემოცია, რომელსაც ყველა დღე ამ ადამიანებისგან ვგრძნობ და მესმის. ნაზო ბებომ მითხრა, ყოველდღე ღმერთი მჩუქნიდა ამ პურსო, გესმიით!? ასეთი წვრილმანებისგან იქმნება ბედნიერება, ასეთი ხალხი ქმნის სიყვარულს”, – ამბობს ვალერი ბოჭორიშვილი.

იოსებ გომურაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მკვიდრია და სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ის საპატრულო პოლიციის შექმნის დღიდან თბილისის სხვადასხვა რაიონებში მუშაობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები