რა არის ნიყვი და რატომ ხუმრობენ სოციალურ ქსელში სოკოწითელაზე

ნიყვი, რომელსაც სხვანაირად სოკოწითელასაც უწოდებენ, ქუდიანი ნარინჯისფერი სოკოა, რომელიც წელს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ქართულ ფეისბუქზე. მიზეზი, რა თქმა უნდა ისაა, რომ ნიყვი ძალიან გემრიელია, მაგრამ რატომ აღმოაჩინა ყველამ ეს ფაქტი მაინცდამაინც წელს? არავინ იცის. ნიყვის სარეკლამო კამპანიაში ფული არავის დაუხარჯავს და ინფლუენსერებიც, ანუ ინტერნეტში გავლენიანი ადამიანები, სრულიად უანგაროდ ეწევიან მის პოპულარიზაციას. როგორც ჩანს, წელს უბრალოდ ეს საჭმელია ტრენდული (შარშან ფხალეულის წელი იყო) და თუ ნიყვის ტალღას გამორჩით, ამ სტატიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიიღებთ ინფორმაციას.

რა არის ნიყვი?
ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშროში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” ნიყვს ასე ახასიათებს: “იმერეთს სოკონი მრავალნი სხვადასხვანი, გარნა ნიყვი არს, რომელი აღმოხდების სპეტაკის ბუდით, მერე გასქდების და არს სოკო ნარინჯი მას შინა, ფრიად გემოიანი“…

ნიყვს სხვანაირად კეისრის სოკოსაც უწოდებენ და ის მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება. მსოფლიოში უმსხვილესი სოკოს მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია Sylvan უკვე მრავალი წელია, ცდილობს ნიყვის ინდუსტრიულად წარმოებას, თუმცა ჯერჯერობით ამის მიღწევა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო. საქართველოში ბუნებრივ გარემოში შეგროვებული ნიყვი იმდენად მცირე რაოდენობით არის სეზონურად, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ სწრაფად და მაღალ ფასში იყიდება. ასე რომ, თუ ნიყვს სადმე გადააწყდით, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. ერთი კილო ნიყვის ფასი 40-დან 50 ლარამდე მერყეობს. შესაძენად და გასასინჯად კი გირჩევთ, რიკოთის უღელტეხილზე შეჩერდეთ.

როგორ ამოვიცნოთ?
ნიყვი დასავლეთ საქართველოში, წიფლნარსა და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი ზაფხულიდან იწყება და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. იზრდება ჯგუფურად, მაგრამ მას მატყუარა შხამიანი ასლებიც ჰყავს, ასე რომ, სიფრთხილე გმართებთ. მისი ახლო ნათესავია ფსიქოაქტიური წითელი შხამასოკო.

ნიყვს და მის შხამიან ორეულს მართლაც ბევრი ვერ არჩევს, მით უმეტეს, გადაბმული წვიმების შემდეგ. საქმე ისაა, რომ ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის. ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს. შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და შედეგად, თეთრი ფიფქები აქვს ქუდზე. წვიმები კი ამ ფიფქებს სოკოს ქუდს აცილებს, რაც ნამდვილ თავსატეხს უჩენს სოკოს შემგროვებლებს. ამ შემთხვევაში სოკოს ფეხს უნდა დააკვირდეთ. ნიყვს ძირში თეთრი ბუდე შემორჩენილი, შხამას კი – არა.

როგორ მოვამზადოთ?

 ნიყვს იმდენად სახასიათო გემო აქვს, რომ საუკეთესო შედეგს მისი მინიმალური დამუშავებით, მაგალითად, კარაქში მოთუშვით მიიღებთ. შეგიძლიათ კეცზეც შეწვათ სულგუნთან ერთადაც.

იტალიელები მას პასტასთან ერთად ჭამენ. თუ შეწვა არ გსურთ, შეგიძლიათ, დაამარილოთ. წყლის გამოშვების შემდეგ, მოასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, მოაყაროთ ცოტა პილპილი და მიირთვათ.

P.S. ყველაზე მეტად თეთრი ღვინოები უხდება.

წყარო:https://on.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები