„ყველა ერთად გაიყოლა 30 მეტრის მანძილზე“ – რას ამბობენ თვითმხილველები გორის ავტობანზე მომხდარ შემზარავ ავარიაზე
გორის ავტობანზე წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისიდან სამეგრელოს მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსის, რომელიც ავარიის მომენტში გაჩერებული იყო, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მომხდარი შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
ცხედრები პროზექტურიდან სახლებში უკვე გადაასვენეს.
გარდაცვლილთა ახლობლები მომხდარზე საუბრობენ. მათი განცხადებით, მძღოლს ავტომობილი გააჩერებინეს და სიგარეტის მოწევა სურდათ, რა დროსაც ტრაილერი დაეჯახათ. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გორის ტრასაზე გაჩერდა, ჩვეულებრივად ჩამოვიდნენ, მძღოლიც გადმოსული იყო. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, უზარმაზარი ტრაილერი შეეჯახა და ყველა ერთად გაიყოლი, ვინც გარეთ იყო და ვინც შიგნით იყო“, – ამბობს თვითმხილველი.
ერთ–ერთი თვითმხილველის განცხადებით, ტრაილერმა სამარშრუტო ტაქსი 30 მეტრის მანძილზე გადააგდო.
დაკავებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.