“ყველამ გამრიყა ნიგერიელი მეუღლის გამო, დამეხმარეთ!”

20 წლის ქართველი გოგონა სოციალურ ქსელში შემდეგ წერილს ავრცელებს: „მინდა ჩემი გაჭირვების ამბავი მოგიყვეთ. ასე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია საკუთარ პრობლემებზე. რომ არა ეს სიტუაცია, არავის შევაწუხებდი. ყველამ გამრიყა, რატომ არავინ ეხმარება ჩემს ნიგერიელ მეუღლეს? არასოდეს იცი, ხვალინდელი დღე როგორი იქნება შენთვის. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და მყარად ვიდგე ამ პრობლემების წინაშე. ნებისმიერი რამ, თუნდაც მინიმალური, გამახარებს, იმიტომ, რომ დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, 3 თვეა ბავშვი გავაჩინე საკეისრო კვეთით. ჩემი მეუღლე უცხოელია, ნიგერიიდან, აქ ფეხბურთს თამაშობდა. მაისის მერე, კონტრაქტი დაუმთავრდა. გუნდი არ გამოჩნდა, დაპირებები, იმედგაცრუება… და ასე მოვედით დღემდე. ორი კვირის თავზე, სხვა გზა რომ არ მქონდა, დავიწყე ღამე მუშაობა, მაგრამ ვერ შევძელი ნაოპერაციებმა – ჭრილობა არ მქონდა შეხორცებული. არადა, ბავშვს მშიერს ვერ მოვკლავდი. როგორღაც გაგვქონდა თავი. ვცხოვრობ ქირით და თვეებია, იჯარა გადასახდელი მაქვს. ქუჩაში როდის დავრჩები, არ ვიცი. მერე მოხდა ყველაზე საშინელება -ჩემს მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა, მე- 3 სტადიაში. გარკვეული ანალიზები გავიკეთეთ, მაგრამ ახლა სასწარფოდ მორფოლოგიური და ტომოგრაფიული უწევს. ეს გადამწყვეტია ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. ჩემი მეუღლე ვეღარ სუნთქავს. მას არ აქვს დაზღვევა, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე არ არის. უბრალოდ, ქართველი მეუღლე რომ ვყავარ, მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, რომ ფორმა ასი უნდა წარვადგინო და შეიძლება, მინიმალური დახმარება გამიწიონ ერთი თვის ვადაში. თუმცა, ეს პასუხიც საალბათოა. ოპერაციამდე კი ყველაზე მნიშვნელოვანია თანხის შეკრება და ტომოგრაფიის გადაღება. ასევე მორფოლოგიური ტესტის აღება ბიოფსიის თანხლებით. სანამ თანხას არ გადავიხდი, ტესტის გაკეთებას არავინ დაიწყებს. ძალიან მიჭირს! უკვე ემოციურად ძალიან ცუდად ვარ. ამდენმა პრობლემამ და გაუსაძლისმა სიტუაციამ დამღალა. ვცდილობ, დეპრესიაში არ ჩავვარდე. ოპერაციას 6000 ლარამდე სჭირდება. ექიმმა მითხრა, თუ ტომოგრაფიის პასუხი და მორფოლოგიური ტესტის პასუხი არ მეცოდინება, რა თანხა დაგჭირდებათ, ვერ გეტყვით პასუხსო. გამოკვლევების ფულიც კი არ გვაქვს და ოპერაციაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩვენი მდგომარეობა და დაგვეხმარეთ როგორც შეგეძლებათ. ბევრი ადამიანი გადარჩენილა სიკეთის გაღებით. მადლობა და ველოდები თქვენგან გამოხმაურებას. იქნებ რამით დაგვეხმაროთ“, – წერს 20 წლის ახალგაზრდა დედა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები