სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 მაის დაგეგმილ კონცერტში ნინო ქათამაძე მონაწილეობას არ მიიღებდა. საზოგადოება ალაპარაკდა მიზეზებზე, თუ რატომ შეიძლებოდა, მომღერალს უარი ეთქვა.
აღნიშნულმა საკითხმა ნიკოლოზ რაჭველი საკმაოდ ააღელვა, რის შედეგადაც პირად “ფეისბუქგვერდზე” პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოუყვა რეალობა, თუ რატომ ვერ მიიღეს კონცერტის ორგანიზატორებმა ნინო ქათამაძის თანხმობა კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
,,ისტორია იყო ასეთი: ჩემს მეგობარ ნინო ქათამაძეს შეთავაზეს 17 მაისის გალა-კონცერტში მონაწილეობის მიღება. ნინომ უპასუხა პროფესიონალურად, რომ მას სცენაზე გამოსვლისათვის ესაჭიროება ინსტრუმენტული ანსამბლი და ორკესტრის მუსიკოსები, ასევე მე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა გამოსვლას და სიმღერის შესრულებას. ორგანიზატორები ვიდრე მე მიპოვნიდნენ (ეს ყველამ იცის რომ საკმაოდ რთულია ხოლმე ზოგჯერ) ნინოს სახელი აფიშაში დაბეჭდეს და მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გასაჯაროვდა. პარალელურად მე ვინაიდან 15 მაისის კონცერტის შემდეგ მივემგზავრები გერმანიაში სადაც მაქვს ჩაწერები ბერლინის ორკესტრთან ერთად, ნინოც დათანხმდა შემოთავაზებებს (რაც ყოველთვის უხვად აქვს) და დანიშნა საკონცერტო ცხრილი, რის მიხედვითაც მაისის შუიდან ივნისამდე პრაქტიკულად არ მოუწევს თბილისში ყოფნა. ამ დროს გაკეთდა განცხადება რომლის სათაურად გატანილმა წინადადებამ “ნინო ქათამაძემ უარი თქვა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე” გამოიწვია სოციალურ ქსელით მოსარგებლე ადამიანთა შეუმდგარ, გაბოროტებულ, მართლაც ცოდვილ და გაუნათლებელ ნაწილში ნინოსადმი აგრესიის გამოხატვის დიდი ტალღა. გულდასმით წავიკითხე გამეტების, დაცინვის, სიძულვილის ენაზე ამეტყველებული მართლმადიდებლობის და სიწმინდეების “დამცველთა” ნააზრევი და ერთ რამეს მივხვდი: ყოველი სიტყვა მართლაც რომ მძიმე ცოდვად მოეკითხებათ მათ ავტორებს, ნინო ქათამაძე კი უკვე ჩვენი ქვეყნის მუსიკის ოქროს ისტორიაა და მისი სიმღერით ჩვენ უბრალო მსმენელებს და ადამიანებს ღმერთი ყოველთვის გაგვაგებინებს თავის ხმას!
P.S. რაც შეეხება თავად 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეას – არ მინდა გამოვხატო ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი ტრაგედია სჭირს: ადამიანებს არ შეგვიძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და პატივისცემა! ეს მართლა ტრაგედიაა და ვიდრე ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება პროგრესს არ განიცდის მანამდე არაფერი გვეშველება. და არც მე ვარ მორალურად მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის, სწორად გამიგებთ იმედი მაქვს…
P.P.S. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უკვე როგორც სტიქაროსანი. სოლიდარულობის უნარს ვუსურვებ ჩემს თავს და ყველას ჩვენს ირგლივ”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.